ქართველი ძიუდოისტის, ლაშა ბექაურის პოსტს, სადაც ის პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხზე კომენტარს აკეთება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„იყო მსოფლიო ჩემპიონი, არ ნიშნავს, იყო ასევე კარგი ადამიანი, უცებ გვიყვარს ხოლმე პოლიციელების დადანაშაულება! სიმართლე კი არ იმალება, როცა უშვერი სიტყვებით აგინებ პოლიციელს, შეურაცხყოფ მის მუნდირს უმიზეზოდ, ადექვატურ პასუხს იღებ მაშინ! ლაშა ბექაური უდაოდ არის ნიჭიერი სპორტსმენი, მაგრამ ის რაც აკადრა პოლიციელებს, მის სახელს არ მატებს ღირსებას! პოსტიც წაუშლია, ეტყობა თავად მიხვდა გვიან, რაც დააშავა! უხერხულია, როცა ცნობადი სახეები ასე უღირსად იქცევიან! პოლიციელის იმიჯის შელახვა არაფერს მატებს მას, ამცირებს პირიქით!“, წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა.
ქართველი ძიუდოისტის, ლაშა ბექაურის მიმართ შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით, ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს“,- აცხადებენ შსს-ში.
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ინციდენტის დეტალებს ჰყვება, თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება წაშალა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge