დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian 21.03.2023 15:58

ბრიტანულ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როცა აშშ ახლო აღმოსავლეთს ბომბავდა, მოკავშირეთა ინტერესებს არ იზიარებდა. ასევე მოხდება უკრაინის შემთხვევაშიც - კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია“ (ავტორი - რანდიპ რამეში).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

ერაყის მეორე ომიდან ორი ათეული წლის შემდეგ, შეერთებული შტატები ბურბონთა დინასტიის მეფეებივით იქცევა, რომლებსაც, მართალია, არაფერი დავიწყებიათ, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ ისწავლეს. ერაყში უკანონო შეჭრა და ქვეყნის ოკუპაცია ვაშინგტონის გეოპოლიტიკური მარცხს და შიდაპოლიტიკურ კატასტროფას წარმოადგენდა. ამ ომის დაწყების უგუნურ გადაწყვეტილების მიზეზთა ძიებისას აშშ-ის გლობალური ჰეგემონიის სტრატეგია უნდა გავითვალისწინოთ, რომელსაც ამერიკა 1945 წლიდან ახორციელებს.

 

ამერიკამ თავისი ძალისხმევა მსოფლიოში უკონკურენტო უპირატესობის მისაღწევად მიზნით „ტერორიზმთან ბრძოლით“ შენიღბა. ვაშინგტონმა მიზნად დაისახა მსოფლიოს სამ რეგიონში დომინირება - დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ამერიკამ თავის მიზანს თითქმის მიაღწია, მაგრამ, როგორც ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, როცა ერთი დიდი სახელმწიფო ძალიან ძლიერ ხდება, ის საბოლოო ჯამში მარცხდება სხვა დიდი სახელმწიფოების კოალიციის მეშვეობით. 

 

როცა ამერიკამ ერთპოლუსიანი მსოფლიო ჩამოაყალიბა, მას სხვა დიდმა ქვეყნებმა - რუსეთმა და ჩინეთმა წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველმა რუსეთმა დაიწყო ამერიკის დომინირებასთან ბრძოლა, როცა უკრაინას შეუტია, შემდეგ კი მას მომხრეებიც გამოუჩნდნენ: ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ირანი და სხვა ქვეყნები (ე.წ. „გლობალური სამხრეთი“) კრემლს დასავლური (ამერიკული) სანქციების გადალახვაში ეხმარებიან.

 

ამერიკის ხელისუფლების კაპრიზული და ეგოცენტრული ბუნება კარგად იციან როგორც მისმა მეგობრებმა, ასევე მტრებმაც. აი, მაგალითები: ვაშინგტონი მზად იყო მიეტოვებინა ძველი მოკავშირეები - საფრანგეთი და გერმანია, თუ ისინი მხარს არ დაუჭერდნენ ამერიკის არმიის ერაყში შეჭრას. თეთრმა სახლმა მათ თითქმის ულტიმატუმი წაუყენა - „ან ჩემთან, ან ჩემს წინააღმდეგ“. წლების განმავლობაში ამერიკა სარგებლობას იღებდა ერაყული ნავთობით... საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ერაყში დღეს, ფაქტობრივად, ირანი დომინირებს, ხოლო იქ მყოფი ოდესღაც მრავალრიცხოვანი ამერიკის არმიისაგან მხოლოდ ერთი სიმბოლური ქვედანაყოფი დარჩა. 

 

ამერიკა არასოდეს კარგავს მსოფლიოს შერიფად ყოფნის სურვილს, მაგრამ შედეგები  წინააღმდეგობრივია. 2011 წლის „არაბული გაზაფხულის“ ფონზე, როცა ბარაკ ობამამ ლიბიაში ჯარები გაგზავნა, ყურადღება არ მიუქცევია გერმანიის ნეგატიური დამოკიდებულებისათვის. საბოლოოდ კი რა მიიღო ვაშინგტონმა ლიბიაში? შედეგი საყოველთაოდ ცნობილია. კიდევ ერთი მაგალითი: 2021 წელს ამერიკამ ისე მოულოდნელად გაიყვანა თავისი ჯარები ავღანეთიდან, რომ მისი მოკავშირეები სახტად დარჩნენ. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება განსაკუთრებით შოკური აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთისთვის, რომელმაც კოალიციურ ძალებში მონაწილეობის დროს ავღანეთში ცოცხალი ძალის საკმაოდ დიდი დანაკარგები განიცადა. ბუნებრივია, ლონდონმა ნეგატიური პოზიცია გამოხატა, მაგრამ ვაშინგტონმა ის უადგილოდ ჩათვალა.

 

ერაყის დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა უკრაინისათვის გაფრთხილება უნდა იყოს: [კიევმა უნდა იცოდეს, რომ] აშშ-ის პოლიტიკაში უპირატესობა ენიჭება წარმატების მოპოვებას და მის მისაღწევად ვაშინგტონი მზადაა ყველანაირ მორალური კანონი დაარღვიოს, მისთვის მორალის დაცვა სავალდებულო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა უკრაინას „ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას“ უცხადებს, მაინც არსებობს შინაგანი მუხრუჭები იმისა, რომ ამერიკა უკრაინაში ცოცხალ ძალას არ გზავნის (ახსოვს ერაყის ნეგატიური გამოცდილება). ჯო ბაიდენი ვერ ნახავს იმას, თუ როგორ იბრძოლებენ ამერიკელი ჯარისკაცები რუსების წინააღმდეგ - იმიტომ, რომ მან იცის: ჯარის გაგზავნა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს ნიშნავს. ამიტომაც კიევს ვაშინგტონის ბოლომდე მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ უკვე ცნობილი გახდა ამერიკელი ჩინოვნიკების გეგმები, თუ როგორი წესრიგი უნდა დამყარდეს აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე. უკრაინა ნერვიულობს, რომ აშშ-ის მიერ შემუშავებული სავარაუდო ზავის პირობები რუსეთის მიმართ ტერიტორიულ დათმობას ითვალისწინებს.

 

ვაშინგტონმა რუსეთ-უკრაინის ომში გარკვეულწილად უკვე მიაღწია სამ ძირითად საგარეო პოლიტიკურ მიზანს: პირველი - ვლადიმერ პუტინი ევროპელთა თვალში გარიყულია, მეორე - ამერიკამ რუსული გაზი ევროპიდან გააძევა, მესამე - გერმანია, როგორც ევროკავშირის ეკონომიკური ლოკომოტივი, რუსული იაფი გაზის გარეშე დასუსტებულია, ანუ ევროკავშირი ქედმოხრილი იქნება აშშ-ის წინაშე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ამერიკამ უკრაინას „ფეხებიდან ხალიჩა არ უნდა გამოაცალოს“, თუმცა...

 

ისტორია გვასწავლის, რომ ამერიკა უპირატესობას არასრულფასოვან ზავს უფრო ანიჭებს, ვიდრე მუდმივ ომს. ჯო ბაიდენს, რომელიც თავის დროზე ერაყში შეჭრის მომხრე იყო,  არ დავიწყებია, თუ როგორ მოვიდა ბარაკ ობამა ხელისუფლებაში - ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით. შესაბამისად, იგი იძულებული იქნება გვერდზე მიიხედოს და რესპუბლიკელთა კანდიდატებს მოუსმინოს, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის დაცვა აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებში არ შედის. უკრაინამ ომში რომც გაიმარჯვოს, ქვეყანას აღდგენა ხომ სჭირდება? აღდგენა კი უამრავ ფულს მოითხოვს. ბუნებრივია, უკრაინის აღდგენაზე რუსეთის ცენტრალური ბანკის ის აქტივებიც დაიხარჯება, რომლებიც ამჟამად „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის ხელშია (დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი), მაგრამ ეს არასაკმარისია...

 

ვაშინგტონი ასევე არ მოისურვებს, რომ მის მიმართ დედამიწის მნიშვნელოვან ნაწილზე საზოგადოებრივი აზრი [ნეგატიური] დარჩეს. ერაყმა აჩვენა, რომ საერთაშორისო პოლიტიკა არ არის „ჯვაროსნული ლაშქრობა“ - სიკეთის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრამ დასავლეთის სოლიდარობა აღადგინა, მაგრამ ვაშინგტონმა თავი არ უნდა დაირწმუნოს იმაში, რომ ამერიკული ჰეგემონიის გლობალური ტრიუმფი მისთვის ისევ ხელმისაწვდომია.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ