დღე: 26

ღამე: 17

USD 2.7191

EUR 3.202

"დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა" - ციკლიდან ქართული ნაციონალიზმის სათავეებთან 25.01.2020 23:29

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი "დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა" - (ციკლიდან ქართული ნაციონალიზმის სათავეებთან):

 

დღეს დიდი ქართველი პატრიოტის და "მინდვრის პოეტის" როგორც მას სამართლიანად უწოდეს მიხა ხელაშვილის დაბადების და ამავდროულად მისი მოკვდინების დღეცაა. გავრცელებული ვერსიით, საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ, მოსყიდულმა მეგობარმა. ფშავ-ხევსურეთი ხომ ისედაც მდიდარია შესანიშნავნი სახალხო მთქმელებით და ყოველი ფშაველი ხომ პოეტია, დიდ ვაჟაზე რომ არაფერი ვთქვათ. მიხა ხელაშვილიც დღეს ცნობილია არა მხოლოდ მისი დიდებული ლექსის გამო, არამედ თავისი ცხოვრების და პატრიოტული სულისკვეთების გამოც; მას კარგი სასულუერო განათლება ჰქონდა მიღებული, ხოლი სადიაკვნო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ბარისახოში დიაკვნად გაუმწესებიათ, მერე კი ჩარგლის ეკლესიაში, მღვდლად უკურთხებიათ. მის პატრიოტულ და მოქალაქეობრივ მრწამსზე ისიც მიუთითებს, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გაიხადა რა მღვდლის ანაფორა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა და კომუნისტების წინააღმდეგ სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოლა. გადმოცემის მიხედვით, ხელაშვილი კარგი ცხენოსანი, და შესანიშნავი მებრძოლი ყოფილა, რომელიც ტყეში გასვლის შემდეგად შიშის ზარს სცემდა საბჭოთა რეჯიმს. თავისუფალ დროს, კი ლექსებს მინდორზე წამოწოლილი წერდა. მინდვრის პოეტიც ამიტომ უწოდეს. სამწუხაროდ, დღეს მიხას რამდენიმე ლექსია შემორჩენილი და თანაც იმიტომ, რომ თავად გამოუგზავნია ახლო მეგობრებისათვის ფანდურზე დასამღერებლად.

 

მიხა ხელაშვილის ლექსად თქმული სიტყვები კი დედა-შვილობაზე და სამშობლოს ალეგორიაზე, ჩემი თაობის საყვარელი სტროფები იყო :

დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა"

 

მის პატრიოტიზმზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი კომუნისტების მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და თავისი რაზმით თურქეთში გადავიდა, მიხა ხელაშვილს ქაქუცასთვის უთქვამს, – მე ვიცი, აქ სიკვდილი მელის, მაგრამ მაინც, ჩემს ქვეყანაში ყოფნა მირჩევნიაო" და ეს ლექსიც თავისებური ანდერძია მომავლისადმი.

 

ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი, ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე.
შენ, ჩემო საფლავის კარო,
შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე,
ცოლო, არ გათხოვდებოდე…
ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,
ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,
საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიცა
ამასვე ანამდვილებსა.
დედის მეტს ჩემი სიკვდილი
არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი, და-ძმანი
აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს,
ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა
სხვისა ჭირს გაახლინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,
ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედის გულში ვიქნები,
ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუს გამზრდელსა,
გულით ეგ დამიტირებსა,
დედას უყვარვართ შვილები,
დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,
სულ მუდამ გვაცოდვილებსა.

 

1919 წელი. ბარისახო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge