დღე: 32

ღამე: 17

USD 2.8693

EUR 3.0991

„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა 31.03.2023 16:09

შვედეთის ყველაზე მრავალტირაჟიან ყოველდღიურ გაზეთ „დაგენს ნიჰეტერში“ (Dagens Nyheter) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ: მათ ევროკავშირში გაწევრიანება უნდათ, საქართველო კი ჯერ-ჯერობით მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“, რომლის ავტორი ანალენა ლორენი საქართველოში იმყოფებოდა.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

„ზოგჯერ, როცა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ვმოგზაურობ, ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი იქნებოდა ფინეთი დღეს, მისი ტერიტორია რომ 1944 წელს საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო. იქნებოდნენ თუ არა ფინელი პოლიტიკოსები პოპულისტები და შეთქმულების თეორიების მოყვარულნი? გააშავებდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს პოლიტიკური დებატების დროს? დააბრალებენ თუ არა ერთმანეთს რუსეთის გავლენის აგენტობას და ჯაშუშობას?

 

თბილისში, რონდელის ცენტრის ცენტრის კონფერენც-დარბაზში ვარ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ფინანსდება. ვესაუბრები კახა გოგოლაშვილს, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის კვლევის განყოფილებას ხელმძღვანელობს. იგი უკმაყოფილოა საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაციით: ხელისუფლება ნეგატიურადაა განწყობილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომელთა საქმიანობა უცხოეთიდან ფინანსდება: „საქართველო შვედეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თქვენთან და საერთოდ, ჩრდ. ევროპის ქვეყნებში სოციალურ პრობლემებს, ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობის მოქალაქეებისადმი დახმარებას ადგილობრივი ადმინისტრაციები წყვეტენ, საქართველოში კი დასავლეთის გარეშე მსგავსი საკითხების მოგვარება შეუძლებელია“, - ამბობს იგი.

 

„მე ყოველთვის ვცდილობდი საქართველოს იმიჯის ბალანსირებას, როცა ევროპელ დიპლომატებს ვხვდებოდი. ვამბობდი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქართველოს ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ. მაგრამ დღეს, სამწუხროდ, ასე აღარ ვფიქრობ. ვატყობ, რომ ხელისუფლება განგებ და წინასწარგანზრახულად ანელებს ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

 

ერთი წლის წინ სიტუაცია უფრო პოზიტიურად გამოიყურებოდა: საქართველომ განაცხადი წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, უკრაინისა და მოლდოვას კვალდაკვალ. ოპტიმიზმი დიდი იყო, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრით სიტუაცია მოულოდნელად ხელსაყრელი გახდა: ომმა ევროკავშირი აიძულა მეტი ყურადღება გამოეჩინა პერიფერიაში მდებარე იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, რომლებიც პროევროპულად იყვნენ განწყობილნი. მოკლედ, ის დრო დადგა, როცა ამბობენ ხოლმე - „რკინა სანამ ცხელია, მაშინ უნდა გამოჭედოო“.

 

მაგრამ საქართველოსთვის მიღების პროცესი შეჩერდა: უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი გაინაღდეს, საქართველოს კი არ მისცეს. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურია.

 

„მოლდოვა ჩვენზე ღარიბი სახელმწიფოა, უკრაინაში კი კორუფცია მეფობს. და მაინც, ამის მიუხედავად, ევროკავშირმა, ჩვენთან შედარებით, უპირატესობა მათ მიანიჭა - იმიტომ, რომ მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადვილია. ევროკომისია არ ენდობა საქართველოს მთავრობას და იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ. ამ საკითხში კატალიზატორის როლი შეასრულა კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მმართველი პარტიის მხარდამჭერმა დეპუტატებმა შეიმუშავეს და რომელიც ფაქტობრივად, რუსული ანალოგიური კანონის ასლს წარმოადგენს. სამდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა კანონპროექტი საპარლამენტო განხილვიდან მოეხსნა და უკან გაეტანა“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

 

საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ პრორუსული პარტიის რეპუტაცია აქვს, რაც მის დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება - რუსეთის ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მთელი თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. თავისი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით ბოლო დროს „ქართული ოცნება“ არასამთავრობო სექტორის გაკონტროლებასაც შეეცადა - ისეთებისას, რომლებიც მთავრობის საქმიანობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, მაგალითად, „ღია საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ზემოთ ხსენებული კანონპროექტის მიხედვით, მათ მიაწებებდნენ უცხოური აგენტების იარლიყებს.

 

გიორგი ჩიტიძე, რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილ ფონდში „ღია საზოგადოება - საქართველოში“ მუშაობს, ამბობს, რომ მსგავსი საკითხი პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროსაც არსებობდა, თუმცა დღეს იგი აშშ-სათვის და საერთოდ, დასავლეთისათვის გმირს წარმოადგენს. როცა იგი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააპატიმრა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის შარავანდედი დასავლეთში უფრო გაბრწყინდა.

 

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით, თითქოსდა მოჯადოებულ წრეში ვართ. ყველა მთავრობა ერთნაირ შეცდომებს უშვებს: ჯერ რეფორმებს გვპირდებიან, შემდეგ კი, როცა დაპირებას არ ასრულებენ და მათ კრიტიკას ვიწყებთ, უკმაყოფილებას გამოხატავენ და ჩვენთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ. სწორედ ასეთ დროს ცდილობენ გვიწოდონ აგენტები და ქართველი ხალხის მტრები“, - ამბობს გიორგი ჩიტიძე.

 

საქართველოში, საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურია ისეთ საკითხებში, როგორიცაა გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური სექტორი. „საქართველოს ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მცირე ყურადღება ექცევა სოციალურ უზრუნველყოფას, ისეთი ლიბერტარიანული იდეალებით, როგორიც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში არსებობენ.

 

„ჩვენი ინსტიტუტები სუსტია, საზოგადოება მთავრობის მიერ კონტროლდება. ოპოზიციას მოსახლეობა არ ენდობა, მასმედია პოლარიზებულია. ჩვენი მრავალპარტიული სისტემა არ მუშაობს. ჩვენთან არ არსებობს ხელისუფლების გაყოფის პოლიტიკური კულტურა. ამ ყველაფერს კი იქამდე მივყავართ, რომ მხოლოდ მოქალაქეთა არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ იმ ერთადერთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთადერთი საშუალებაა, რომ რიგითმა მოქალაქემ ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს. აი, რატომ არ მოვწონვართ მათ, ვინც ხელისუფლებაში იმყოფებიან“, - ამბობს გიორგი ჩიტიძე. 

 

„ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ გამოთქმული შეფასება ეხება მოლდოვასა და უკრაინაში შექმნილ ანალოგიურ სიტუაციასაც, რომელთა მიმართ  ევროკავშირს ადრე თუ გვიან იგივე პრობლემები გაუჩნდება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ