12:46 27.03.2020
აუქციონი: ვინ გაყიდის ქრისტეს იუდაზე იაფად?! (ნაწილი მესამე)

"აუქციონი: ვინ გაყიდის ქრისტეს იუდაზე იაფად?!" - ამ სათაურით აქვეყნებს ბესიკ ლაგვილავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

(კორონოვირუსის გავრცელების დროს #დარჩისახლში კამპანიისას საკითხავი - ნაწილი მესამე)

 

გაგრძელება (თავი 1 და 2 იხ. 21 და 22 მარტის სტატუსებში)

 

- როგორ ბრძანდებით ბატონო აუქციონისტო?! - აუქციონისტისკენ ხელის ჩამოსართმევად წავიდა ბანკირი.

- არ გვინდა არ გვინდა... - ხელის ჩამორთმევას თავი აარიდა აუქციონისტმა, - ჯერ ერთი, კორონოვირუსი მძვინვარებს.... მეორეც, იუდას კოცნა... რატომ გგონიათ, რომ კეთილგანწყობილი ბანკირის გულითადი ხელის ჩამორთმევა...რაღაცით განსხვავდება იუდას კოცნისგან?
- იცით, სინამდვილეში რატომ მოიკლა იუდამ თავი? - იუდას შეხედა აუქციონისტმა.

- ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ. ვერც ერთი ქალი ვერ დავითანხმე... კოცნაზე! - ნაღვლიანი ღიმილით თქვა იუდამ.

- წარმოიდგინე, დილით DHL-ის ფოსტალიონს წერილი მოაქვს, გაღვიძებს და კითხულობ წერილს, რომელიც მთავრდება სიტყვებით, გკოცნი, შენი იუდა! როგორ ხასიათზე დადგები? - Mathew Alexander-ის მიერ გაკრეჭილ ულვაშებში ჩაიღიმა აუქციონისტმა და ბანკირს თვალებში შეხედა.
- რა შუაშია?! - ეჭვიანი ხმით იკითხა ბანკირმა.
- ხომ გითხარით, რომ ცოტა უცნაურად და ჟღერს - იუდას კოცნა, კეთილგანწყობილი ბანკირის გულითადი ხელის ჩამორთმევა, აღზრდილი უტიფარი, გამაყრუებელი სიჩუმე, საზარლად ლამაზი, მშრალი წყალი, ცოცხალი მკვდარი, პატიოსანი პოლიტიკოსი, მოწყალე ბანკირი ან ბანკირის სოციალური პასუხისმგებლობა... - გაიცინა აუქციონისტმა, - იცით, რა არის ოქსიუმორინი?! - კითხვაზე ჯერ დარბაზისკენ გაიშვირა და შემდეგ ჩემსკენ შემოატრიალა საჩვენებელი თითი.
- რაღაც პარადოქსისმაგვარი!- ვუპასუხე.

- ოქსიუმორინია - პატიოსანი პოლიტიკოსი, - წვრილთვალა ქართველ პოლიტიკოსს შეხედა, - მოწყალე ბანკირი ან ბანკირის სოციალური პასუხისმგებლობა... - გაიცინა აუქციონისტმა, ბანკირს შეხედა და კითხა, - თქვენ კორონოვირუსის გავრცელების გამო, რაღაც ახალი სახალხო, სოციალური აქცია წამოგიწყიათ, არა?!

- დიახ, თქვენც გაიგეთ, არა? - გაუხარდა ბანკირს, - კარგად მუშაობს ჩვენი პიარსამსახური. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოვალეებს, სამი თვით გადავუვადებთ სესხის მომსახურებას!

- ბანკი და სოციალური პასუხისმგებლობა... მოწყალე ბანკირი, სულ ცოტა ხნის წინ ეს ოქსიუმორინი მეგონა... არადა, გასაკვირია და არსებობსთურმე... დღეს ყველას თქვენი ვალი აქვს და... - გაიღიმა აუქციონისტმა, - როცა კორონოვირუსის გამო მთელი მსოფლიო გაჩერდა, ეს თქვენი გადაწყვეტილება, ცოტა შვებას მაინც მისცემს ხალხს! სამი თვის შემდეგ რას გააკეთებთ?

- სამი თვის შემდეგ იმ პროცენტებს დარჩენილ თვეებზე გადავუნაწილებთ, - მკვირცხლად უპასუხა ბანკირმა.
- ანუ... ანუ გადასახდელი გაეზრდებათ, არა?! - გაოცებული ჩანდა აუქციონისტი.
- რა თქმა უნდა.
- კორონოვირუსის გამო ყველა დაკარგავს რაღაცას, ბევრი - ყველაფერს, მაგრამ ბანკი - არაფერს...
- რა თქმა უნდა! წესია ქვეყანა რომ დაიქცეს, ყველა რომ შიმშილით გაწყდეს - ბანკი არ უნდა დაზარალდეს! - გაიცინა ბანკირმა.

- ამას ქვია ოქსიუმორინი! - ხარხარებდა აუქციონისტი, - მართალი იყო პაპი ალექსანდრე, როცა ბანკირებს ზიარებაზე და ქრისტიანული წესით დამარხვაზე უარი გითხრათ!

- პაპი ალექსანდრე... იმიტომაც მოუწია მთელი ცხოვრება ქალაქიდან ქალაქში სირბილმა... გაგიგიათ - No justice no peace? სამართლის გარეშე არ არის მშვიდობა! ანუ სამართალი უნდა აღსრულდეს! ასეა, ბანკის ხელშეკრულებაც! გინდ ცა ჩამოემხოს მიწაზე - ბანკის ხელშეკრულება უნდა აღსრულდეს!

- საინტერესო კაცი ჩანხარ და ისიც გვითხარი, რატომ წერენ ბანკირები საკრედიტო ხელშეკრულებებს წვრილი ასოებით? - თავისი თლილი თითები შუბლთან მიიტანა აუქციონისტმა.

- წაკითხვა რომ შეუძლებებლი იყოს! - სერიოზული სახით თქვა ბანკირმა.

- მე ყოველთვის ვოცნებობდი, მენახა კომედია, როცა ბანკში კლიენტი მიდის, მიაქვს ხელშეკრულების თავისი ვარიანტი, აძლევს მას ბანკის მმართველს და ეუბნება, - წაიკითხე ყურადღებით და ხელი მოაწერე აქ, კიდევ აქ და კიდევ აქ!

- ბანკის ხელშეკრულება - კლიენტის სიხარბეზეა გათვლილი! - გაიცინა ბანკირმა, - კლიენტი ბანკთან საკრედიტო ხელშეკრულებას აფორმებს და მოთმინება არ ყოფნის, ხელები უკანკალებს, გული უთრთის, როდის მოხსნის ანგარიშიდან კრედიტის თანხას. მას უკვე მდიდარი ჰგონია თავი! ჰგონია, აშენდა! სინამდვილეში, ვინც კი კრედიტს იღებს - ამდიდრებს ბანკს! ის ისე აწერს მონობის დეკლარაციას ხელს, რომ მხოლოდ საკუთარ გვარს და სახელს კითხულობს - იმასაც ბოლო გვერდზე! სათვალეს ხმარობთ? - იკითხა ბანკირმა.

- კი, მაგრამ ეს რა შუაშია, - გაუკვირდა აუქციონისტს.

- წვრილი შრიფტით კი იმიტომ არის დაბეჭდილი, რომ თქვენისთანა ინტრიგანსსაც კი თავში არ მოუვიდეს მონასა და მონათმფლობელს შორის ხელშეკრულების წაკითხვა! - გაიცინა ბანკირმა.

- ამას ისედაც ვხვდებოდი! - თქვა აუქციონისტმა.

სანამ აუქციონისტი და ბანკირი საუბრობდნენ იუდა გარშემო დაწრიალებდა. მომენტს ელოდა, რომ სიტყვა ჩაერთო საუბარში.

- რაიმე ხომ არ გნებავთ? - თავაზიანად მიმართა ბანკირმა.
- კრედიტი მინდა ავიღო, - გაუბედავად თქვა იუდამ.

- ძალიან კარგი, - უთხრა ბანკირმა, - გარანტია?! საგარანტიო ქონება გაქვთ? სახლი, მანქანა ან მიწის ნაკვეთი?!

- ქრისტეს კოცნაში აღებულ ოცდაათ ვერცხლად, რომელიც სინედრიონს მივუგდე - მინდორი იყიდეს უცხოელთა სასაფლაოსთვის... - თავის სახელზე არ გააფორმებდნენ - სისხლში მოსვრილი ფული იყო მაინც! ჩემს სახელზე იქნება!

- ძალიან კარგი! - აღფრთოვანდა ბანკირი, - რეესტრიდან ამონაწერი მჭირდება. რა საქმისთვის გჭირდებათ კრედიტი?!

- ქრისტეს საფლავთან ჯიხურის ჩადგმა მირჩიეს! სანთლებს გავყიდი, ღვინოს და პურს ზიარებისთვის, კიდევ ჯვრებს... - თქვა მეოცნებე სახით.

- კი მაგრამ... თქვენ არ მოაკვლევინეთ, იესო?

- რა მივიღე?! ოცდაათი ვერცხლი! ეეჰ! რომ მცოდნოდა რამხელა პოტენციალი ჰქონდა ამ თემას... ახლა ამას რას გავქაჩავ! უკვე გვიანაა! თუმცა, ახლა ქრისტეს საფლავზე ტაძარი დგას. მომლოცველები დადიან! მისი შემოსავლის ათი პროცენტი ამაშენებდა. რამეს უსამართლოდ ხომ არ ვითხოვ? უჩემოდ არც ჯვარცმა იქნებოდა და არც აღდგომა...

- გეკუთვნით, აბა რა! კარგია! რამდენი გჭირდებათ და რა ხნით?!

- ერთი მილიონი, მომავალ გაზაფხულამდე ვადით მეყოფოდა! გირაოდ იმ ოცდაათ ვერცხლად ნაყიდ მიწას ჩაგიდებთ.

- კი ბატონო. ანგარიშს ახლავე გაგიხსნიან და პირობებზე მოვილაპარაკოთ! მილიონი გინდათ ხომ?
- კი, მილიონი! - აღელდა იუდა.

ბანკირმა, როგორც ჯადოქარმა ხელი აიქნია და იუდას ცისფერ ყელსახვევიანი გოგოები დაეხვივნენ. თან ანგარიშს უხსნიდნენ, თან ბანკირი ესაუბრებოდა მის ახალ კლიენტს. ახლა ანგარიშზე ფულს ვრიცხავთ და კრედიტის ხელშეკრულებასთან ერთად, იპოთეკის ხელშეკრულებას უნდა მოაწეროთ ხელი.

კი ბატონოო- თქვა იუდამ და მთითებულ ადგილებზე ხელის მოწერა დაიწყო, თუმცა ბანკირმა გააჩერა:
- მილიონი... მილიონი... კი, ბატონო! ოღონდ ერთი წლის თავზე ორი მილიონი უნდა დამიბრუნოთ!

- ჯიხური ქრისტეს საფლავთან მარტო აღდგომაზე იმდენ ფულს მომიტანს, რომ აუცილებლად დავფარავ, - იმედიანად და ხალისიანად თქვა იუდამ .

- მჯერა! მჯერა! ჩათვალე კრედიტი დაგიმტკიცდა! მაგრამ... - ჩაფიქრდა ბანკირი, - მომავალ გაზაფხულზე ერთბაშად ორი მილიონის გადახდა რთულია! არ გირჩევნია - ახლავე გადაიხადო ერთი მილიონი და დარჩენილი მილიონი მომავალ გაზაფხულს?

- კი ბატონო, ეგრე იყოს, - უპასუხა იუდამ.

- ახლა ამ საკრედიტო ხელშეკრულების ხელ მოწერა დავიწყოთ. - დაჟინებით მოითხოვა ბანკირმა და იუდამ ხელი მოაწერა.

- თუკი, გადასახდელი ორი მილიონიდან ერთი ახლავე უნდა გადაიხადო, რაღაზე დაგისვა ანგარიშზე ფული?! უკან ჩარიცხვისთვის კიდევ საკომისის გადახდა მოგიწევს... იყოს ჩვენს ანგარიშზე და გადახდილად ჩაგითვლით... მომავალ
გაზაფხულზე კი მარტო ერთი მილიონის გადახდა მოგიწევს. გადაიხდი და... და ქონებასაც გამოგითავისუფლებენ იპოთეკისგან!

- კარგია!. მადლობა დიდი, - გაუხარდა იუდას.

- ეს შენი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების ჩვენი ეგზემპლიარია. წაკითხვა ხომ არ გინდა? არაა? გვენდობი? მაშინ აქ და აქ მოაწერე ხელი, - თითქმის ბრძანებით თქვა ბანკირმა.

იუდამ ხელი მოაწერა.
- ეს კი ძირითადი ხელშეკრულება... ყველა გვერდზე, სადაც წერია "კლიენტი " გვერდით ხელი მოაწერე.

დიდხანს წრიპინებდა კალამი. იუდა უკუღმა აწერდა ხელს. იდიშის ენაზე ხომ ჩვენებურად მარცხნიდან მარჯვნივ კი არა მარჯვნიდან მარცხნივ იწერება.

ჰოო... დიდხანს, ძალიან დიდხანს წრიპინებდა ქაღალდზე კალამი.

ბოლო გვერდზე ხელმოწერის წინ იუდა ჩაფიქრდა... ბანკირს მილიონზე მოთამაშე პოკერისტის აღელვება დაეტყო.
იუდაც ცოტა აღელდა... იფიქრა, იფიქრა და მაინც ხელი მოაწერა და მხოლოდ შემდეგ წარმოთქვა - "კრედიტი კი ავიღე, მაგრამ... ფული როგორც არ მქონდა ისე არ მაქვს, ოცდაათ ვერცხლად ნაყიდი მეთუნის მიწა გირაოში მაქვს ჩადებული, მომავალი წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი მილიონი გადასახდელი! არადა, ამის დედაც... ყველაფერი თითქოს სწორად არის! მილიონზე საკრედიტო ხელშეკრულება გავაფორმეთ... მომავალ გაზაფხულს ორი უნდა გადამეხადა და რომ არ გამჭირვებოდაპატივი მცეს და მილიონი თავიდანვე გადამხადევინეს.. რა პრობლემაა? მაგრამ რატომ არ მაქვს ფული."

აუქციონისტი რამდენიმე წუთი გაოგნებული უყურებდა იმას რაც მოხდა! მერე მხარზე ხელი მოუთათუნა ბანკირს.

- ბოდიში რომ ხელს ვერ გართმევ! კორონოვირუსმა დაანგრია იტალია! მაგრამ უნდა გითხრა, მაგარი ყოფილხარ! ასეთი აფიორა ჩაუტარო კაცს... და მერე ვის?! თავად იუდას! მე რომ მოგეტყუებინე ისიც არ გამიკვირდებოდა ასე... მაგრამ იუდას მოტყუება?! ჯერ ერთი ებრაელია! მეორეც, იუდაა მაინც! არადა, ყველაფერი კანონიერად და ურთიერთშეთანხმებით მოხდა. ბრავო, მეგობარო! ბრავო! მრავალჟამიერ!

- ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილოდ არ გვყავდეს არც ერთი კლიენტი! - თქვა ბანკირმა, - შენც ხომ მომსახუტებით კმაყოფილი ხარ მეგობარო?! - მიმართა იუდას.

- თვე დასჭირდებაო საბუთების მოგროვებას მაშინებდნენ! მადლობა თქვენ, რომ ასე სწრაფად მომიგვარეთ ყველა პრობლემა, - გახარებული ჩანდა იუდა.

უცებ, თავში რაღაც ფიქრმა მოუარა;

- ფული როგორც არ მქონდა ისე არ მაქვს, ქრისტეს გაყიდვის გასამრჯელოდ აღებულ ოცდაათ ვერცხლად ნაყიდი მეთუნის მიწა - გირაოში მაქვს ჩადებული, მომავალ წელს კიდევ ერთი მილიონი გადასახდელი! არადა, ამის დედაც... ყველაფერი თითქოს სწორად არის! - უცებ რაღაცას მიხვდა და ბანკირს მიუბრუნდა, - შეგიძლით ხელშეკრულების თქვენი ეგზემპლიარი წუთით მანახოთ?!

- თქვენი ხომ გაქვთ! ჩემი მე რეესტრში უნდა ჩავაბარო, - არ მისცა ბანკირმა.
- მომეცი მეთქი! - გაბრაზდა იუდა.
- შენსას ჩახედე, რაიმეს წაკითხვა თუ გინდა! - გაბრაზდა ბანკირი, - და თუ რამე არ მოგწონს სასამართლოში მიჩივლე... კიდევ ერთ მილიონს ჯარიმას აგართმევ.

- მომატყუე! მომატყუე! - ბანკირს ჰალსტუხში წვდა იუდა, - ფული როგორც არ მქონდა ისე არ მაქვს და რაც მთავარია, არც მინახავს! ქრისტეს გაყიდვის გასამრჯელოდ აღებულ ოცდაათ ვერცხლად ნაყიდი მეთუნის მიწა - გირაოში მაქვს ჩადებული, მომავალ წელს კიდევ ერთი მილიონი გადასახდელი! არადა, არადა... ყველაფერი თითქოს სწორად არის! მილიონი ავიღე და ორი უნდა დამებრუნებინა! მილიონის ნაცვლად ორი უნდა დამებრუნებინა... და მაინც რაღაცაში მომატყუეს!

- ბრავო! - აღტაცებით შესძახა აუქციონისტმა, - მსგავსი არასოდეს მინახავს, არც გამიგია და ვაღიარებ.. თავად ეშმაკსაც არ მოუვა თავში!

ბანკირი კმაყოფილი ჩანდა ამ შეფასებით!

- დავით მეფე დიდხანს იბრძოდა, რომ ეწოდებინათ - მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შირვანშა და შაჰინშა... - ვიღაც დათო სანამ ბანკთან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს უბრალოდ "ღარიბად" იწოდება. მოაწერს ბანკის ხელშეკრულებას ხელს და ეს "ღარიბი დათო", უცებ უამრავი ტიტულის მატარებლად იქცევა - გადახდისუუნარო, ღატაკი, უსახლკარო, მათხოვარი, უქონელი, უპოვარი, უმწეო...

- რატომ? ზოგი ხომ მდიდრდება კიდეც?

- განსაკუთრებით პენსიონერები! - გადაიხარხარა აუქციონისტმა, - ყველაზე უფრო ის ხელშეკრულებები მომწონს, პენსიონერებს რომ უფორმებთ და ერთი წლის პენსიის მიცემაში ორი წლისას რომ ართმევთ! თაღლითობას კი გავს, როცა სალაროსთან წელში ცხრაგზის მოხრილ მოხუცს ვხედავ, რომელიც აკანკალებული ხმით ეხვეწება ბანკის ოპერატორს ერთი წლის პენსიის ერთად მიცემას, ორი წლის პენსიის სანაცვლოდ... თუმცა პენსიონერის მოტყუება რაღაა! ახლა დავრწმუნდი, რომ ეს სქემები და საბანკო თაღლითობა ფინანსური გენიის მოგონილია! და ეს გენია შენ ხარ!

- ჩემი მოგონილია! ის წელში ცხრაგზის მოხრილი ბებო რომ მოკვდეს ვინ აუნაზღაურებს ზარალს ჩემს ბანკს?! - გაცხარდა ბანკირი.

- ბრავო! ბრავო! არ მიკვირს შენი მზაობა, რომ იაფად გაყიდო ქრისტე! - ფეხის ცერიდან თმის ღერამდე აათვალ-ჩაათვალიერა აუქციონისტმა ბანკირი, - როგორ გგონია ყველა ადამიანი ტყუის ბანკის წინაშე?!

- ვიცი მოსაზრება, რომ ყველა ადამიანი თავისებურად მართალია, მაგრამ ჩემი აზრით, ბანკის წინაშე ყველა ტყუის!
.
- ახლა, ისეთი რამ ვნახე, ამ უსინდისოსს ალბათ, ვერავინ მოუგებს! - ბანკირს აღტაცებულ მზერას არ აშორებდა აუქციონისტი, - ამიტომ დავასრულოთ აუქციონი - ვინ უფრო იაფად გაყიდის ქრისტეს! ფორმალურ პროცედურას ჩავატარებ! ოცდახუთი ვერცხლი - ერთი! ოცდახუთი ვერცხლი - ორი! ოცდახუთი ვერცხლი...

- ოცდაოთხი ვერცხლი! - ისე დაჰკივლა ვიღაცამ დარბაზიდან, რომ აუქციონისტი შეკრთა... - როგორ ამ ბანკირზე დიდი გაიძვერაც შეიძლება არსებობდეს?! - ხმამაღლა წამოსცდა მას.

 

გაგრძელება იქნება




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge