15:35 27.03.2020
„საპენსიო რეფორმის მასშტაბისა და მნიშვნელობის ნათლად წარმოჩენისა და აღქმის დრო ჯერ არ დამდგარა, მოუფრთხილდით!”

მარინა გულედანი სოციალურ ქსელში წერს:

 

ალბათ ბევრმა არ იცის, მაგრამ ბოლო 5 წელი საპენსიო რეფორმაზე ვიმუშავე დონორ ორგანიზაციებთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. უზარმაზარი ენერგია და რესურსი ჭირდება ამ ტიპის პროექტის განხორციელებას. ეს არის გრძელვადიანი ინიციატივა, რომლის საყოველთაო შეფასების და დაფასების წახალისება რთულია დასაწყისში. რა თქმა უნდა რეფორმის განხორციელებას თან ახლავს ბევრი სირთულე, შესაძლოა ჩავარდნა კომუნიკაციაში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მცდელობებში. ამას დროთა განმავლობაში შესრულებული საქმე და გატანილი პენსია აღმოფხვრის.

 

ყველაზე კარგად საქმე დაამშვიდებს შენატანის განმახორციელებელს. როგორც რეფორმის პროპონენტს, არ მაღიზიანებს როცა მოქალაქე გამოთქვამს საკუთარ ეჭვს და სკეპტიციზმს, ვინაიდან კარგად არა აქვს გააზრებული ამ რეფორმის სიკეთეები და საჭიროება. მაგრამ როდესაც ასეთ მძიმე პერიოდში პოლიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს საპენსიო რეფორმის და შენატანების შესახებ, მიმაჩნია რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ისინი ამას საჯარო პლატფორმიდან აკეთებენ, და გარკვეული წრეებისთვის ავტორიტეტებს წარმოადგენენ. ასეთ ადამიანებს ევალებათ (!) რომ ესმოდეთ საპენსიო რეფორმის მასშტაბი და დატვირთვა. თუ ამ საკითხში არ ერკვევიან, არ უნდა გააკეთონ უპასუხისმგებლო კომენტარები ამ თემაზე. კაცობრიობა აქამდე კოლექტიური თანამშრომლობით მოვიდა, ისეთი საქმეებით, რომელთა განხორციელება ცალკეულ პირებს არ ძალუძთ.

 

ის რომ დღეს ამ პერიოდში საქართველო კარგად უმკლავდება შექმნილ ვითარებას ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ყველა ძალისხმევას წარმოჩენის და დაფასების თავისი დრო აქვს. მაგალითად ლუგარის ლაბორატორიაზე არაერთი მითი მსმენია. მოვიდა დრო და დავაფასეთ. საპენსიო რეფორმის მასშტაბის და მნიშვნელობის ნათლად და საყოველთაო/სახალხო წარმოჩენის და აღქმის დრო ჯერ არ დამდგარა. მოუფრთხილდით!- წერს მარინა გულედანი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge