20:45 19.02.2020
„პუტინი არ დასხმია თავს საქართველოს რიტორიკის გამო - მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა“ - კურტ ვოლკერი საკუთარ განცხადებას ასწორებს

უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუს შესახებ განმარტებას ავრცელებს. როგორც ვოლკერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, პუტინი არ დასხმია თავს საქართველოს რიტორიკის გამო, არამედ საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა სურდა.

 

„შესწორებული ვერსია: პუტინი არ დასხმია თავს საქართველოს რიტორიკის გამო. მას სურდა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. მართალია, ის გააბრაზა რიტორიკამ, თუმცა რუსეთის აგრესიას ჰქონდა თავისი მიზეზები“, – წერს ვოლკერი და „ევროპეისკაია პრავდასთვის“ მიცემული ინტერვიუს ჩასწორებულ ვარიანტს აზიარებს.

 

შეგახსენებთ, უკრაინული ინტერნეტგამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამერიკელი დიპლომატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ მიზეზად ვლადიმირ პუტინის მისამართით მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას ასახელებდა. მოგვიანებით გამოცემამ ინტერვიუ ეს ნაწილი დააკორექტირა. როგორც გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას“ რედაქცია აღნიშნავს, ინტერვიუს აღნიშნული ფრაგმენტი პუბლიკაციის შემდეგ კურტ ვოლკერის თხოვნით განავრცეს, რათა უფრო ზუსტად ასახოს მისი პოზიცია. ინტერვიუს ჩასწორებული ფრაგმენტი ასეთია: „მე მართლაც მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, გაატარა ბევრი რეფორმა. ის ეფექტიანად ავითარებდა ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან. თუმცა, პუტინი უკიდურესად გაღიზიანებულად რეაგირებდა ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია – არა მხოლოდ გაღიზიანებულად, არამედ აგრესიულადაც კი. რა თქმა უნდა, რიტორიკა არ გამხდარა სწორედ ის მიზეზი, რატომაც პუტინი საქართველოს თავს დაესხა. მას სურდა მისი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა. მართალია, რუსულ აგრესიას ჰქონდა თავისი მიზეზი, ის დამატებით გაამწვავა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკამ. ყველაფერმა ამან იმ პერიოდში შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობები. საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ სხვა რიტორიკა აირჩია რუსეთთან ურთიერთობაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თბილისმა ჩააბარა ოკუპირებული ტერიტორიები ან დაივიწყა რუსული აგრესია“.

 

 

პირველი არხი




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge