15:09 25.03.2020
"დარჩით სახლში და დანიელ დეფოს "რობინზონ კრუზო" წაიკითხეთ - იძულებითი თვითიზოლაციის სწორუპოვარი კლასიკაა!"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"დარჩით სახლში და დანიელ დეფოს "რობინზონ კრუზო" წაიკითხეთ - იძულებითი თვითიზოლაციის სწორუპოვარი კლასიკაა!


თუნდაც ის რად ღირს, რობინზონი ოქროს მონეტებს რომ აღმოაჩენს დაღუპულ გემის ნამსხვრევების შეგროვებისას და როგორც ყოვლად უსარგებლოს, ზედაც არ შეხედავს; მთელი მსოფლიოს ფულიც კი არაფრად უღირს, თქვენც რობინზონივით მიხვდებით - ყოველდღე უოლ-სტრიტი ტრილიონებს რომ კარგავს, სულაც არ განაღვლებთ, ადამიანის ბედისწერისთვის ნეტა რა ბედენაა?!


დარჩით სახლში და როცა სიმარტოვე შეგაძრწუნებთ, ადამიანი გაუსაძლისამდე მოგენატრებათ, ღმერთი შეგეწევათ და მაშინვე პარასკევას იპოვით. დააფასებთ ღვთის ამ სასწაულს და მიხვდებით, მთელს სამყაროს და მასზე მეტსაც რომ ნიშნავს შენს გვერდით ყოველი ადამიანი; მიმოიხედავთ სახლში დარჩენილები და თუკი ოდესმე დაგვიწყებიათ, მაშინვე გაგახსენდებათ, არ ხართ უკაცრიელ კუნძულზე, რომ თქვენს გვერდზე მყოფი ყოველი ადამიანი პარასკევაა და პირიქით, თქვენ, იმათთვისა ხართ პარასკევა.


დარჩით სახლში და აღმოაჩინეთ სამყარო!


იმათ კი, რომელთაც ჰგონიათ რომ ყველაფერი და ყოველთვის, ის უბედური რობინზონ კრუზოც კი, ზედმიწევნით ისედაც იციან, სწორედ ამიტომაც - არც არასდროს არაფერი ავიწყდებათ და ვერც ვერასდროს ვერაფერსა სწავლობენ, ვურჩევდი წიგნებით ან აღმოჩენებით თავს ნუ აიტკივებენ და იტალიური კომედია რომაა - "სენიორ რობინზონი", ისევ იმას უყურონ. უყურონ და მაგდუც შეეწევათ! " - წერს ზარდიაშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge