12:07 16.03.2020
„საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, თითო დღეს აქვს მნიშვნელობა“.

 

ბოლო დროს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების კვალობაზე, საერთაშორისო მასმედიაში საქართველოს შესახებ, ფაქტიურად, ამ ვირუსთან დაკავშირებით წერენ და მოიხსენიებენ - ძირითადად, „კოვიდ-19“-თ დაავადებულთა რაოდენობისა და მთავრობის მიერ მიღებული ზომების შესახებ.


აშშ-ის რადიოსადგურმა „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) ეთერში გადასცა ინტერვიუ ქართველ ექიმთან ბუბა კალანდაძესთან, რომელიც 28 წელია იტალიაში, ქალაქ ბერგამოში მუშაობს. იგი დღეს აქტიურად არის ჩართული კოვიდ-19-თან ბრძოლის საქმეში. ინტერვიუს სათაურია საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, თითო დღეს აქვს მნიშვნელობა“.


როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში დღეს განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა და იტალიელი ექიმებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 20 000-ზე მეტი ინფიცირებული და 1 440-ზე მეტი დაღუპული - ასეთია კოვიდ-19-ის სტატისტიკა იტალიაში. პანდემიის სწრაფი გავრცელების შედეგად, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მქონე სახელმწიფოში, ექიმების და სამედიცინო აპარატურის დეფიციტი შეიქმნა. ჩინეთმა ახლახან იტალიელი ექიმების დასახმარებლად, რომში სამუშაო ჯგუფი გააგზავნა. პეკინი იტალიას 20 000 სკაფანდრს და 10 000 ფილტვის ვენტილატორსაც უგზავნის.


ბუბა კალანდაძეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი მაია ქვარცხავა ვაშინგტონიდან ბერგამოში ტელეფონით დაუკავშირდა. საუბარი 14 მარტს ჩაიწერა. იგი საუბრობს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც იტალიაშია შექმნილი, საუბრობს აგრეთვე გამოცდილებაზეც, რომელიც საქართველომ უნდა გაიზიაროს.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


კორესპონდენტის კითხვაზე, „რა გაკვეთილი შეიძლება იყოს იტალიის გამოცდილება საქართველოსთვის?“ - ბუბა კალანდაძე პასუხობს:


 „კულტურულად, მენტალურად, საქართველო აშკარად გაცილებით უფრო ახლოსაა იტალიასთან, ვიდრე ვთქვათ - სამხრეთ კორეასთან, ამერიკასთან, ან ჩინეთთან. მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ამ ნახევრად გადადგმული ნაბიჯებიდან, მკაცრ, დრამატულ ზომებზე გადავიდეს. სწორი იყო, რომ თავის დროზე დაიკეტა სკოლები. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის, უნდა დაიკეტოს ყველაფერი, ყველა საჯარო თავშეყრის ადგილი. თითო დღეს აქვს მნიშვნელობა, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს და სავალალო შედეგები არ მივიღოთ. სასწრაფოდ უნდა დაიკეტოს რესტორნები და ბარები.


სანამ გვიანი არ არის, საქართველომ უნდა მიბაძოს იტალიის მაგალითს, ვიდრე ჯერ კიდევ დაბალია ინფიცირებულთა რაოდენობა. აქ დავაგვიანეთ კარანტინის შემოღება და ძალიან არ მინდა, იგივე მოხდეს საქართველოში. დღესვე უნდა დაკეტოს სახელმწიფომ ყველაფერი, აუცილებელი საჭიროების ადგილების, აფთიაქების და მაღაზიების გარდა. უნდა შეწყდეს ყოველგვარი ზედმეტი გადაადგილება, მოძრაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მკაცრი იზოლაცია და ჰიგიენა - სხვა გამოსავალი არ არსებობს. თან, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ასე იქნება, მერწმუნეთ. გერმანიაც ამ გზას ადგას“.


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: „ამერიკის ხმა“ (აშშ)

https://www.amerikiskhma.com/a/coronavirus-interview-with-georgian-surgeon-in-italy-buba-kalandadze/5329468.html

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge