დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ქალი და პოლიტიკოსი, - ნინო ბურჯანაძის პორტრეტი 24.04.2018 14:47

კარზე კაკუნი.

 

- მობრძანდით, - ოთახის სიღრმიდან გაისმა.


კარი შევაღეთ. ნათელ ფერებში გაწყობილ კაბინეტში, პირველივე შესვლაზე, მის ზურგს უკან, წიგნების სიჭრელეს წააწყდებით. სამუშაო მაგიდაზე უამრავი ნივთია, დროშები, საწერი კალმები, კომპიუტერი, იასამნის თაიგული... ინტერიერი მყუდრო, ყავისფერ ფერებშია გაწყობილი. 

 

ხელი რბილად, მაგრამ ძლერად ჩამომართვა, გამიღიმა.  შეხედავთ, თუ არა „ძლიერი ქალის“ იმიჯს წააწყდებით. სწორად შერჩეული სამკაული, სამოსი, ვარცხნილობა, საქმიანი იმიჯი, - კარგი კუთხით წარმოაჩენს და დადებით ემოციებს იწვევს ადამიანებში. მკვეთრად საუბრობს, მიზანმიმართულად და დიპლომატიურად. თავდაჯერებულია საკუთარ ძალაში და სიმართლეში - დარწმუნებული.


„რთული ხასიათი არ მაქვს, თუმცა, ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების ნაწილს ასე არ მიაჩნია... ჩემი შვილები თვლიან, რომ მკაცრი დედა ვარ.“- აცხადებს ,,ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში და უცებ იხსნება, რითაც, უფრო მეტად ჩანს მისი შინაგანი სამყარო,  პოლიტიკური და პირადი ცხოვრება, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

 

ნინო ბურჯანაძე, - როგორც ქალი და პოლიტიკოსი

 

საკუთარი თავის დახასიათება საკმაოდ რთულია და არასდროს მიფიქრია ამაზე. ვარ ადამიანი, რომელსაც გამძაფრებული პასუხისმგებლობა აქვს. პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი თავისა და ვალდებულებების, ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, მტრისა და მოყვარის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ  პოლიტიკოსი ვარ, არჩეული მაქვს ისეთი პროფესია, სადაც ადამიანი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას, არა მარტო საკუთარი თავისა და ახლობლების წინაშე, არამედ, ოპონენტებისა და ზოგადად ქვეყნის მიმართ. არ ვარ ზარმაცი, პირიქით. თუ მეზარება რაღაცის კეთება, ვთვლი, რომ ეს გასაკეთებელია და აუცილებლად ვაკეთებ. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, თუ საჭიროა, ე.ი. უნდა გაკეთდეს. არ აქვს ამას მნიშვნელობა, - ავად ხარ, დაღლილი, გეზარება, მოგწონს თუ - არა. არასოდეს მრცხვენია კითხვის დასმა, თუ არ ვიცი რამე, ან რაიმეს დაზუსტება მინდა. არასოდეს მრცხვენია, რომ ვისწავლო, რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო. ვთვლი, ამაშია ყველა ნორმალური ადამიანის ძალა, რომ არ გეშინოდეს იმის თქმის, რაც არ იცი... ვთვლი, რომ ვარ საკმაოდ ყურადღებიანი ადამიანი ყველას მიმართ, ვისაც ყურადღება იმ კონკრეტულ მომენტში სჭირდება. ვთვლი, რომ ვარ კარგი შვილი, კარგი დედა და მეუღლე. ბუნებრივია, იდეალური არავინაა. არის მინუსები, რაზეც არ ვისაუბრებ. ჩემს უარყოფით მხარეებზე იმდენს საუბრობენ, მე აღარ დავამატებ .

 

ძლიერი და სუსტი მხარე

 

ვფიქრობ, ძლიერი მხარე,  პირველ რიგში ეს არის პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. შემდეგ ის, რომ არ მეშინია შეცდომის აღიარების. არ მეშინია ამ შეცდომის აღიარებაზე ზრუნვისა და სწავლის. კიდევ ის, რომ არ დავთმობ ჩემს პრინციპულ შეხედულებას არაფრის გამო, რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩემთვის.

სუსტი მხარეა ადამიანებთან ურთიერთობა, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან არ მინდა ხოლმე დავიჯერო მათზე ცუდი. როგორც წესი, არ ვცდები ხოლმე ადამიანების შეფასებაში, მაგრამ ყოველთვის ვდილობ, რომ უფრო კარგი მხრიდან შევხედო მათ. თავის მოტყუება და ილუზიები არ არის კარგი, ისეთი პროფესიის ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ.

 

ხასიათი

 

ვთლი, რომ არ მაქვს რთული ხასიათი, თუმცა ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების ნაწილი ასე არ თვლის. ჩემი შვილები თვლიან, რომ მკაცრი დედა ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემისგან ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს, ვთვლი, რომ ის უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მე ვარ მათ მიმართ. ჩემი პროფესიისა და ამ ცხოვრების პირობებში მყოფი, სადაც  უამრავი პრობლემა და  სანერვიულო საკითხია გადასაწყვეტი, როგორ  შეიძლება მარტივი ხასიათი გქონდეს?!  ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ნეგატიური განწყობა ან სირთულეები, ცუდ ხასიათზე ყოფნა, შეძლებისდაგვარად სხვებს თავს არ მოვახვიო. არასოდეს არ მივაყენებ ადამიანს შეურაცხყოფას, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე და გაბრაზებული ვიყო  მასზე. ვცდილობ, რომ შეგნებულად ადამიანს გული არ ვატკინო. გამომდის თუ არ გამომდის, - სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ...

 

 

პროფესია-პოლიტიკოსი

 

პროფესიის არჩევა ბავშობიდან მოხდა. იყო ასეთი ფილმი, საბჭოთა კავშირის ელჩი იყო ქალი კალანტაი, რომელმაც ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში, ღირსეულად დაიცვა მისი ქვეყნის ინეტერესები. საინტერესო იყო ეს ფილმი, მითუმეტეს პატარა ბავშვისთვის, გარკვეულწილად რომანტიულიც. დიდი ხანია არ მინახავს და ახლა, რატომღაც ვიფიქრე, რომ იმ ფილმის ამ თვალით ნახვა ცუდი არ იქნებოდა. ჩემთან ოჯახშიც ხშირად იყო საუბარი პოლიტიკაზე. მამა ისტორიკოსია პროფესიით და ძალიან უყვარს ისტორია, სხვა კუთხით ხედავდა მთელ რიგ მოვლენებს. მერე თავისთავად ჩამოყალიბდა, რომ დამაინტერესა საერთაშორისო ურთიერთობამ, პოლიტიკამ. სწორედ ამან განაპირობა ჩემი პროფესია.

 

პირველი მნიშვნელოვანი წარმატება

 

ასეთი წარმატება ალბათ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაა. პატარა ბავშვისთვის პირველი წარმატებაა,  როდესაც ის პირველ ასოს გამოწერს და მაღალ ნიშანს მიიღებს. ვერ გეტყვით, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება, - ასე არ დამიფიქსირებია. მეტსაც გეტყვით, არანაირი ფორმულა და საიდუმლო არ აქვს მას. ყველა სფეროში წარმატებას ადამიანის მხრიდან სჭირდება დიდი ნებისყოფა და შრომა. მახსოვს, რომ  დედაჩემს არასდროს არ შევუცოდებივარ, როდესაც გვიანობამდე ვმეცადინეობდი და გამოუძინებელი ვიყავი, როცა დილით ვეხვეწებოდი, როგორც ყველა ბავშვი, რომ 5 წუთი კიდევ არ გავეღვიძებინე. იქამდე  მამამაც უთხრა - ვერ გავიგე, როგორ არ გეცოდება, სხვისი შვილი ხომ არ არის, ცოდოა, დაისვენოსო.  ამ მხრივ მამა უფრო მანებივრებდა, დედა - არა. ის ყოველთვის თვლიდა, რომ მაქსიმალური უნდა გამეკეთებინა. თუ ადამიანი თვაისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს,  ის აუცილებლად მიაღწევს წრმატებას.

 

პოლიტიკაში წარუმატებელი ნაბიჯები და მასთან გამკლავების ხერხები

 

პოლიტიკაში, ისევე როგორც ნებისმიერ პროფესიაში, რა თქმა უნდა, წარუმატებლობა შეცდომის შედეგია. ხშირად არის ხოლმე გადაულახავი წინააღმდეგობა, რომლის გადალახვაც, უბრალოდ ფიზიკური ძალით შეუძლებელია. ამის მაგალითია, თუნდაც 26 მაისი, ეს შეიძლება შეცდომა იყო ადამიანური და  ჩემი პოლიტიკური წარმატება-წარუმატებლობის თვალსაზრისით, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეცდომა არ იყო, იმიტომ, რომ ქვეყანას, ნამდვილად გადარჩენა სჭირდებოდა.  მაგრამ ის, რომ ეს აქცია წარმატებით ვერ დამთვარდა, არ იყო იმის ბრალი, რომ ვინც ვიყავით აქციაზე, იმ ადამიანებმა შეცდომა დაუშვეს. ეს იმის ბრალი უფროა, რომ ჩვენს წინაშე გადაულახავი ძალა იყო და ამასთან ბრძოლაში არ დაგვეხმარა ჩვენი თანამემამულეების ის  ნაწილი, რომელიც გვგულშემატკივრობდა, მაგრამ ჩვენს გვერდით შიშისა თუ სხვა მოტივის გამო არ იყო.  იყო სხვა მომენტებიც, რაზეც ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან სხვაგვარად მოვიქცეოდი, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი. ეს ცხოვრების თანმდევია. ყველაფერი რომ ვიცოდეთ დაბადებიდანვე, ცხოვრებაც სხვაგავარი იქნებოდა.

 

 


პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ამპლუა

 

მძიმე, საპასუხისმგებლო და ძალიან რთული იყო, რამდენიმე მომენტის გამო. ერთის მხრივ, გაქვს პრეზიდენტის ფუნქციები და ასრულებ მის მოვალეობას. შენგან ელოდებიან, რომ ამ 45 დღეში ყველაფერი უნდა გააკეთო.  მსმენია კიდეც - აი, ხომ იყავით ქალბატონო ნინო პრეზიდენტი, რატომ არ შეცვალეთ რამე? გეუბნებიან ისეთი რაღაცის შეცვალაზე, რასაც 5 წელი არ ჰოფნის, არა თუ 45 დღე. მოლოდინი დიდია და ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ აი, იმ პერიოდში, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებ, ფუნქციები შეზღუდულია,  იმიტომ, რომ კონსტიტუციურად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობები არის განსხვავებული, მუდმივად არსებული პრეზიდენტისაგან. მე ვიცი ერთი რამ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ორივეჯერ გავაკეთე მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მთავარი, რაც მეამაყება, იმ პრიოდში იყო ის რომ, ქვეყანაში არ მომხდარიყო სამოქალაქო დაპირისპირება და უწესრიგობა. ჩატარებულიყო არჩევნები და ქვეყნისათვის მიმეცა განვითარების შესაძლებლობა. მე ეს გავაკეთე. ჩემთვის ძალიან საამაყო და საპატიოა ის რომ, მაგალითად, 2008 წელს, როდესაც მე მეორედ ვასრულებდი პრეზიდენტის მოვალეობას, შობას  მისმა უწმინდესობამ, დიდი სიურპრიზი გამიკეთა, - წირვაზე სახალხოდ მადლობა გადამიხადა, ქვეყნის გადარჩენისათვის, ჩემი საქმიანობის კარგად წარმართისვის და წმინდა ნიკოლოზის ხატი გადმომცა. ეს იყო ძალიან ძვირფასი საჩუქარი, რაც კი მიმიღია და მნიშვნელოვანი შეფასება ჩემი საქმიანობის.

 

რისკები და პოლიტიკა

 

ჩემი პროფესია ბევრ რისკებს შეიცავს. ნორმალურ ქვეყნაში ეს არის მორალური რისკები, საქართველოში კი, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში იყო ფიზიკური, როდესაც  რეალურად ფიზიკური ძალა დაგვიპირისპირდა და  არაერთხელ. მორალურად ეს არ არის მარტივი პროფესია, იმ თვალსაზრითით, რომ ძალიან ბევრი რამის ატანა გიწევს. ყველაზე მტკივნეულია, როდესაც შენთან და შენს ოჯახთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი სიცრუე, სიყალბე, ცილისწამება, როდესაც ამას კითხულობენ შენი ახლობლები, ხანში შესული მშობლები, შვილები, მეუღლე, მეგობრები და ა.შ. როცა შენს გამო ლანძღავენ შენი ოჯახის წევრებს.  ეს არაერთგზის მოხდა. როდესაც ჩემი პოლიტიკური აქტიურობის გამო ლაფში ამოსვარეს მამაჩემის სახელი. მას შემდეგ, რაც ამ ასპარეზზე გავაქტიურდი, იყო მიზანმიმართული კამპანია მის წინააღმდეგ, რათა ამ გზით ჩემი დისკრედიტაცია მომხადრიყო. იყო ამის მცდელობები ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით, შვილების მიმართაც. რას იზამ. ხომ არ წუწუნებენ იგივე ბოქსიორები, რომ ცხვირში, ან - მწარედ მოხვდათ ხელი ბრძოლის დროს?! ეს სახეობაა სპორტის, თუ არ გინდა ცხვირში მოგხვდეს, მაშინ უნდა იყო მოცურავე. თუ აირჩიე ბოქსიორობა, ე.ი. იცი, რომ ცხვირში მოგხვდება და ხანდახან - ძალიან მწარედაც!  ასეა პოლიტიკაშიც, როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, მზად უნდა იყო იმისათვის, რომ ძალიან ხშირად უსამართლოდაც მოგექცევიან.

 

დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ...

 

პირველყოვლისა, გავაჩენდი მესამე შვილს, აუცილებლად - ეს პირად ცხოვრებაში.  რაც შეეხება პოლიტიკაში, უფრო ხისტი ვიქნებოდი და მკაცრი ცალკეული გადაწყვეტილების მიღების დროს. ვფიქრობ, რომ წაადგებოდა საქმეს.

 

ცხოვრებამ გასწავლათ...

 

ბევრი რამ, სამწუხაროდ ისეთიც, რისი სწავლაც მე მაინცდამაინც არ მინდოდა. მასწავლა ის, რომ ცოტა ადამიანს უნდა ენდო. ეს ძალიან მტკივნეულია, როდესაც ბევრ ღალატს ხედავ შენს ირგვლივ. მასწავლა ის, რაც წაკითხული მქონდა და მეგონა, რომ წიგნებშივე დარჩებოდა. ის, რომ ახლობელმა შეიძლება გიღალატოს, შენს გვერდით ბავშვობიდან მყოფი ადამიანები იყვნენ იმიტომ, რომ ახლა კონკრეტული თანამდებობა გაქვს. ბევრი უარყოფითი დამანახა. თუმცა, მასწავლა, ისიც, რომ არიან პატიოსანი, კეთილშობილი და ერთგული ადამიანებიც, რომელთა გამოც, ცხოვრებას აზრი აქვს.

 

თავისუფალი დრო და საყვარელი საქმიანობა

 

როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, წავიკითხო. რომ მეკითხებიან, - საყვარელი წიგნი თუ გაქვთ ან პერსონაჟი თუ გყავთ, - ვერასდროს ვპასუხობ, რადგან,  ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გიყვარს სხვადასხვა წიგნი. როცა ხარ 10 წლის, - მოგწონს ,,სამი მუშკეტერი“  და შენი საყვარელი გმირი შეიძლება იყოს ათოსი ან დარტანიანი. ხომ არ შეიძლება 50 წლის ასაკში იგივე გმირები და წიგნები გიყვარდეს?!  არის ლიტერატურა, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ, არის ლიტერატურა, რომელიც უფრო რთული წასაკითხია, იგივე პოლიტიკური ტიპის. იმისთვის კი არ კითხულობ, რომ ისიამოვნო, უფრო იმისთვის, რომ ცოდნა აიმაღლო.  მიყვარს ცურვა, თხილამურებზე სრიალი, ყვავილები და მათი მოვლა. მიყვარს ნამცხვრების ცხობა. როცა მაქვს საშუალება, ამას ყველაფერს ვაკეთებ.

 

ცხოვრება10 წლის შემდეგ

 

ძალიან ძნელია განსაზღვრო, როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება და ალბათ რძლები და შვილიშვილები მეყოლება. პოლიტიკურ ცხოვრებაში ვფიქრობ, რომ კვლავ აქტიურად ვიქნები ჩართული. როგორ იქნება განვითარებული საქართველოში პოლიტიკური მოვლენები, ეს მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. ახლა მე ვხედავ, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. პრაქტიკულად, ჭაობშია და ეს ძალიან საშიშია ქვეყნისათვის. ამიტომ, აქტიურად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ მოსახლეობა გამოფხიზლდეს და პოლიტიკურ ჭაობში არ ჩაჰყვეს „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს.

 

ახალი თაობა და ქვეყნის მომავალი

 

დღეს, ძალიან საშიში ვითარებაა ქვეყნაში, ის, რაც ახალი არაა თანამედროვე მსოფლიოში. ეს ყოველთვის ასეა, როდესაც  ქვეყნის მართვას იწყებდა ფული და არა -პოლიტიკური პროცესი, ყოველთვის დამღუპველი იყო.  ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ძალიან ცუდად მოქმედებს საზოგადოებაზეც. დღეს ბევრი ახალგაზრდისთვის მთავარი პრიორიტეტი ფულია. ის თვლის, რომ თუ მას ფული ექნება, ყველაფრეს გააკეთებს. სამწუხაროდ დღევანდელმა ქართულმა რეალობამ ამის საფუძველი მისცა მათ. ისინი ხედავენ, რომ ქვეყანას მართავს არაპროფესიონალი ადამიანი და მართავს იმიტომ, რომ აქვს ფული და მას პატიობენ ყველაფერს, - ხის ამოთხრას, სასამართლო პროცესებს... ხელისუფლებაში და პარლამენტში მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება. მაგრამ მათ უკან დგას ფული და ამიტომ აქვთ მართვის ბერკეტები. ეს ახალგაზრდა ადამიანისთვის ძალიან ცუდი მაგალითია, რომელიც, თავისი ჩამოუყალიბებელი ფსიქიკით ფიქრობს, რომ თუ მას ფული ექნება, მერე მას ექნება ყველაფერი. ეს საშიშია, რადგან, კარგი ადამიანიც კი შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ თვითონაც ვერ შეამჩნიოს. როცა დრო ფულის შოვნაზე გაქვს ფოკუსირებული, მერე ფსიქიკა იცვლება, სიკეთესა და  ადამიანის შინაგან კულტურას ფული ანაცვლებს. ეს არის დამღუპველი ქვეყნისათვის და მე ამას ყველანაირად შევებრძოლები.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ