დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

თბილისი მერია აპლიკაციას „ფიქს თბილისი“ შექმნის 22.03.2023 11:06

თბილისის მერია, კერძოდ, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მუშაობს პროექტზე „ფიქს თბილისი“- ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს.

 

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ეს იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიკური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე რეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება.

 

„მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი. ეს ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.

 

საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა ამ აპლიკაციის ამუშავება, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა და აქამდეც ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა მასზე ოპერატიული რეაგირება. ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ეს აპლიკაცია და თქვენთან - მოქალაქეებთან ერთად გვეზრუნა თითოეული პრობლემის მოგვარებაზე.

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიულები და ამასთან, გავზარდოთ ნუსხა იმ საკითხებისა, რომლის დაფიქსირებას შეძლებს მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით“, - განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

 

„აპლიკაცია ამოქმედდება პირველი მაისიდან და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დააფიქსიროს პრობლემა რომელიმე კატეგორიაში, ატვირთოს ფოტო, დაურთოს დამატებითი ტექსტური ინფორმაცია პრობლემის უკეთ აღწერის მიზნით და მასზე რეაგირება დაიწყება ოპერატიულად, შესაბამისი სამსახურის მიერ.

 

აპრილში ჩვენ წარვადგენთ ამ აპლიკაციას ფართო საზოგადოების წინაშე, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას მისი გამოყენების პირობების შესახებ და გაჩვენებთ ვიზუალურად. ჩვენი მოლოდინია, რომ აპლიკაცია, მისი ამოქმედების პირველ ეტაპზე, მნიშვნელოვნად დაიტვირთება მოთხოვნებით და ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეცდებით გავუმკლავდეთ მას.

 

ვიმედოვნებ, აღნიშნული აპლიკაციის დახმარებით, კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება მუნიციპალიტეტის რეაგირება პრობლემებზე და მოსახლეობასთან ჩვენი კომუნიკაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ