00:09 27.03.2020
„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ ორი მილიარდი დოლარის ფონდი მოითხოვა, რომელიც პირველ რიგში, უნდა მოხმარდეს ისეთ ქვეყნებს, სადაც ძალიან რთული ვითარებაა“

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის ინფორმაციით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პოსტ-კორონავირუსის პერიოდში განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების აღმოსაჩენად გუშინ 2 მილიარდი დოლარის ფონდი მოითხოვა. როგორც იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მსოფლიო დღეს“ აღნიშნა, გაერო-ს ფონდში აკუმულირებული თანხები პირველ რიგში ისეთ ქვეყნებს მოხმარდება, სადაც „ძალიან რთული ვითარებაა“. „ახლა მიდის ამ თემებზე მუშაობა, რომ მოხდეს იმ ქვეყნების იდენტიფიცირება, პირველი რიგის ქვეყნებისა, სადაც პოსტ-კორონავირუსის პერიოდში უნდა იყოს დახმარება აღმოჩენილი. ბუნებრივია, ასეთი პანდემია დაარტყამს ეკონომიკას. თქვენ იცით, რომ გაერო-ში არსებობს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი, სადაც მთელი მსოფლიო არის ჩართული. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გუშინ 2 მილიარდი დოლარის ფონდი მოითხოვა, რა თქმა უნდა, თანხები არ არის ჯერ აკუმულირებული, თუმცა მალე დაიწყება მათი შეგროვება და პირველ რიგში უნდა მოხმარდეს ისეთ ქვეყნებს, სადაც ძალიან რთული ვითარებაა“, - აღნიშნა კახა იმნაძემ.

 

კითხვაზე, თუ როგორი შეფასებები კეთდება გაერო-ში საქართველოს ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით, კახა იმნაძის თქმით, ამჟამად გაერო-ში თითოეული ქვეყნის ვირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. „ინდივიდუალურ ქვეყანაში რა ხდება, გაერო-ში არ განიხილება, თუ ეს არ ეხება ომსა და მშვიდობას. ასეთ დროს ხდება მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა, როდესაც ჩვენ ამის საშუალება გვაქვს. ახლა არ არის საუბარი თითოეული ქვეყნის ვირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე, ალბათ ეს ხვალინდელი დღეა, როდესაც მეტად იქნება დაგროვილი ყველა გამოცდილება და არ არის გამორიცხული, მომავალში ამას სპეციალური შეხვედრა მიეძღვნას“, - აღნიშნა კახა იმნაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge