16:34 27.03.2020
"ქუჩებში სიჩუმე და სიცარიელეა, თუ ადრე ქალაქის უბნები ხალხით იყო სავსე, ახლა ყველა სახლებშია ჩაკეტილი და კარანტინის წესებს იცავს"

თურქულ გაზეთ „თურქიე“-ს («Türkiye») დღევანდელ, 27 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია საკმაოდ ვრცელი სარედაქციო მიმოხილვითი სტატია, რომლის სათაურია „საქართველოში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია“. 

 

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რაოდენობის ზრდის კვალობაზე საქართველოში ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები თანდათან მკაცრდება - ქალაქების ქუჩები ცარიელია, რადგან მცხოვრებლები თავიანთ სახლებში არიან და გარეთ ნაკლებად გამოდიან. გაზეთი წერს, რომ ყველაზე კრიზისულ ქალაქებად ქვემო ქართლის რეგიონის ქალაქებია მიჩნეული - ბოლნისი და მარნეული, რომლებშიც კარანტინია გამოცხადებული და სადაც უმეტესად აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

 

სტატიაში დიდი ადგილი ეთმობა მარნეულში შექმნილ ვითარებას - გადმოცემულია ერთგვარი რეპორტაჟი „ცხელი ადგილიდან“: ქუჩებში სიჩუმე და სიცარიელეა, თუ ადრე ქალაქის უბნები ხალხით იყო სავსე, ახლა ყველა სახლებშია ჩაკეტილი და კარანტინის წესებს იცავს. დროებით შეწყვეტილია მუშაობა უმეტეს დაწესებულებებში - სამედიცინო ცენტრების, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარნეულისა და ბოლნისის შესასვლელებში 12 საკონტროლო-გამშვები პუნქტია შექმნილი. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობამ პირველ რიგში მიიღო ჩინური ტესტები, აგრეთვე უფასო პირბადეები.

 

გაზეთის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სტუდენტებისა და სკოლების მოსწავლეებისათვის დისტანციური სწავლების რეჟიმი შემოიღო, ტელევიზიის მეშვეობით. „ვირუსთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა სპეციალური ფონდი, რომელშიც ტანხები აკუმულირდება. უკვე შეგროვებულია ფინანსური სახსრები რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც დახარჯული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, - წერს თურქული გაზეთი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Türkiye» (თურქეთი)

https://www.turkiyegazetesi.com.tr/dunya/690789.aspx




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge