"ვერ ხედავთ, უკვე თოჯინად რომ გამოიყურებით მანდ?"- თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს 12.12.2019 11:49

ვერ ხედავთ რა დევალუირებულია პარლამენტი, უკვე თოჯინად რომ გამოიყურებით თქვენ მანდ?, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხნაშვილს.

 

ანრი ოხანაშვილმა თინა ბოკუჩავას დამშვიდებისკენ და თავის შეკავებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. „დაელოდეთ თქვენს რიგს, ხმას დაუწიეთ“, - მიმართა ოხანაშვილმა ბოკუჩავას.

 

„ჩვენ არ გთვლით ღირსად, რომ აქ შემოვიდეთ, იმიტომ ვართ ბოიკოტში, მაგრამ როცა შემოვდივართ და ამას საჭიროდ ჩავთვლით, კეთილი იქნებეთ და მოგვეცით იმის უფლება, სიტყვით გამოვიდეთ და ხალხის ხმა გაგაგონოთ. პოლიციის კორდონების უკან იმალებით, რკინის კონსტრუქციების უკან, მაგრამ ეს არ გიშველით, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მაინც გაგაგონებთ საკუთარ ხმას. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს მონებით დაკომპლექტება. თქვენ ხართ მონები, ამ პარლამენტში სხედან მონები, რომლებმაც უფლებამოსილება შეუწყვიტეს საპროცედურო კომიტეტზე ნიკა მელიას, რატომ? იმიტომ, რომ მან აღასრულა, როგორც აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა ვინ? იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც დღეს თქვენ უვადოდ აწესებთ. გესმით საერთოდ აბსურდი ამ სიტუაციის?“, - განაცხადა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც მას ანრი ოხანაშვილმა კვლავ გაფრთხილება მისცა და განაცხადა, რომ იძულებული იქნებოდა, ბოკუჩავას სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა.

 

ბოკუჩავას განცხადებით კი, სხდომა უნდა ჩაიშალოს.

 

„უნდა ჩაიშალოს ეს სხდომა, გადაიდოს. არავინ არ დამშვიდდება, არც სიტუაცია დამშვიდდება, არც ბოიკოტი შეჩერდება, არც პიკეტირება შეჩერდება, სანამ უმსგავსობა არ შეჩერდება. ვერ ხედავთ რა დევალუირებულია პარლამენტი, უკვე თოჯინად რომ გამოიყურებით თქვენ მანდ? ყოველგვარი ლეგიტიმაცია რომ დაკარგული აქვს ამ პარლამენტს, ვერ ხედავთ, თუ რა ხდება? ხუნდაძე და მდინარაძე ერთმანეთს რომ ედებატებოდნენ „იმედზე“, იმის მოწყობას აპირებთ აქ. მოვითხოვთ, რომ გადაიდოს ეს სხდომა იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში არ გამწესდნენ მონები და არ წაართვან ჩვენს ქვეყანას სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ეს არის ჩვენი შვილების მომავალი, ვიღაც გვრიტიშვილებმა არ უნდა გადაუწყვიტონ ჩვენს შვილებს მომავალი“, - განაცხადა ბოკუჩავამ, რის შემდეგაც ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ მას „ბოლო გაფრთხილებას“ აძლევდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/