დღე: 30

ღამე: 18

USD 2.7236

EUR 3.1882

"სტრასბურგის სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი" - შალვა პაპუაშვილ 17.02.2023 15:01

სტრასბურგის სასამართლომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ყველანაირ პოლიტიკურ შეფასებაზე უფრო ძლიერი შეფასება მისცა - სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის მიხედვითაც „2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო“.

 

მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით აჩვენა წამების ფაქტები, რაც ისტორიის ნაწილია და რომლის გადაწერასაც ითხოვს პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, „როდესაც ამბობენ, რომ დამნაშავის დასჯას უნდა ვუწოდოთ ვენდეტა“.

 

„გარკვეულად ბედისწერის საკითხია - ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, სადაც სააკაშვილს დევნილობაში მყოფ ადამიანს უწოდებენ, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა და რომლის მიმართაც არა კანონი აღსრულდა, არამედ პირადი ვენდეტა, რამდენიმე საათი იყო გასული, რომ ევროპის ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის ინსტიტუციამ, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო გულაგების პრეზიდენტი. თქვა, რომ მან შექმნა სისტემა, სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ეს იყო არა ცალკეული შემთხვევები, არამედ, სისტემური. ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი პასუხი იყო ამ რეზოლუციაზე, ყველანაირ პოლიტიკურ შეფასებაზე უფრო ძლიერი შეფასება მისცა სტრასბურგის სასამართლომ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.

 

ამასთან, ახლახან ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge