დღე: 27

ღამე: 14

USD 2.7376

EUR 3.1061

1921 წლის 12 თებერვალს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, საომარი ოპერაციები დაიწყო 12.02.2023 11:08

1921 წლის 12 თებერვალი – ღამით დივერსანტებმა გაანეიტრიალეს შაგალის ხიდის დაცვა, გადაჭრეს დანაღმული ხიდის კაბელი და თავს დაესხნენ მეორე ბრიგადის მძინარე დანაყოფებს. ბამბაკის ხეობაში ტყვედ ჩავარდა დაახლ. 1.000 ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი (განადგურდა 5 და 8 ბატალიონები, ნაწილობრივ მე-7-ე.). ვრონცოვკის მიმართულებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გვარდიის მეთაურ რ. ჩხეიძეს, მიღებული ზომების შედეგად მოხერხდა თავდასხმის მოგერიება. გარდა დივერსანტებისა, შეტევაში მონაწილეობას იღებდა 11-ე არმიის 96-ე მსროლელი ბრიგადა, 179-ე პოლკი და მე-20-ე დივიზიის ცხენოსანი პოლკი.


13 თებერვალი – გრძელდება შეტაკებები ვორონცოვკის სექტორში, სადაც ბრძოლაში ჩაება წითელი არმიის არტილერია და ცხენოსანი ნაწილები. ქართულმა სარდლობამ სცადა კონტრშეტევა, მაგრამ წარუმატებლად. მოწინააღმდეგემ დაიკავა სოფელი აირუმი.

14 თებერვალი – მძაფრი შეტაკების შემდეგ დაეცა სოფელი სადახლო. ჩხეიძის დაჯგუფება გარმოცვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ბოლნისისკენ დაიხია. ქართული ნაწილები უკუიქცნენ მდინარე ხრამის მიმართულებით.

15 თებერვალი – შტაბში გამართულ თათბირზე ირკვევა რომ სარდლობამ არ იცის რა ხდება ფრონტზე. იოლ გამარჯვებაში საბოლოოდ დარწმუნებულმა ლენინმა გასცა ბრძანება თბილისის აღების შესახებ. ფოილოს ხიდთან განლაგებული ქართული დანაყოფები ამჩნევენ რუსების დიდი კოლონების მოძრაობას წითელი ხიდისკენ და ითხოვენ ხიდის აფეთქების ბრძანებას.

16 თებერვალი – მოწინააღმდეგე დიდი ძალებით უტევს წითელ ხიდთან განლაგებულ სახალხო გვარდიის გურიის ბატალიონს და უკუაგდებს. დასახმარებლად დაძრული თბილისის III ბატალიონი ჩასაფრებაში მოყვა და დაიფანტა. თბილისის I ბატალიონი შემხვედრ ბრძოლაში ანადგურებს მოწინააღმდეგის მეწინავე ნაწილებს და უკუაგდებს მდ. ალგეთს იქით. თუმცა მალევე გარემოცვაში ექცევა და უკან იხევს მდ. ხრამისკენ.
– რუსებმა სცადეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფოილოს სარკინიგზო ხიდის ხელში ჩაგდება, მაგრამ მესანგრეებმა მოასწრეს ხიდის აფეთქება, რომელსაც მტრის რამდენიმე ჯანშანმატარებელი მოადგა. მოგერიებულია ცხენოსნების შეტევა მარცხენა ფლანგზე. ხიდს სახალხო გვარდიის იმერეთის და სამეგრელოს ბატალიონები იცავდნენ.
– წითელი არმია შეტევაზე გადმოვიდა კახეთში, მე-18 ცხენოსანი დივიზიის და 2 ქვეითი პოლკის ძალით. მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობას უწევდნენ სასაზღვრო ჯარების სარდლის, გენერალ სტეფანე ახმეტელაშვილის დანაყოფები: არმიის VI ბატ., გვარდიის კახეთის ბატალიონი და მოხალისეთა საკაველერიო ასეული.
– სამხრეთის ფრონტი მოიშალა და გადარჩენილმა ნაწილებმა მდინარე ხრამთან იწყეს თავმოყრა.
– მთავარსარდლად დაინიშნა გ. კვინიტაძე
– ფ. მახარაძემ საქართველოს რევკომის სახელით ოფიციალურად დახმარება სთხოვა რუსეთს. შეიქმნა ე.წ. “შულავერის კომიტეტი”.

17 თებერვალი – თბილისში იძახებენ ყველა თავისუფალ ბატალიონს: არმიის IV ბათუმიდან, X ახალციხიდან, XI ახალქალაქი, XII არდაგანი, გვარდიის ქართლის I და II, ახალციხის და ბათუმის ბატალიონები.
–ორხევი-ლილოს მიმართულებაზე მოძრაობდნენ არმიის და გვარდიის ცხენისანი დივიზიონები.
–დ. ჭავჭავაძეს დაევალა ახალი ცხენოსანი დივიზიონის ფორმირება. სურამის უღელტეხილზე გაიგზავნა მესანგრეთა დანაყოფი.
– თბილისში შეიქმნა “მოხალისე მცველების” დანაყოფები, რომლებიც წესრიგის დაცვაზე ზრუნავდნენ. მოხალისედ ჩაეწერა ორგანიზაცია შევარდენის, უნივერსიტეტის და გიმნაზიების ბევრი მოსწავლე.
– მოწინააღმდეგემ აიღო ლაგოდეხი. სხვა მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები არ წარმოებდა.
– თბილისში ჯგუფ-ჯგუფად შემოდიან ხრამიდან უწესრიგოდ უკუქცეული დანაყოფები.

18 თებერვალი ¬_ იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს. უკვე 19 თებერვალს ¬_ მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ.

19-20 თებერვალს _ სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.

20 თებერვალს ¬_ კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.

21 თებერვალი – მოგერიებულია წითლების შემოტევა სოფელ ტაბახმელაზე. შუადღისას კონტრშეტევაზე გადასულმა ქართულმა ნაწილებმა დაიკავეს სოფლები კუმისი და წალასყური. ტყვედ ჩავარდა 60 წითელარმიელი, ალაფის სახით დაგვრჩა 8 ტყვიამფრქვევი და ბევრი ვაზნა.
– ლილოს ფრონტზე (ა. ჯიჯიხია) სახალხო გვარდიის 7 ბატალიონი შეტევაზე გადავიდა და 10 კილომეტრით დაახევინა წითლებს. აქტიურად იბრძოდა ცხენოსანი დივიზიონი.
– 11-ე არმიას დაევალა თბილისის აღების ახალი გეგმის შემუშავება.
– დარიალის მიმართულებაზე წერეთლის ჯგუფმა (დარიალის მესაზღვრეთა რაზმი, სახალხო გვარდიის დუშეთის ბატალიონის ნაწილი და მოხალისეები) მოიგერია წითელი არმიის შეტევა.

22 თებერვალი – წითლების ცხენოსანმა დივიზიამ XII ბატალიონის ნაწილთან შეტაკების შემდეგ აიღო მანგლისი. წყნეთის გზაზე შემხვედრ ბრძოლაში მოხერხდა შეტევის მოგერიება. წყნეთში გაიგზავნა გვარდიის ერთი ბატალიონი.
– მთიულების ცხენოსანი ესკადრონი (80 კაცი) დაიძრა ნახშირგორის მიმართულებაზე მოწინააღმდეგის დასაზვერად.
– ტაბახმელას ფრონტზე ადგილობრივი მნიშვნელობის პოზიციური ბრძოლაა.
– გაგრა. 31-ე დივიზიამ აფსუა კომუნისტების დახმარებით შემოუარა ქართულ გამაგრებულ რაიონს (“რესპუბლიკის ფარი”) მთებიდან და შეიჭრა გაგრაში.
– დარიალი. წერეთლის რაზმმა ააფეთქა ხიდი და მოიგერია შემოტევა.

23 თებერვალი
– სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით. 17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ- საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო.

24 თებერვალი_ საღამოს 10 საათზე, მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. შექმნილ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ბრძოლების გამართვას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან ს. ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: ‘’თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!’’ თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. თვითონ დამფუძნებელ კრებას, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია. ამრიგად, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო გახდა რუსეთის ინტერვენციის მსხვერპლი, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა. რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით. დემოკრატიულ საქართველოში, კომუნისტური ტირანიის დამყარებამ უდიდესი წინააღმდეგობის კერები წარმოშვა შემდგომში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge