დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek 22.03.2023 14:34

ამერიკულ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?“ (ავტორი - დენიელ ბუში, კორესპონდენტი თეთრ სახლში).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის თბილი მიღება კრემლში მთელ მსოფლიოს აჩვენებს იმას, რომ პეკინი ისწრაფვის მიიღოს გლობალური შუამავლის, მომრიგებლის ფუნქცია საერთაშორისო არენაზე, სულ უფრო მეტად ჩაერთოს სხვადასხვა რთული პრობლემების მოგვარების პროცესებში. ასეთი ნაბიჯით ჩინეთი ცდილობს ამერიკის ჩანაცვლებას, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიის „უპირობო ლიდერის“ სახელით სარგებლობს.

 

„ჩინეთი დაინტერესებულია იმით, რომ მსოფლიოს აჩვენოს - ამერიკის შეერთებულ შტატებს ალტერნატივა აქვს“, - თვლის თომას გრემი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი უფროსი მრჩეველი რუსეთის საკითხებში, რომელიც ამჟამად იელის უნივერსიტეტში რუსეთის შემსწავლელ პროექტს ხელმძღვანელობს. მისი აზრით, სი ძინპინის ვიზიტს ვლადიმერ პუტინისთვისაც მნიშვნელოვანი „სიმბოლური დატვირთვა“ აქვს, უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით.

 

ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო არენაზე გარიყული აღმოჩნდა, იგი პარიად გადაიქცა. ომმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი გახდა. გასულ კვირას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო უდანაშაულობების გამო. თუმცა სი ძინპინის ვიზიტმა ცხადყო, რომ დასავლეთის ნეგატიური ანტირუსული პოზიციის ფონზე, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა სულ უფრო მჭიდრო ხდება.

 

ამას წინათ ჩინეთი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ინიციატივით გამოვიდა - წამოაყენა 12-პუნქტიანი პოზიცია, რომლის მთავარი დებულებაა „სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა“, თუმცა დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ გეგმას, თუ როგორი მექანიზმით უნდა განხორციელდეს პეკინის ინიციატივა. „ეს დოკუმენტი საკმაოდ ბანალურია, ის არ შეიცავს არავითარ კონკრეტიკას, რაც შეიძლებოდა ომის შესაწყვეტად სერიოზული განხილვისა და მოლაპარაკების საფუძველი გამხდარიყო“, - თვლის თომას გრემი.

 

თავის მხრივ, კიევი აცხადებს, რომ უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე მანამ, სანამ რუსეთი თავის ჯარს არ გაიყვანს უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან, ყირიმის ჩათვლით.

 

აშშ-მა არ დააყოვნა და ჩინეთის ლიდერის მოსკოვური ვიზიტის მიმართ თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატა: ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ჯონ კირბის თქმით, ჩინეთი, ალბათ, შეეცდება ისარგებლოს რუსეთში ვიზიტით, რომ გავლენა მოახდინოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკების დაწყებაზე - თანაც თავისი კარნახით. ეს პოზიცია რუსეთისათვის მომგებიანი იქნება - კრემლი დაპყრობილ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.

 

ჯონ კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რაც აშკარად მოწმობს პეკინისა და მოსკოვის პოზიციების სიახლოვეს: „ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ისინი გაღიზიანებულნი არიან აშშ-ის ლიდერობით. ჩინეთი აქტიურადაა დაკავებული თავისი გავლენის გავრცელებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

 

პეკინმა მართლაც მიაღწია მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებას - ამას წინათ პეკინში შეხვედრის დროს  ირანი და საუდის არაბეთი, რომლებიც ცოტა ხნის წინათ დაუძინებელ მტრებად ითვლებოდნენ, ერთმანეთთან შეარიგა, რაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის წინამძღვრებს ქმნის. სხვათა შორის, პეკინის პოზიტიური როლი მხარეთა შერიგებაში მსოფლიოსათვის ერთგვარ სენსაციად იქცა - ეს ხდება იმ რეგიონში, სადაც ამერიკა, ტრადიციულად, ათწლეულების განმავლობაში, წამყვან როლს ასრულებდა.

 

„ჩინეთმა თითქოსდა ფეხი შედგა ამერიკის ტრადიციული გავლენის ტერიტორიაზე, სადაც ვაშინგტონი ყოველთვის მთავარი შუამავლის როლში გამოდიოდა“, - ამბობს შადი ჰამიდი, ბრუკინგსის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - „ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთი არ ცდილობს „კარგად მოიქცეს“ და არ დაემორჩილება ამერიკის ნებას - შეასრულოს მისი მითითებები“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ