12:58 09.03.2020
"2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ განახლებული პროგრამით, განახლებული გუნდით გაიმარჯვებს და პარლამენტში მყარ უმრავლესობას მიიღებს"

დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ განახლებული პროგრამით, განახლებული გუნდით გაიმარჯვებს და პარლამენტში მყარ უმრავლესობას მიიღებს. ჩვენ ამისათვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და მომავალ პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანიაც აქტიურ ფაზაში შევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

თალაკვაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ 8 მარტის შეხვედრაზე. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციები არ უნდა იყოს, ვინაიდან დოკუმენტები, რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი, საჯაროდ გამოქვეყნდა. თალაკვაძის განმარტებით, შეთანხმება შედგა შემდეგ საკითხებზე:

 

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პრორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის 120/30 -ზე განაწილებით. გახსოვთ თქვენ, რომ ოპოზიცია ითხოვდა მაჟორიტარული მანადატების 20-მდე შემცირებას, ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ და საბოლოო ჯამში, შევთანხმდით 120/30-ზე განაწილებზე. ჩატარდება 1%-იანი ბარიერით, ყოველშემთხვევაში ჩვენ პაკეტის ინიცირებას ვაპირებთ 1%-იანი ბარიერით. პრინციპი იქნება დაცული, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს არჩევნებში, ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობას და ვერ დააკომპლექტებს მთავრობას. აქაც მინდა ჩვენ მხარდამჭერებს ვუთხრა,რომ ჩვენ არცერთ წინა არჩევნებში 40%-ზე დაბალი მხარდაჭერა არ მიგვიღია. შესაბამისად, რასაკვირველია, 2020 წლის არჩევნებშიც ვაპირებთ და ვგეგმავთ, რომ მივიღოთ 40%-ზე გაცილებით მაღალი მხარდაჭერა და პარლამენტში ჩამოვაყალიბოთ მყარი უმრავლესობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისივე თქმით, ასევე შეთანხმდნენ მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, თუ საჭირო გახდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ის ჩატარდება 2020 წელზე შეთანხმებული პრინციპით.

 

„ეს გამორიცხავს და პრაქტიკულად, შანსებს აღარ უტოვებს დესტრუქციულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რაიმენაირად კიდევ გააგრძელონ მცდელობა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

პარლამენტის სპიკერმა პროცესში მონაწილეობისა და მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის დიპლომატებს მადლობაც გადაუხადა.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ნომერ პირველ სტრატეგიულ მოკავშირეს აშშ-ს და განსაკუთრებით, აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს. ასევე მადლობა მიდა გადავუხადო ელჩს კარლ ჰარცელს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს, ვინც აქტიურად გულშემატკივრობდა და ჩართული იყო ამ პროცესის ფასილიტაციაში. მინდა, კიდვე ერთხელ ხაზგასმით ვთქვა და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია, რომ ამ შეთანხმებით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ არჩევნებს იგებს არა ცალკე აღებული რომელიმე სისტემა, არამედ არჩევნებს იგებს საზოგადოების მხარდაჭერა. პირველ რიგში, ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, პატივს ვცემთ მათ ნებისმიერ არჩევანს, ჩვენ ვენდობით ჩვენს მხარდამჭერებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge