23:12 29.02.2020
განხილვის თემად ე.წ. გერმანული მოდელის სახეცვლილება ბრუნდება - რაზე ისაუბრა პოზიცია-ოპოზიციამ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში

წუხელ საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციიდან გამოსული პოზიცია-ოპოზიცია სამომავლო შეთანხმებაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია. „არავითარი შეთანხმება არ არის, არავითარი წინადადება არ გაკეთებულა, არავითარი თანხმობა ამ ვითომდა გაკეთებულ წინადადებაზე არ ყოფილა“, აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. ობიექტურობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ ვაშაძის პოციას ყველა ოპოზიციური პარტია არ იზიარებს. კონკრეტულად, რა საკითხებზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება, ამაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს.

 

როგორც geotimes.ge-სთვის გახდა ცნობილი, განხილვის თემად ბრუნდება ე.წ. გერმანული მოდელის სახეცვლილება: ხელისუფლებამ კატეგორიულად მოითხოვა მაჟორიტარების გარკვეული ფორმით შენარჩუნება. მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატებიდან პარტიას რჩება მხოლოდ პროპორციული წესით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელის 25%, ანუ ერთი მეოთხედი. თუ მაჟორიტარების რაოდენობა ამაზე მეტი იქნება, მაშინ ისინი ჩაანაცვლებენ, ანუ დაიკავებენ პროპორციული სიის შესაბამის რიგით ნომრებს. ოპოზიცია ითხოვს ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. იგულისხმება უგულავა, ოქრუაშვილი და 20 ივნისის ამბებზე დაპატიმრებული აქციის მონაწილეები. ხელისუფლება უარს ამბობს უკვე სასჯელმისჯილების გათავისუფლებასა და შეწყალებაზე. სამაგიეროდ, თანახმაა, აღარ გაგრძელდეს სხვა პარტიული ლიდერების სამართლებრივი დევნა (ხაზარაძე, ჯაფარიძე, მელია). სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამ შეთავაზებაზე არ იტყვის უარს.  

 

წინასწარი ინფორმაციით, მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა მალე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე გადაინაცვლებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge