18:02 01.03.2020
„თუ სათანადოდ არ იქნება წარმოდგენილი მაჟორიტარული კომპონენტი, გაგვიჭირდება მისი გატანა პარლამენტში - ნაცვლად პროპორციული ცვლილებისა, ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტი საკმარისი მოცულობით არ იქნება წარმოდგენილი, პარლამენტში მისი გატანა გაუჭირდებათ. კობახიძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრის ერთ-ერთ მიზეზს სწორედ უმრავლესობის წევრების, მაჟორიტარების ხმების მოპოვებას და მათ დარწმუნებას ემსახურებოდა. „ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო საუბარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, სადაც, მათ შორის, მაჟორიტარები არიან წარმოდგენილი და ჩვენთვის ბუნებრივია, მნიშვნელოვანია არა მარტო ოპოზიციის ხმების მოპოვება ამ პროექტის გარშემო, არამედ, საპარლამენტო უმრავლესობის ხმების მოპოვებაც. აქედან გამომდინარე, თუ სათანადო მოცულობით არ იქნება წარმოდგენილი ამ სისტემაში მაჟორიტარული კომპონენტი, ჩვენ გაგვიჭირდება მისი გატანა პარლამენტში. ამიტომ, ნაცვლად პროპორციული ცვლილებისა, ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს, რომელიც ზუსტად ისეთივე ეფექტურია და უზრუნველყოფს ზუსტად იგივე შედეგის დადგომას, რასაც უზრუნველყოფდა, მაგალითად, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული 120/30-ზე სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის, პარტიის ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც „ქართლი ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge