20:37 20.03.2020
„ახალი საბანკო ტექნოლოგიებით ჩვენ შევძლებთ ამ გლობალური პანდემიის დამარცხებას და გადავალთ ახალ ციფრულ ერაში!“

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირება უკვე შეწყვიტა პრაქტიკულად ყველა მსხვილმა სავაჭრო ობიექტმა, სასურსათო მაღაზიების გარდა. ფუნქციონირებას კი სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო), სესხის გამცემი სუბიექტები (სგს) და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები აგრძელებენ. შექმნილ სიტუაციაში მთავარი კითხვა სხვა მიმართულებით უნდა დაისვას - რამდენად არის ამ სახის შეზღუდვის პირობებში, საფინანსო სექტორი სერვისების სრული სპექტრის მიწოდებისათვის მზად? მათ შორის, ბუნებრივია იგულისხმება როგორც ნაღდი ფულის უწყვეტი მიწოდება, ასევე უნაღდი და პირველ რიგში ონლაინ ანგარიშსწორება, მათ შორის როგორც კომუნალური და სახელფასე სერვისების, ისე სასესხო და სადეპოზიტო მომსახურების თვალსაზრისით? არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად შეუფერხებლად იფუნქციონირებენ პოსტ ტერმინალები, გადახდის აპარატები და ბანკომატები.

 

რაც მთავარია, ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ძალიან კარგია, რომ საბანკო სექტორი, მიუხედავად გასულ წლებში არც თუ უსაფუძვლო ბრალდებებისა, დღეს მომზადებული ხვდება ამ მეტად სერიოზულ გამოწვევებს. მისასალმებელია ისიც, რომ ბანკების გაზრდილი შემოსავლები ახალი ეკოსისტემების, ციფრული ტექნოლოგიების და დისტანციური მომსახურების სერვისების გაფართოების და მოდერნიზაციისკენ იყო მიმართული. ამის დადასტურებაა თუნდაც წამყვანი ქართული ბანკების მხრიდან ახალი დისტანციური მომსახურების პლათფორმების შეთავაზება ფუზიკური და იურიდიული პირებისათვის და რაც არანაკლებ მნიშვნელივანია გაცილებით მისაღები ტარიფებით. ასევე მხოლოდ მისასალმებელია ბანკების მხრიდან მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ინტერნეტ გადახდის სერვისები, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად შეიზღუდოს სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და განსაკუთრებით ფიზიკურ პირებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი, რადგან იურიდიული პირების უმრავლესობა ისედაც დისტანციურ საბანკი სერვისებზეა გადასული. ახალი საბანკო ტექნოლოგიებით ჩვენ შევძლებთ ამ გლობალური პანდემიის დამარცხებას, და გადავალთ ახალ ციფრულ ერაში!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge