დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

უძველეს კოლხ მეტალურგთა საიდუმლოება - არ დავიწყება საკაცობრიო ცივილიზაციის საწყისებისა! 25.05.2020 15:32

,,სამყაროში ერთი მიზეზის ახსნა უფრო 

ძვირად მიღირს, ვიდრე სპარსეთის ტახტი“

დემოკრიტე

ამიერკავკასიაში უძველესი მეტალურგიის კერების აღმოჩენისა და შესწავლის მხრივ თითქმის საუკუნის მანძილზე ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიღწევების შედეგად დიდად მნიშვნელოვანი შრომები  მოგვეპოვება.

 

მიუხედავად ამისა კვლავ რჩება შესასწავლი არაერთი  საინტერესო საკითხი, რომელიც დღემდე სათანადო ყურადღების მიღმა რჩებოდა.

 

აქედან გამომდინარე ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე, რომელიც სიამაყის გრძნობასთან ერთად დიდ ინტერესსა და გაოცებას იწვევს, კერძოდ: ძველი კოლხეთის მართველები და კოლხი მეტალურგები საუკუნეების მანძილზე როგორ ახერხებდნენ რკინის წარმოების ტექნოლოგიების საიდუმლოების დაცვას?

ვიდრე ამ საიდუმლოების ახსნას შევეცდებოდე, საერთო წარმოდგენისათვის კარგი იქნებოდა მოკლე ისტორიული მიმოხილვა და არსებული მდგომარეობის ანალიზი ამ თემასთან დაკავშირებით.

 

უძველესი და ანტიკური ხანის ეგვიპტური, ხეთური, ბერძნული, ურარტული და სხვა ისტორიული წერილობითი წყაროები მოწმობენ საყოველთაოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ ძველი კოლხური ტომები - ხალიბები რკინის პირველი მწარმოებლები იყვნენ. ანუ მადნიდან გამოდნობის წესით რკინის მიღება დედამიწაზე პირველად ჩაისახა და იწყო განვითარება შავიზღვისპირეთში, ძველ კოლხეთში.

ბუნებრივია ამ აზრის აღიარებისათვის, რაც თავის მხრივ ჩვენი წინაპრების უდიდესი ღვაწლის აღიარებას ნიშნავს კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების საქმეში, მხოლოდ ძველი ისტორიული წერილობითი წყაროები. საკმარისი ვერ იქნებოდა ამიტომ, 1950-იანი წლებიდან ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები.

1959-2000 წლებში მთელი კოლხეთის ტერიტორიაზე  უძველესი კოლხური რკინის სადნობი სახელოსნოების აღმოჩენამ, რომლებიც ყველაზე ძველი კოლხური ძეგლებია და თარიღდებიან ძვ.წ.  XIII-VII საუკ.1  (მდ. ჭოროხის, ჩაქვის წყლის, ჩოლოქის, სუფსა-გუბაზეულის, ხობი-ოჩხომურის აუზებში და სხ.) ნივთიერი მტკიცებულებებით დაადასტურეს ზემოაღნიშნული ისტორიული წერილობითი წყაროებით გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ საქართველო რკინის წარმოების ისტორიული სამშობლოა.

ძვ.წ. XII საუკუნიდან დასავლეთ ამიერკავკასია უკვე წარმოადგენდა რკინა-ფოლადის მწარმოებელ მთავარ რეგიონს,2 მაშინ როდესაც ძველი სამყაროს ცივილიზებული ქვეყნებისათვის რკინის წარმოება უცხო იყო.

ცივილიზაციის განვითარების გზაზე ასეთი დიდი გარდატეხა არ იყო შემთხვევითი. მას წინ ბრინჯაოს მეტალურგიის მდიდარი გამოცდილება ედო საფუძვლად. საბადოებით მდიდარი ამიერკავკასია იზოლირებული ვერ იქნებოდა მსოფლიო ისტორიული პროცესებისაგან. კოლხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ძველი მელითონეებიც ჩართული იყვნენ წინააზიური კულტურების განვითარების ერთიან სისტემაში3.

გვიან ბრინჯაოს ხანაში, კავკასიაში, კერძოდ კოლხეთში ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისში მოხდა დიდი ცვლილებები. მეტალურგიის განვითარების უდიდესი მიღწევა იყო კოლხი მეტალურგების მიერ მადნიდან გამოდნობის წესით რკინის მიღება და ათვისება, რამაც რევოლუციური გარდატეხა მოახდინა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების საქმეში....

წინაპართა ამ უდიდესი ღვაწლის დამადასტურებელი ნივთიერი მტკიცებულებები, ძველი კოლხური რკინის სადნობი სახელოსნოები, რომელთა აღმოჩენებსაც აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა აღფრთოვანებით ,,დიდი საქმის დასაწყისი“ უწოდა, ( 1964 წ.) საბოლოო განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

 

მეცნიერულად შესწავლის შემდეგ ისტორიული რკინის სადნობი სახელოსნოებიდან შედარებით უმნიშვნელო სამუზეუმო ექსპონატების მუზეუმებში გადატანის შემდეგ მთავარი, თვით სახელოსნო-ღუმელები, ქვის მაგიდა ,,საჟეპელა“, ირგვლივ მოფენილი წიდებით კონსერვაციის გარეშე დარჩენილი ათწლეულების მანძილზე დავიწყებას მიეცა. შედეგად, ბევრი ასეთი ისტორიული რკინის სადნობი სახელოსნო, ძეგლი რომლითაც იამაყებდა ნებისმიერი ერი, განადგურდა. სოფლის მეურნეობისათვის გამოყენების მიზნით ეს ტერიტორიები ადგილობრივმა მოსახლეობამ შემოღობა, მოხნა და აითვისა...

 

უძველეს ქართველთა დიადი წარსული, კოლხური რკინის მეტალურგიის ისტორია სამუდამო დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

მუზეუმებში დაცულ ათასობით სხვადასხვა სახის ექსპონატების გვერდით რკინის წარმოების ნიმუშები ვერ ახდენენ იმ შთაბეჭდილებას მნახველზე, როგორიც შეიძლება მოახდინოს უძველესმა, დედამიწაზე ერთ-ერთი პირველი ისტორიული რკინის სადნობი სახელოსნოების ნახვამ.

შედეგად მას არ მოჰყოლია ის ფართო რეზონანსი, ქართველი ერის წინაპართა ღვაწლის საერთაშორისოდ აღიარება და დაფასება, როგორც რკინის წარმოების ისტორიული სამშობლოსი, რაზედაც აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, მეცნიერთა საზოგადოება და შეიძლება ითქვას მთლიანად ქართველი ხალხი იმედს ამყარებდა.

ამ აზრს დამატებით მოწმობს ის ფაქტებიც, რომ საქართველო მსოფლიო ხალხთა ატლასზე, ტურისტულ ცნობარებში და სხვაგან წარმოდგენილია მხოლოდ როგორც ძველი ქრისტიანული ქვეყანა და ვაზის სამშობლო....

ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე თანამოაზრეებთან ერთად ჩემთვის შესაძლებელი გახდა კოლხეთის სხვადასხვა მხარეს მდ. ჩაქვის წყლის, მდ. ჭოროხის და მდ. ჩოლოქის აუზებში უფლის ნებით, სასწაულებრივად ჯერ კიდევ უვნებლად შემორჩენილი, დაკარგული ისტორიული კოლხური მეტალურგიის კერების მოძიება, ტერიტორიების შემოღობვა, გადარჩენა და დაცვა. მათ შორის  ჩაქვის ჩაისუბნის ისტორიულ რკინის სადნობ სახელოსნოს 2019 წლის ნოემბერში უძრავი მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მიმდინარეობს მუშაობა დანარჩენ ძეგლებთან მიმართებაში.

 

დღეს ჩვენს წინაშე მდ. ჭოროხის, მდ. ჩოლოქის და ჩაქვის წყლის აუზებში  დაცული უძველეს კოლხთა რკინის სადნობი სახელოსნოების სახით, ისტორიულ წერილობით წყაროებთან ერთად საკმარისი ნივთიერი მტკიცებულებები გაგვაჩნია იმისათვის, რომ საქართველო ,,იუნესკოს“ წინაშე წარსდგეს როგორც რკინის წარმოების ისტორიული სამშობლო. მსოფლიოს ხალხთა დიდ ატლასზე საქართველო ვაზის სამშობლოსთან ერთად წარმოდგენილი იქნას რკინის წარმოების ისტორიულ სამშობლოდ!

ეს საკითხი შემდგომი, ცალკე მსჯელობის საგანია (იხ. წიგნი: ნიაზ ბოლქვაძე. ,,წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად. საქართველო, ჩაქვი-უძველესი მეტალურგიის სათავეებთან“ თბ., 2020 წ.). დავუბრუნდეთ განსახილველ თემას.

 

*  *  *

როგორც უკვე შესავალში აღინიშნა ამ ნაშრომით შევეცდები იმ ისტორიული მოვლენების ახსნას, რომელიც ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი, არასწორი წარმოდგენა დამკვიდრდა მასზე და დღემდე პასუხს მოელოდა.

საქმე ეხება მეტად საინტერესო ისტორიულ ფაქტს: თუ როგორ იყო შესაძლებელი ძველი კოლხეთის მართველებისთვის საუკუნეების მანძილზე რკინის წარმოების ტექნოლოგიის საიდუმლოდ დაცვა, მაშინ, როცა საქართველოს უკვე მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა მაშინდელ მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებთან, ასევე იყო სხვა ათასი დაუპატიჟებელი მომხდური თუ მოგზაური. ამის ერთ-ერთი მაგალითია არგონავტების მოგზაურობა საქართველოში, რომელთა მთავარ მიზანს უპირველესად სწორედ, რომ რკინის წარმოების საიდუმლოების მოპოვება წარმოადგენდა. ამ აზრის ჭეშმარიტებას უნდა მოწმობდეს ჩვენს წინაშე არსებული ერთ-ერთი ის რეალური ისტორიული ფაქტი, რომ ჩოლოქისა და ჩაქვის რკინის სადნობი სახელოსნოები არგონავტების საქართველოში მოგზაურობის დროს (დაახ. ძვ.წ. XIII-XI საუკ.) მოქმედი ობიექტები იყო, სადაც რკინის წარმოება იწყებდა განვითარებას. ამ დროისათვის როგორც ძვ. ხეთური და ბერძნული წყაროები მოწმობენ რკინა ოქროზე 10-ჯერ მეტად ფასობდა1. 

 

ოქროს საწმისი კი მატერიალურად მდიდარი კოლხეთის სიმბოლო იყო, რომელმაც მაშინდელი სამყაროს შემოქმედებით წრეებში პოეტურად ასახვა ჰპოვა...

დიდი მოაზროვნე, ფილოსოფოსი დემოკრიტე (ძვ.წ. V-IV საუკ) აღნიშნავდა: ,,სამყაროში ერთი მიზეზის ახსნა უფრო ძვირად მიღირს, ვიდრე სპარსეთის ტახტი“.

აქედან ის მინდოდა მეთქვა, რომ უძველესი დროიდან ცივილიზაციის განვითარების გზაზე, ყოველი ახალი აღმოჩენა, რომელსაც სამხედრო და ეკონომიკის განვითარების მხრივ სტრატეგიული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მკაცრად საიდუმლოდ ინახებოდა.

ისტორიული ფაქტები მოწმობენ, რომ კოლხი მეტალურგების მიერ რკინის წარმოების ტექნოლოგიის საიდუმლოება მრავალი საუკუნის მანძილზე მტკიცედ იყო დაცული.

როგორც უკვე შესავალში ავღნიშნეთ ძვ. წ. XII საუკუნიდან დასავლეთ ამიერკავკასია, კერძოდ კოლხეთი წარმოადგენდა რკინა-ფოლადის მწარმოებელ მთავარ რეგიონს. მანამდე ქართველ მეტალურგებს, ბრინჯაოს ხანიდან სხვა ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უკვე ათასწლოვანი გამოცდილება ჰქონდათ, სადაც ბუნებრივია შემდგომ უკვე რკინის ნაწარმი და თვით რკინის მასალა გაჰქონდათ. ზემოაღნიშნულიდან ისმება მთავარი კითხვა: სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე სხვა ათასგვარი შემოსევებისა და მომხდურების ფონზე, როგორ ხერხდებოდა საუკუნეების მანძილზე რკინის მეტალურგიის წარმოების საიდუმლოების დაცვა?

ისტორიის ამ დარგის სპეციალისტთა შორის გავრცელებული არის აზრი იმის შესახებ, რომ ისტორიული რკინის სადნობი სახელოსნოები საიდუმლო წარმოება იყო, მაგრამ ჩემს ხელთ არსებულ წერილობით წყაროებში ამის შესახებ არსად არ არის გაკეთებული განმარტება.

 

ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ იყო საიდუმლო წარმოება იქ, იმ ტერიტორიაზე, სადაც არის განთავსებული მივიღე შემდეგი პასუხი:

,,მეტალურგებს საწვავი მასალის ადგილზე მოპოვება და მაგნეტიტური ქვიშის ზღვის სანაპიროდან მოტანა უფრო უადვილდებოდათ, ვიდრე პირიქით, საწვავი მასალის შორს გადატანა.

ასეთი პასუხი, ჩაქვის, ჩაისუბნის ისტორიული სახელოსნოს და მისი შემოგარენი ტერიტორიის დათვალიერებისას თავიდანვე საეჭვოდ მეჩვენა. თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ მას სიმართელსთან არავითარი კაშვირი არ ჰქონდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საწვავი ხის მასალა, რომელიც რკინის წარმოებისათვის ამ მხარეში გამოიყენებოდა: წყავის, შკერის, წაბლის, რომელიც მაღალ ტემპერატურას (დახ.1600 გრადუსზე მეტს) იძლევა, ზემოაღნიშნულ მთავარი მდინარეების ზღვის შესართავთანაც ახლოს, სადაც მადანი-მაგნეტიტური ქვიშა მოიპოვებოდა საკმაოდ უხვად იქნებოდა. ამ ხის ჯიშების კვალი ამ ტერიტორებზე დღესაც საკმაოდ კარგად შეიმჩნევა.

 

 

ამდენად ეს ვერსია, რომლიც დღემდე იყო დამკვიდრებული თავიდანვე გამოირიცხა, პასუხი სხვაგან უნდა მეძია.

ცნობილი მწერალი და გამომძიებელი კონან დოილი, იგივე ,,შერლოქ ჰომსი“ ამა თუ იმ საკითხის შესწავლისას ამბობს: ,,ჩვენ ყველა ერთნაირად ვხედავთ, სხვადასხვანაირად კი ვამჩნევთ“. მთავარია შემჩნევა და წარმოსახვა.

ამ პრინციპიდან გამომდინარე, ჩაქვის ჩაისუბნის შემდეგ ჩოლოქის და ჭოროხის აუზებში განთავსებული ისტორიული რკინის სადნობი სახელოსნოების მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერების, ამასთან ერთად რუკაზე სადაც ისტორიული სახელოსნოები არის განთავსებული ყურადღებით დაკვირვების შედეგად უძველეს კოლხთა რკინის წარმოების საიდუმლოდ შენახვის სქემა ჩვენს წინაშე მთელი თავისი სინამდვილით იშლება:

 

რკინის სადნობი სახელოსნოები კოლხეთის ტერიტორიაზე განთავსებული იყო  ერთიდაიგივე, კარგად გააზრებული საერთო პრინციპით. მაგ. ისტორიული რკინის სადნობი სახელოსნო, რომელიც ითვლება ჩაქვის წყლის აუზის სახელოსნოდ, არ არის განთავსებული მთავარ მდინარეზე - ჩაქვის წყალზე.   იგივე მდგომარეობაა მდ. ჩოლოქზე, მდ. ჭოროხზე, მდ. სუფსაზე , მდ. ხობზე და სხვაგან.. არამედ იგი განთავსებულია ზღვის შესართავიდან  მთავარი მდინარის გასწვრივ, რამდენიმე კილომეტრის (დახ. 4-7 კმ.) გავლის შემდეგ ერთი რომელიმე პატარა შენაკადით შიგნით, პატარა ხეობაში, შენაკადი მდინარის განაპირად, დაბურულ ტყეში. იგი მთლიანად ჩაფლული იყო ზღვასა და მთებს შორის არსებულ ხეობებს შორის არსებულ პატარა ხეობებში.

 

ძველი კოლხებისათვის მთავარი სტრატეგიული ობიექტების, რკინის სადნობი სახელოსნოების ერთიდაიგივე საერთო პრინციპით განთავსებაზე არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოწმობს:

უძველეს დროში, კოლხეთის ტერიტორიაზე საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მთავარი სახმელეთო გზა გადიოდა ზღვისპირად, ასევე გარკვეულ ადგილებზე იყო საზღვაო ტრანსპორტისათვის მისადგომები- ნავსაყუდელები. პარალელურად იყო მეორე გზა-სამთო ბილიკებით, რომელიც კოლხეთში შემავალ ჭოროხის, ჩაქვის და სხვა მდინარეთა ხეობებს აკავშირებდა ერთმანეთთან. სამივე გზებით: საზღვაო, ზღვისპირა და სამთო ბილიკებით მიმავალი მგზავრისათვის რკინის წარმოების სახელოსნოები იყო  უხილავი, დაფარული. როგორც უკვე ვთქვით იგი მთლიანად ჩაფლული იყო ზღვასა და მთებს შორის ასრებულ ხეობების შიგნით არსებულ პატარა ხეობებში.

 

უცხო მგზავრი ვინც მოგზაურობისას გადაკვეთავდა მთავარ მდინარეს, ან კიდევ შეჩერდებოდა ამ მიდამოებში და შეუყვებოდა მთავარ მდინარეს ზღვის შესართავიდან მის სათავეებამდე, (ან პირიქით) ვერაფერს შენიშნავდა. მაგრამ თუ ის მდინარის შენაკადებით ხეობის სიღრმეებში, გაუვალ ტყეებში დაიწყება მოგზაურობის გაგრძელებას, რაც უკვე აშკარა ინტერესს ავლენდა რაღაცის მიმართ, მაშინ მათთვის ეს მოგზაურობა უდავოდ საბედისწერო აღმოჩნდებოდა. (შესაძლებელია მთავარ მდინარეზე, მაღალ მთებში სადმე ყოფილიყო განთავსებული რკინის სადნობი სახელოსნეობი, მაგრამ იგი აუცილებლად იქნებოდა მოცილებული დასახლებული პუნქტებისაგან და უხილავი, დაფარული და მიუწვდომელი მგზავრებისათვის.)

 

სტრატეგიული დანიშნულების ამ უმნიშვნელოვანესს ობიექტებს სადაც დედამიწაზე ახალი, ბრინჯაოსაგან განსხვავებით მტკიცე რკინა-ფოლადი იქმნებოდა ბუნებრივია ჰყავდა მებრძოლებისაგან შემდგარი უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მშვიდ გარემოში რკინის წარმოების პროცესს.

ამ აზრის ჭეშმარიტებას ადასტურებს კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი.

ზემოაღნიშნულ საქალაქთაშორისო გზებიდან, ერთ-ერთს, სამთო ბილიკებს სავაჭრო-სატრანზიტო დანიშნულების გარდა, ასევე სამხედრო თავდაცვითი ფუნქცია ეკისრა. ჩვენს მიერ აღწერილი მდინარეების ხეობები, სადაც განთავსებული არის ისტორიული რკინის სადნობი სახელოსნოები, უძველესი დროიდან საქართველოს შავიზღვისპირეთის თავდაცვითი სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენდნენ. აქ, ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალ მთის ფერდობებზე (დახ. 500-800მ) განთავსებულ სათვალთვალო-სასიგნალო პუნქტებიდან შესაძლებელი ხდებოდა კოლხეთის ვრცელი ტერიტორიის გაკონტროლება. გუშაგები მათთვის დადგენილი სასიგნალო ნიშნებით (კოცონის დანთება; მალემსბოლელი..) მეზობელ ხეობებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ამცნობდნენ მოახლოებული საფრთხის შესახებ.

 

თავდაცვითი სისტემის ეს ფორმა, რომელსაც როგორც ჩანს ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაეყარა საფუძველი, XVIII საუკ. ბოლომდე მოქმედებდა1. ზემოგანხილულის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: ხეობები, სადაც განთავსებული იყო რკინის სადნობი სახელოსნოები, ეს იყო აკრძალული ზონები, დახურული ხეობები თავისი საგუშაგოებით, კარგად ორგანიზებული თავდაცვითი სისტემით, სადაც დაუპატიჟებელი ,,სტუმარი“ სიკვდილით ისჯებოდა, რათა არ გაეტანა საიდუმლო იმფორმაცია რკინის წარმოების ადგილმდებარეობის შესახებ. მსგავსი მაგალითები მოიპოვება სხვადასხვა ერის ცხოვრებიდან, მაგ. ტიბეტის ისტორიიდან. როგორც ცნობილია ტიბეტი საუკუნეების მანძილზე XVIII საუკუნის ბოლომდე იზოლირებული იყო გარე სამყაროსაგან. მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მითებითა და ლეგენდებით იყო ცნობილი. დაუპატიჟებელი მგზავრი, ვინც ტიბეტში აღმოჩნდებოდა მათი კანონის თანახმად სიკვდილით ისჯებოდა, რათა არ გაეტანა ამბავი ტიბეტის შესახებ.

როგორც ჩანს მხოლოდ ასე შეეძლოთ უძველეს ქართველ წინაპრებს ამ უდიდესი სტრატეგიული დანიშნულების, ახალი აღმოჩენის - მადნიდან გამოდნობის წესით რკინის მიღების საიდუმლოების თითქმის 1000 წლის მანძილზე დაცვა.

როგორც ცნობილია რკინის ათვისების ადრეული ეტაპი საქართველოში აღინიშნება ძვ.წ. XIII-XI საუკუნეებით.

რკინის წარმოების განვითარებული ეტაპი აღინიშნება ძვ.წ. X-VIII საუკუნეებით.

ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში რკინის წარმოება მაღალი დონით აღინიშნება მთლიანად ამიერკავკასიაში.

ძვ.წ. V-I საუკ. კი შეფასებულია, როგორც რკინის წარმოების საყოველთაოდ გავრცელების პერიოდი.

იმ ისტორიულ სინამდვილეს, რომ საქართველომ რკინის ათვისების ადრეული და მისი შემდგომი განვითარების ეტაპები, მის საყოველთაო გავრცელებამდე უწყვეტად განვლო ამ ფაქტს წერილობით წყაროებთან ერთად დღეს ნივთიერი მტკიცებულებებით მოწმობს გადარჩენილი და დაცული მდ. ჭოროხის, ჩაქვის წყლის, ჩოლოქის და ხობი-ოჩხომურის აუზის ( ძვ.წ. XIII-VII საუკუნის) ძეგლები.

აღნიშნული ეპოქებისათვის, რომ ისტორიული რკინის სადნობი სახელოსნოები დახურულ ზონებში მოქმედი რკინის წარმოების საიდუმლო ობიექტები იყო, საიდანაც უცხოთათვის შეუძლებელი იყო რაიმე იმფორმაციის მოპოვება, ამაზე მაშინდელი ყველაზე ცივილიზებული ერების ცხოვრებისა და მათი საერთაშორისო ურთიერთობების მოკლე ანალიზიც ნათლად მეტყველებს:

საქართველოში ადრეული რკინის და მისი შემდგომი განვითარების პერიოდი ეს არის ეგვიპტის ფარაონების ძლიერების ხანა; ბიბლიური მოციქულების: მოსეს, დავითის, სოლომონ ბრძენის მოღვაწეობის პერიოდი, მეზობელი ურარტუს ძლიერების ეპოქა. მათთვის ამ პერიოდისათვის როგორც წერილობითი ისტორიული წყაროები მოწმობენ რკინის წარმოება უცხო იყო. 

ამიტომ, რკინა იშვიათი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. პირველ ხანებში იგი რკინის არა მწარმოებელი ქვეყნებისათვის საუველირო ნაკეთობებისათვის და ფუფუნების საგნებისათვის გამოიყენებოდა. რკინისაგან ამზადებდნენ სამეფო რეგალიებს, რკინის ნივთებით, რომელიც ოქროზე მეტად ფასობდა, აჯილდოვებდნენ გმირებს: 

ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპ III-ის და ეხნატონის არქივში მოპოვებული წერილობითი წყაროები (ძვ.წ. XV-XIV საუკ.) პირველია, რომელიც მოგვითხრობს კოლხეთში რკინის წარმოების შესახებ, კერძოდ: კოლხეთის მართველს ეგვიპტის ფარაონისათვის მონა ქალებთან ერთად საჩუქრად რკინის ხანჯლები და ბეჭდები გაუგზავნია;

 

ბიბლიაში აღწერილი ეს ისტორია მოციქულ მოსეს მოღვაწეობის ხანაა (ძვ.წ. XIII საუკ). ბიბლიაში მოცემული ისრაელიანების ისტორიის პარალელურად იგივე ეპოქაში, ჰომეროსის ,,ილიადა“, აქ აღწერილი ტროას ომი ასევე ადასტურებს, რომ ამ დროისათვის ბერძნებისთვისაც უცხოა რკინა. ისინი მთლიანად აღჭურვილნი არიან ბრინჯაოსა და სპილენძის იარაღით. მათ აქვთ რკინის ნივთები, მაგალითად სპროტული ასპარეზობისათვის რკინის ,,ბადრო“, მაგრამ იგი გმირ აქილევს ბრძოლებში გამარჯვებით მოუპოვებია:

,,პელიატმა მოყმეთ შესთავაზა ბადრო რკინისა, 

მას წინათ მძლავრი ეტიონი ტყორცნიდა ხოლმე, 

როცა ის მოკლა აქილევსმა, ფეხმარდმა გმირმა,

სხვა საუნჯესთან ერთად ბადროც წამოუღია“ - აღნიშნავს ჰომეროსი.1

არა მხოლოდ შორი ქვეყნებისათვის, არამედ საქართველოს უახლოესი მეზობელი ხალხისათვისაც უცხო იყო რკინის წარმოების საიდუმლოება, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ინტერესს კოლხეთის მიმართ. ისტორია ამის შესახებ მოგვითრობს, რომ ურარტუს მეფე სარდურ II-ეს დაულაშქრავს კოლხეთის ქვეყანა, აუღია მათი  სამეფო ქალაქი და ამ გამარჯვების აღსანიშნავად აქაური ხელოსნებისთვის უბრძანებია რკინის ბეჭდის დამზადება2...

ძვ. წ. VIII სუკუნეში შავი ზღვის სანაპიროზე, რომელთა საკმაოდ დიდი ნაწილიც კოლხეთის ტერიტორიაზე მოდიოდა 100-ზე მეტი ბერძნული კოლონია-დასახლება იყო. მათ ჰქონდათ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მაგრამ მათთვის, როგორც ჩანს რკინის წარმოების ტექნოლოგიის საიდუმლოების მოპოვება მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ინტერესისა, რასაც ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე არგონავტების ისტორია კარგად.

 

 

დასასრულს შეიძლება ავღნიშნოთ შემდეგი: კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, მეცნიერულ მიღწევებს ყოველთვის თან ახლდა და ახლავს სტრატეგიული დანიშნულების აღმოჩენების საიდუმლოდ დაცვა მისი შემდგომი გამოყენების მიზნით. ამის არაერთი ისტორიული და თანამედროვე ფაქტი არსებობს.

განსაკუთრებით XX-XXI საუკუნეებში კარგადაა ცნობილი დახურული ქალაქები, ან რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე,  ტყის სიღრმეებში განთავსებული საიდუმლო სამხედრო ნაწილები, რომელთა საფოსტო მისამართი მხოლოდ სამხედრო ნაწილზე მინიჭებული ნომრით გამოიხატება.

დახურულ ზონებში როგორც ზოგადად ცნობილია განთავსებულია მთელი რიგი ლაბორატორიები, სადაც იქმნება მასობრივი განადგურების თუ მისგან თავდაცვის ახალი იარაღი, განთავსებულია საიდუმლო სარაკეტო ნაწილები და სხვა...

ამ ნაშრომით, ძველი კოლხი მეტალურგების მაგალითზე ვხედავთ, რომ დედამიწაზე სტრატეგიული დანიშნულების იარაღის წარმოებისათვის გასაიდუმლოებული, აკრძალული ზონების არსებობის ტრადიციას ერთ-ერთი უძველეს საქართველოშიც ჩაეყარა საფუძველი, სადაც თავის დროზე, კოლხი მეტალურგები, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში დახურულ ხეობებში განთავსებულ სახელოსნოებში დედამიწაზე სრულებით ახალ, რკინა-ფოლადის სამეურნეო და საბრძოლო იარაღს ქმნიდნენ, რამაც შემდგომ ცივილიზაციის განვითარების საქმეში გარდატეხა მოახდინა.

ეს ისტორიული ძეგლები (ძვ. წ. XIII-VII საუკ.) რომლებიც ნივთიერი მტკიცებულებებით ადასტურებენ, რომ საქართველო, ძველი კოლხეთი რკინის წარმოების ისტორიული სამშობლოა დღეს ჩვენს წინაშეა! იგი ქართული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მონაპოვარია, რომელსაც სათანადო გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა, აღიარება და დაფასება სჭირდება!

 

ავტორი: ნიაზ ბოლქვაძე                                                 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ