19:46 07.12.2019
ბატუტზე მხტომელი ქართველი გოგონები იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გრძელდება ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ორი დღეა, სარბიელზე ახალგაზრდები გამოდიან. 12-წლამდელთა სინქრონულ ხტომებში შესანიშნავად იასპარეზეს მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ 44.710 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. პირველი შედეგი ჰქონდათ მასპინძლებს - კარინ ცუიიტასა და იუკა სუძუკის - 45.150 ქულა. ჩვენებს ჩამორჩნენ ჰოლანდიელები - ტალისა ვიიკსტრა და ლინა ულიე - 43.520 ქულა. ფინალში ანამ და მაიამ უნაკლოდ შეასრულეს მთელი პროგრამა და 44.340 ქულით ამ ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლები დაიმსახურეს. 44.280 ქულით ვერცხლი რუსებს - ტატიანა კულიშოვას და სოფია ალიაევას ერგოთ. იაპონელები - ცუიიტა და სუძუკი (43.870) მესამე ადგილს დასჯერდნენ.

 

16-წლამდელთა ერთეულებში სამი ქართველი ცდიდა ძალებს. მათგან საუკეთესო იყო ანანო აფაქიძე, რომელმაც 95.065 ქულით მე-10 ადგილი კი დაიკავა, მაგრამ ეს შედეგი ფინალში მოსახვედრად არ ეყო. მეგი ფარულუა (83.655) 49-ე, ხოლო სოფიო დაშნიანი (58.555) 64-ე ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, დღეს სინქრონულ წყვილებში დაშნიანმა და აფაქიძემ 44.170 ქულას მოუყარეს თავი და მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ფინალი დღესვე გაიმართება და შედეგსაც გაუწყებთ.

 

 

 

lelo.ge

-0:00



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge