დღე: 17

ღამე: 9

USD 2.5762

EUR 2.7717

"ვაშინგტონი ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სიტუაცია და „შავი ზღვა ნატოს ტბად გადააქციოს" 17.03.2023 15:38

თურქული გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ორი სტრატეგია შავ ზღვაზე“ (ავტორი - მეჰმედ-ალი გიულერი, პოლიტიკური მიმომხილველი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: 

 

„აშშ-ის უპილოტო საფრენის აპარატის MQ-9ის კატასტროფა, კვლავ დაძაბა სიტუაცია შავი ზღვის რეგიონში. ვაშინგტონი დრონის ჩამოვარდნას მოსკოვს აბრალებს, მოსკოვი ვაშინგტონს რუსეთის საზღვრებთან საჰაერო დაზვერვის ორგანიზებაში ადანაშაულებს. როგორც აშშ-ის თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კირბი ამბობს, „შავი ზღვა აცერთ კონკრეტულ სახელმწიფოს მთლიანად არ ეკუთვნის. ამერიკა კვლავ გააგრძელებს შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში და საჰაერო სივრცეში ფრენებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების მიზნით მსოფლიოს ამ ნაწილში“. 

 

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ვაშინგტონი ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს სიტუაცია, რომელიც სსრ კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა, ანუ „შავი ზღვა ნატოს ტბად გადააქციოს“. დღეისათვის რეგიონში, თურქეთის გარდა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის წევრები არიან რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო პარტნიორები კი - უკრაინა და საქართველო, ანუ შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნიდან ხუთი პრაქტიკულად ნატოელია, მეექვსე - რუსეთი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.

 

ამრიგად, აშშ ცდილობს სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს შავ ზღვაზე, რომელიც ერთადერთ ზღვას წარმოადგენს, სადაც ამერიკას თავისუფლად შესვლა არ შეუძლია. ვაშინგტონს ევრაზიის ამ მნიშვნელოვან რეგიონში თავისი წესების დამყარება სურს.

 

რა უშლის ხელს ამერიკას დაბრკოლების გარეშე შევიდეს შავ ზღვაში?

 

რა უშლის და მონტრეს კონვენცია.

 

1936 წელს შვეიცარიის ქალაქ მონტრეში ხელი მოეწერა საერთაშორისო კონვენციას ბოსფორ-დარდანელის სრუტეების სტატუსის შესახებ, რომლის ძალითაც ამერიკას, როგორც არა შავიზღვისპირა ქვეყანას, ეკრძალება შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივი (განუსაზღვრელი)  დროით ყოფნა. შეზღუდულია აშშ-ის კუთვნილი გემების დროებითი შესვლაც, რაც დამოკიდებულია რაოდენობაზე და ტონაჟზე. 

 

სხვათა შორის, ამერიკა, როცა მას აწყობს, მონტრეს კონვენციის დებულებებს იცავს, ზოგჯერ კი აცხადებს, რომ „შავი ზღვა არავის არ ეკუთვნის, ის საერთაშორისო ზღვას წარმოადგენსო“. ამ შემთხვევაში თურქეთი ამერიკას შეახსენებს, რომ ანკარას აქვს დავალებული კონვენციის შესრულება და სწორედ თურქეთი აკონტროლებს სრუტეებში ცურვისა და შავ ზღვაში შესვლა-გამოსვლის რეჟიმს, კონვენციის მიხედვით.

 

ანკარა თვლის, რომ ვაშინგტონის მიზანი შავ ზღვაში მთლიანობაში თვითონ მისსავე მიდგომებს ეწინააღმდეგება. მიუხედავად ისეთი ადმინისტრატორების არსებობისა, როგორიც რეჯეფ ერდოღანია, რომელიც დროდადრო ნატოს შავი ზღვისაკენ უხმობს, თურქეთი მაინც იცავს ბალანსს რუსეთთან მიმართებით.

 

აი, სიტყვები, რომლებიც ყველაზე უკეთესად გადმოსცემს თურქეთის სტრატეგიას შავი ზღვის მიმართ: „შავი ზღვის საკითხი ისეთი საკითხია, რომელიც მხოლოდ შავიზღვისპირა სახელმწიფოების გადასაწყვეტია“. ეს სიტყვები თქვა თურქეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ილკერ ბაშბუგმა 2008 წელს.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაშინ როცა ამერიკა აცხადებს, შავი ზღვა არავის არ ეკუთვნისო, თურქეთი ამტკიცებს, რომ შავი ზღვა მხოლოდ შავზღველებს ეკუთვნით. ანკარის პოზიცია სრულად ეფუძნება მონტრეს კონვენციას. [წერტილი].

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ