12:14 12.02.2020
ევროკავშირი გიგი უგულავას დაკავების საქმეს ეხმაურება

გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა, რაც ასე აუცილებელია, - ამის შესახებ ნათქვამია გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად, ევროკავშირი დეტალურად ეცნობა უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სულ ახლახანს მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

„გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა, რაც ასე აუცილებელია.

 

სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ის აუცილებელი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ეკისრება ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

 

ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე ყველა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge