13:59 10.03.2020
„ქართული ღვინო მარსზე?!“ - Le Monde

ბოლო დროს უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის გავრცელება და მასთან ბრძოლა წარმოადგენს, შესაბამისად, ამ ინფორმაციებში საქართველოც ხშირადაა მოხსენიებული. ვირუსი Covid-19 ხომ ჩვენთანაც არის დაფიქსირებული. თუმცა, რასაკვირველია, უცხოურ მასმედიაში საქარტველოს შესახებ სხვა, უფრო ოპტიმისტური ხასიათის სტატიებიც ქვეყნდება.


„საქართველოში, კავკასიურ ქვეყანაში, რომელიც დედამიწაზე მეღვინეობის აკვანს წარმოადგენს, მეცნიერები მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტზე მუშაობენ - საქმე ეხება წითელ პლანეტაზე - მარსზე - ვენახების გაშენებას და ღვინის დამზადების პერსპექტივას. ეს მისია რომც არ განხორციელდეს, ჩატარებული კვლევები მაინც დადებითად იმოქმედებს საქართველოში მეღვინეობის განვითარებაზე“, - ნათქვამია ფრანგული გაზეთ «Le Monde»-ში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ქართული ღვინო მარსზე?!“ (ავტორი ლიუკა მინიზინი).


პუბლიკაციაში გადმოცემულია ავტორის შთაბეჭდილებები თბილისის ცენტრში მდებარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დათვალიერების დროს. მის ყურადღებას იპყრობს თიხის ამფორა, რომელიც თითქმის ხელუხლებლად გამოიყურება: „ეს უძველესი ღვინის ჭურჭელია, რომელიც ოდესმე ნაპოვნია ჩვენს პლანეტაზე“, - განმარტავს თბილისის ბიზნესის უნივერსიტეტის დოცენტი ნინო ენუქიძე. აშშ-ის ბიომოლეკულური არქეოლოგიის ლაბორატორიის დირექტორის პატრიკ მაკგოვერნის შეფასებით, ამფორის დამზადების დრო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათასი წლით, ანუ ნეოლითის ეპოქით არის დათარიღებული. პატრიკი, რომელმაც  ერთობლივი გათხრების დროს ამფორა იპოვა, მას „უძველესი ღვინოების ინდიანა ჯონსს“ უწოდებს.


2018 წელს თბილისში ჩატარებული შეხვედრის დროს მსოფლიოს სპეციალისტებმა უძველეს ეპოქაში, ღვინის წარმოების მხრივ, საქართველოს პრიორიტეტი დააფიქსირეს და მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პერსპექტივაზე იმსჯელეს. სწორედ მაშინ დაისვა ერთი შეხედვით „არანორმალური“ კითხვა - თუ საქართველოში დედამიწაზე პირველად დაიწყეს ვენახის გაშენება, რატომ არ შეიძლება პირველებმა დავიწყოთ იგივე საქმიანობა სხვა პლანეტაზე? სწორედ იმ დროს შემუსავდა პროექტი IX Millennium - საქმე ეხება მარსზე ვენახების გაშენებას და ღვინოების წარმოებას.. რა თქმა უნდა, მარსზე ჟანგბადი არ არის, იქ რადიაციაც მაღალია, ნიადაგი კი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის არ გამოდგება. მოკლედ რომ ვთქვათ, მისია შეუსრულებელია, მაგრამ იდეა ისეთია, რომ ადამიანს „სისხლს უდუღებს“, - აღნიშნავს ავტორი.


პუბლიკაციაში მიმოხილულია ქართველი ასტრობიოლოგების საქმიანობა, რომლებმაც ვაკუუმური მილი შექმნეს და მასში მარსიანული ატმოსფეროს ანალოგი შექმნეს. მეცნიერებმა მილში რამდენიმე ქართული ყურძნის ცნობილი ჯიში მოათავსეს, მათზე მარსის კლიმატის გავლენის მიზნით და ამ პერსპექტიულ დარგს „ვერტიკალური სოფლის მეურნეობა“ უწოდეს. მეცნიერებს არც მეწარმეები არ ჩამორჩნენ: მაგალითად, ტუსია ღარიბაშვილმა თბილისის სასტუმრო „სტამბა-ოტელში“ მინის მილში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოათავსა. ცდები წარმატებით მიმდინარეობს.


საქართველოში, რომელიც კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარეობს და რომელსაც მცირე ფართობი აქვს, ოცნებობენ, რომ ვენახები დედამიწიდან ათეული მილიონი კმ-ის დაშორებათაც იყოს გაშენებული. 2018 წლის ივლისში ერთ-ერთმა ჟურნალმა IX Millennium-ის ჩარჩოებში ფანტასტიკური ფოტოსურათი გამოაქვეყნა: კოსმონავტები წიტელ პლანეტაზე ვარსკვლავებით მოფენილი ცის ფონზე. „ჩემს მეგობარ მხატვარს ფოტო ისე მოეწონა, რომ დახატა სურათი, რომელზეც ასახულია ქართველებისა და უცხოპლანეტელთა ქეიფი, თანაც ისინი ღვინოს ჩვენებური ქართული ყანწით სვამენ“, - სიცილით ამბობს ტუსია ღარიბაშვილი.


სტატიაში აღწერილია აგრეთვე საგურამოში მდებარე მეღვინეობის ისნსიტუტის საქმიანობაც, რომელშიც ქართული ვაზის ჯიშების გამძლებას იკვლევენ. ამგვარი კვლევების შედეგები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კლიმატის გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ქართული ვაზი შეძლებს სამომავლოდ კლიმატის ცვლილებისადმი შეგუებას, რის შედეგადაც ქართული ღვინოები გადარჩება“, - ამბობს ტუსია ღარიბაშვილი. მალე მკვლევართა ჯგუფი სამეცნიერო სტატიასაც გამოაქვეყნებს თავისი საქმიანობის შედეგების საფუძველზე.


„მე ხშირად ხუმრობით მეკითხებიან - როდის დაამზადებთ თეთრ ღვინოს მარსზეო, - ამბობს ნინო ენუქიძე, - ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ, რომ ეს მოკლევადიანი მიზანი არ არის, ამას დროს ჭირდება. როცა პროგრესს დავინახავთ, მაშინ დავუკავშირდებით იმ ადამიანებს, რომლებიც მარსზე გასაფრენად ემზადებიან, მაგალითად, კომპანია SpaceX-ის მფლობელ ილონ მასკს... ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ასეთი ადამიანების ოცნებებს“.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: Le Monde (საფრანგეთი)

https://www.lemonde.fr/m-gastronomie/article/2020/02/27/le-vin-de-georgie-sur-mars_6030971_4497540.html




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge