16:22 25.03.2020
„მსგავსი ეკონომიკური კრიზისი, რაც ახლა კორონავირუსის გამო ხდება, მსოფლიო ეკონომიკას არ ახსოვს"- გიორგი ცუცქირიძე

„მსგავსი ეკონომიკური კრიზისი, რაც ახლა კორონავირუსის გამო ხდება, მსოფლიო ეკონომიკას არ ახსოვს. ასეთი გამოწვევის წინაშე მსოფლიო ეკონომიკა არასოდეს დამდგარა“, – აცხადებს ეკონომისტი და საბანკო საქმის სპეციალისტი, გიორგი ცუცქირიძე.


ცუცქირიძის თქმით, შექმნილ სიტუაციაში საქართველოს მთავრობას არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება უწევს და, ჯერჯერობით, ამ ამოცანას თავს ართმევს.
ეკონომისტის განცხადებით, ის წარმოებები, რომლებსაც პროდუქცია გააქვთ ექსპორტზე და რომლებიც შიდა ბაზარს ამარაგებენ, არ უნდა გაჩერდნენ. მისი თქმით, პირველ ყოვლისა, ეს ეხება ისეთ მსხვილ წარმოებას, როგორიც წიაღის მოპოვება-დამუშავებაა.


ცუცქირიძის განმარტებით, ამ პროფილის საწარმოების გაჩერება სხვა ექსპორტიორებთან (ღვინო, მინერალური წყლები) ერთად ქვეყანას უცხოური ვალუტის გარეშე დატოვებს, რაც ჯერ ფინანსურ, შემდეგ კი ეკონომიკურ კოლაფსში შეიძლება, გადაიზარდოს.


ცუცქირიძის მოსაზრებით, უწყვეტ სამუშაო პროცესთან ერთად, აუცილებელია, ამ კომპანიებმა დასაქმებულების უსაფრთხოება უზრუნველყონ. როგორც ცუცქირიძე აცხადებს, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარდა, აუცილებელია, კომპანიებმა მუშახელისა და პერსონალის შეუფერხებელი ტრანსპორტირებაც მოახდინონ. ცუცქირიძის თქმით, თუ ეს პირობები შესრულდება და, მისი ინფორმაციით, სრულდება კიდეც, სამუშაო პროცესზე უარის თქმა დაუშვებელია.


„თუ აღარც ფეროშენადნობები, სასუქები, სილიკომანგანუმი, ქვანახშირი და აღარც ღვინო და მინერალური წყლები გაიყიდა, მაშინ ვალუტა საიდან შემოვიტანოთ, მით უმეტეს, როცა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი შემცირებაა მოსალოდნელი”, – აცხადებს ცუცქირიძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge