12:50 12.03.2020
როგორი სიტუაციაა თურქეთის საზღვრებზე

დედამიწაზე კორონავირუს „კოვიდ-19“-ისაგან გაჩენილი პანდემიის გამო მსოფლიო მასმედიის მთავარი თემა კვლავ ინფექციის გავრცელება რჩება - ამ საკითხზე საერთაშორისო პრესაში, რადიოსა და ტელევიზიის ეთერში ქვეყნდება სიტუაციური მიმოხილვის მასალები და პუბლიკაციები, რომლებშიც, რასაკვირველია, საქართველოც ფიგურირებს. ბოლო მონაცემებში ნათქვამია, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულების რიცხვმა 24-ს მიაღწია.


თურქული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყურადღებას უთმობენ ქვეყნის საზღვრებზე შექმნილ მდგომარეობას. გაზეთი „ჰურიეთი“ («Hürriyet») ქვეყნებს სააგენტო „ანადოლუ“-ს («Anadolu») მიერ მომზადებულ მიმოხილვას სათაურით „სიტუაცია თურქეთის საზღვრებზე“, რომელშიც ასახულია თურქეთის აღმოსავლეთით - ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვრებთან არსებულ საკონტროლო-გამსვლელი პუნქტების (და  საბაჟოების) მდგომარეობა.


როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, თურქეთ-საქართველოს საზღვრებზე სიტუაცია, კონტროლის თვალსაზრისით, მაღალ დონეზეა - ჩილდირ-აქტაშისა და თურქღოზუს (ვალეს) საბაჟოებზე შემოღებული სპეციალური წესები განუხრელად სრულდება.


„არტაანის პროვინციის გუბერნატორის მუსტაფა მასათლის თქმით, საზღვრებზე სპეციალური წესები ჯერ კიდევ 20 დღის წინ დაწესდა, რომელიც ითვალისწინებს ტემპერატურის გაზომვას თბური კამერებით, კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით. 29 თებერვლიდან კი სასაზღვრო-გამსვლელ პუნქტებთან საველე ჰოსპიტლებია მოწყობილი. როგორც გუბერნატორი ამბობს, დღეისათვის ჩილდირ-აქტაშისა და თურქღოზუს გასასვლელებთან 8 საველე ჰოსპიტალი მუშაობს, რომელთა პერსონალი 18 მედმუშაკისაგან შედგება. ისინი ზეგანაკვეთურად, სადღეღამისო რეჟიმით მუშაობენ“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები: „ჰურიეთი“, „ანადოლუ“ (თურქეთი)

https://www.aa.com.tr/tr/koronavirus/sinir-kapilarinda-yeni-tip-koronavirus-salginina-karsi-ust-duzey-tedbir/1761758




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge