16-დან 28 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და მულტიმედია ჯგუფ FOR YOU-ს ორგანიზებით, ქართველი ჟურნალისტებისთვის მედიატური მოეწყო. ტურის მიზანს ჩინეთის რესპუბლიკის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებების მიღწევების ქართველი მედიისთვის გაცნობა წარმოადგენდა და მის დაგეგმარებაში, უშუალოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ქალბატონი ლი იანი მონაწილეობდა.
აღნიშნული მედიატური, ასევე, ჩინეთის რესპუბლიკის პოლიტიკის, კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების, ისტორიის, ღირსსშესანიშნაობებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაცნობასა და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
მედიატურში, რომელიც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა, „ჯორჯიან თაიმსიც“ მონაწილეობდა. ცნობისათვის, „ჯორჯიან თაიმსი“ ერთადერთი ქართული მედიასაშუალებაა, რომელიც, ორგანიზაცია BREIP-ის წევრობის ფარგლებში, ყოველდღიურად, ჩინეთის წამყვან საინფორმაციო სააგენტო Xinhua News Agency-ს, საქართველოს ეკონომიკური გარემოს შესახებ, 5-დან 10-მდე ახალ ამბავს უგზავნის.
მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამ ძირითად ქალაქს, - პეკინს, ქუნმინგსა და ნანკინს ესტუმრნენ.
ჩინეთის რესპუბლიკის სიდიდისა და მრავალფეროვნების გამო, ძნელია ის მხოლოდ ერთი მიმართულებით განვიხილოთ. ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანას წარმოადგენს, სადაც, ბოლო მონაცემებით, 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლე ცხოვრობს.
ქვეყანაში, უკვე საიუბილეო 70 წელია, რაც ერთპარტიული სისტემა არსებობს და მმართველ ძალას კომუნისტური პარტია წარმოადგენს. ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი, თიენძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე (ჰონგ-კონგი და მაკაო). ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიო მასშტაბით მეორე ადგილზეა აშშ-ს შემდეგ და ის დღითიდღე იზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე მინიმუმამდეა შემცირებული.
პირველი ქალაქი, რომელიც მედიატურის ფარგლებში ქართველმა ჟურნალისტებმა ჩინეთში მოინახულეს, დედაქალაქი - პეკინი იყო. ვიზიტის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს,-კუო ჭი ძიუნს შეხვდნენ. ოფიციალური ვიზიტისას, საუბარი შეეხო ჩინეთ-საქართველოს პარტნიორულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს:
„ჩინეთის ბაზარი გახსნილია და მზად ვართ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ქართული კომპანიების ჩართულობა . იმედი გვაქვს, რომ ქართველი პარტნიორები მაღალხარისხიანი პროდუქციის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე კიდევ უფრო გაზრდიან. დარწმუნებულები ვართ, რომ თუ ქართული კომპანიები აქტიურად აითვისებენ ჩვენს ბაზარს, უფრო მეტი პროდუქტის ექსპორტს განახორციელებენ“, - განაცხადა კუო ჭი ძიუნმა ქართულ მედიასთან საუბრისას.
უდიდესი მეგაპოლისი - პეკინი, მთავარი სატრანსპორტო კვანძია, უამრავი სარკინიგზო ხაზითა და გზებით. ის ასევე, ჩინეთის საერთაშორისო საჰაერო რეისების მთავარი პუნქტია. პეკინი - ჩინეთის პოლიტიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრიცაა. მაგრამ, ის, რითაც დედაქალაქი გამოირჩევა, - მისი მაღალტექნოლოგიური განვითარებაა.
სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას ემსახურებოდა ქართველი მედიის წარმომადგენლების ვიზიტი სამომხმარებლო ტექნიკის კომპანია - სიაომის შოურუმში. აღნიშნული კომპანია ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, თუმცა, მან უკვე შეძლო მსოფლიო ტექნოლოგიების ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავება და ის ყოველდღიურად ვითარდება, რათა, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, მისი ტექნიკის დამსახურებით, „ცხოვრება კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდეს!“.
ამავე ტურის ფარგლებში ქართველმა ჟურნალისტებმა პეკინში ამანათების დასაგზავნი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია JD. COM, მოინახულეს, რომელიც „ალიბაბას“ კონკურენტად ითვლება.
აღსანიშნავია მედიის წარმომადგენლების ტასინგის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტიც. აეროპორტს 1,4 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობი უკავია, 700.000 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ ტერმინალი მდებარეობს. ზღვის ვარსკვლავის ფორმის მეგა აეროპორტი, სამომავლოდ, წლიურად, 100 მილიონი მგზავრის მიღებას გეგმავს. ის პეკინის ცენტრიდან დაახლოებით 46 კილომეტრშია. შენობაში უამრავი რესტორანი, კაფე-ბარი, მაღაზიები და შოპინგ–ცენტრი ფუნქციონირებს.
ტასინგის აეროპორტის აშენება 2000 წელს გადაწყვიტეს. სამშენებლო სამუშაოები კი 2014 წლიდან დაიწყო. პროცესში 40 000 ადამიანი იყო ჩართული, პროექტი მთლიანობაში დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი დაჯდა.
ქართული მედიის წარმომადგენლები, პეკინში, ასევე ესტუმრნენ ერთ-ერთ წამყვან რადიო და ტელევიზიას, - BTV, რომელიც, უმაღლესი დონის ტექნოლოგიითა და სტუდიებითაა აღჭურვილი და სადაც, 3 000-მდე თანამშრომელია დასაქმებული.
აღსანიშნავია ქართველი მედიის სტუმრობა ჩინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, - არჩილ კალანდიასთან, რომელიც, საქართველოს საელჩოში, თბილ და უშუალო გარემოში შედგა.
მეორე ქალაქი, რომელსაც ქართველი ჟურნალისტები მედიატურის ფარგლებში სტუმრობდნენ, ქუნმინგი იყო.
სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარე უდიდესი ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი - ქუნმინგი, იუნანის პროვინციაში მდებარეობს და პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სატრანსპორტო ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი 21 000 კვ კმ-ს მოიცავს და მისი მოსახლეობა 7.26 მილიონს შეადგენს. ქუნმინგი სუბტროპიკულ ზონაში მდებარეობს და ინდოეთის ოკეანიდან მომდინარე თბილი ტენიანობის გამო, იქ, წლიური ტემპერატურა 15 გრადუსს აღწევს. კარგი ამინდის გამო, ქუნმინგს გაზაფხულის ქალაქსაც უწოდებენ. ბუნებრივი გარემო განაპირობებს იმას, რომ ქალაქი თითქმის ყველა სეზონზე გამწვანებული და აყვავებულია.
ქუნმინგი გამორჩეულია მულტიფუნქციური ტრანსპორტით, - მაგისტრალებით, რკინიგზით, ავიამიმართულებებით, მეტროთი და სხვა. რეგიონისთვის დამახასიათებელია თამბაქოს, ჩაის, ყვავილების, ბოსტნეულის, ხილის, შაქრის ლერწამის წარმოება.
ქალაქ ქუნმინგში, მედიატურის ფარგლებში, ქართველი ჟურნალისტები იუნანის პროვინციის რეგიონული თანამშრომლობის ოფისის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელ, იანგ შაო ჩენგს შეხვდნენ, რომელმაც, ქართველ სტუმრებს, იუნანის პროვინციის შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
ამავე ქალაქში ქართველი მედიის წარმომადგენლები ქუნმინგის ისტორიის მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აღინიშნებოდა.
ჟურნალისტებმა ასევე მოინახულეს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი სრულიად განსხვავებული ადგილი, - შილინის ქვის ტყე, - რაც, მიწიდან ამოზრდილ და ცაში ატყორცნილი უზარმაზარი ქვების ეგზოტიკური სანახაობას წარმოადგენს. ქალაქთან ახლოს მდებარეობს ვიეტნამიც, რომელთანაც, ჩინეთს სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებს.
ასევე აღსანიშნავი ფაქტია ამ რეგიონში დასახლების მშენებლობაც, რომელსაც, სახლემწიფო ახორციელებს, რათა, გაჭირვებული ადამიანები შეასახლონ. მშენებლობა მაისში დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება. მალე, სოციალურად დაუცველი 450 ოჯახი, სახელმწიფოს მიერ აშენებულ ახალ საცხოვრებელ კორპუსებში შესახლდება.
მედიატურის მონაწილე ქართული დელეგაცია ამ რეგიონში მდებარე სოფელ ლუნგკუსა და ერთ-ერთ სკოლას ესტუმრა, სადაც, ეთნიკური უმცირესობა - იაოს მოსახლეობა ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი დახვდა. განსაკუთრებული დახვედრა მოაწყეს სკოლის მოსწავლეებმაც, რომლებმაც, სპეციალურად სტუმრებისთვის ქორეოგრაფიული ნომრები შესრულეს.
მესამე ქალაქი, რომელსაც ქართველი ჟურნალისტები აღნიშნული ტურის ფარგლებში სტუმრობდნენ, ნანკინი გახლდათ. ეს ქალაქი მდინარე იანძის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და ის ქვეყნის დიდ ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. ნანკინი ძიანსუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი გახლავთ. ქალაქი შემოფარგლულია კედლით, რომელიც, 600 წლის წინ ააშენეს და მისი მშენებლობისთვის 350 მილიონი აგური გამოიყენე. კედელი ქალაქის დაცვის მიზნით აშენდა და ამ ფუნქციას საუკუნეების მანძილზე ასრულებს. მისი წყალობით, ნანკინის დანგრევა, ჩინეთში შემოსევის დროს, იაპონელებმაც კი ვერ შეძლეს.
ქალაქი ნანკინი 1912 წლის აპრილიდან 1927 წლამდე — ძიანსუს პორვინციის ადმინისტრაციული ცენტრი და ჩინეთის დედაქალაქიც იყო.
მედიატურის ფარგლებში, ქართველი ჟურნალისტები ქალაქ ნანკინთან მდებარე ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია ბაიტონს (Byton) ესტუმრნენ. ინოვაციური კომპანია 2016 წელს დაარსდა და მისი წარმოებული ავტომობილები ახლა სატესტო რეჟიმს გადიან. ავტომობილის სრულ დამუხტვას დაახლოებით 1 სთ და 30 წთ სჭირდება და ამ მარაგით, ის 530 კმ-ს გაივლის. წარმოებული ავტომობილების 50% ჩინეთში, ხოლო 50 % - ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გაიყიდება. ავტომობილები სხვადასხვა ფერის იქნება და 40. 000 $ ეღირება.
ქალაქ ნანკინში, ქართველმა ჟურნალისტებმა, ასევე, ქალაქის არქეოლოგიის მუზეუმი და სუნ იატსენის მავზოლეუმი მოინახულეს.
ბოლო ქალაქი, რომელსაც ჟურნალისტები მედიატურის ფარგლებში ესტუმრნენ, იანგჭოუ იყო. ეს ადგილი ულამაზესი ბუნებით, ტბით, (Slender West Lake), რომელსაც, სუსტ ქალს ამსგავსებენ, მუზეუმებითა და ჩინური ხელოვნების (ქარგვა, ხატვა, ჭედურობა და ა.შ.) ნიმუშების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
აქვე უნდა აღინიშნოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ტექნოლოგიების გამარტივების საკითხი. ჰექტრებზე გადაჭიმულ შავი მოცხარის ნარგავებს, რომელიც, ქართველმა მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს, ჩინელი მებაღეები სრულიად ახალი, ინოვაციური მეთოდებით უვლიან. ნარგავების მორწყვა, კონდიცირება და განათება, - ყველაფერი დისტანციონით ხდება, რაც ადამიანის ფიზიკურ შრომას მარტივად ანაცვლებს.
მედიატური, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს უშუალო ორგანიზებით ჩატარდა, საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა მიზნად. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუდმივად ზრუნავს ამ ორ ქვეყნას შორის გამოცდილების გაზიარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით.
/თამუნა დუღაშვილი/
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge