14:13 10.03.2020
"თოვლიან სამოთხეში: კავკასიური ფრირაიდი"- Kronen Zeitung

ავსტრიის პოპულარულ გაზეთ „კრონენ ცეიტუნგ“-ში («Kronen Zeitung») 10 მარტის ნომერში დაბეჭდილია მასალა სათაურით „თოვლიან სამოთხეში: კავკასიური ფრირაიდი“, რომელშიც გადმოცემულია შთაბეჭდილებები საქართველოს ზამთრის კურორტ ბახმაროზე ყოფნის შესახებ (ავტორი - ჰანს უოლნერი)


„ბახმარო - საქართველოს მთებში მდებარე კურორტია, რომელიც განთქმულია თავისი თოვლის ხარისხით, რის გამოც ძალიან უყვართ ფრირაიდებს (სნოუბორდისტებს და სამთო მოთხილამურეებს). ბახმარო სპორტსმენებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბახმაროში - თოვლიან სამოთხეში!“, - ასე იწყება პუბლიკაცია.


„რამდენიმე წლის წინ თურქეთის საზღვართან ახლო მდებარე ბახმაროს არავინ არ იცნობდა, კურორტი თითქმის მიტოვებული იყო, რაც განსაკუთრებით ზამთრობით იგრძნობოდა. საერთოდ კი, ზაფხულობით ბახმარო ათასობით ქართველისათვის სასიამოვნო დასვნების ადგილია. ფრირაიდებისათვის ყველაზე კარგი ადგილის ძიებისას, სადაც მეტი და შესაბამისი ხარისხის თოვლი მოდის, გერმანელმა ინგო შლუტისმა (იგი წარმოშობით ავტრიელია, კარინტიის მხარიდან) ბახმარო საუკეთესოდ მიიჩნია და აქ თხილამურებზე სასრიალო ზონა გახსნა. „ბახმარო საქართველოში მართლაც ყველაზე მიმზიდველი ადგილია“, - ამბობს გამოცდილი მოთხილამურე პეტერ უნტერლუგაუერი.


„კარგ ამინდში ბახმაროდან კავკასიის ქედის მწვერვალებიც მოჩანს, მაგალითად, შეიძლება დაინახოთ ორწვერა იალბუზი. ასევე შეიძლება შავი ზღვის აკვატორიის დანახვაც. ირგვლივ პატარა ლამაზი კოტეჯებია, რომელიც ფიფქ თოვლში არიან ჩაძირულნი. მოკლედ, ჩვენ თოვლის სამოთხეში ვართ“, - აღფრთოვანებით წერს ავტორი და კარინტიელი ტურისტის, ქალაქ ფილახის მკვიდრ მარტინ ხიმლის თვალსაზრისს იმოწმებს, რომლის თქმით, ბახმაროში მართლაც საუკეთესო თოვლია როგორც პროფესიონალი სპორტსმენების, ასევე მოყვარულებისათვის.


სტატიაში ავტორი ავსტრიელ მკითხველებს ქართული ეროვნული სამზარეულოს კერძებს - ხინკალს, ხაჭაპურს და ქართულ სასმელებს, განსაკუთრებით მაღალგრადუსიან ჭაჭას აცნობს. „ჩვენ ბახმაროში გაისადაც დავბრუნდებით“, - ასე მთავრდება ვენის „კრონენ ცაიტუნგ“-ში გამოქვეყნებული სტატია.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Kronen Zeitung» (ავსტრია, ვენა)

https://www.krone.at/2113527

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge