12:38 28.05.2020
მოსკოვი თბილისისგან ცის გახსნასა და ლაბორატორიაში შეშვებას ითხოვს: საქართვლო თვლის, რომ რუსეთმა ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყო

რუსული გაზეთის „ნეზავისიმაია გაზეტას“ («Независимая газета») დღევანდელ, 28 მაისის ნომერში  გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მოსკოვი თბილისისგან ცის გახსნასა და ლაბორატორიაში შეშვებას ითხოვს: საქართვლო თვლის, რომ რუსეთმა ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყო“. პუბლიკაცია ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ბოლო დროს მომხდარ ამბებს: 

 

პირველი - რუსეთის განცხადება რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვების თაობაზე. რუსეთი ითხოვს, რომ მოსკოველი სპეციალისტები საქართველომ ლაბორატორიის იმ კორპუსშიც შეუშვას, რომელიც ამერიკელებს აქვთ დაკავებული. ქართული მხარე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორია სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა და მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს, მუშაობას გამჭვირვალედ აწარმოებს და დიდი წვლილი შეაქვს კორონავირუსთან ბრძოლაში. 

 

მეორე - აშშ-რუსეთის დაპირისპირება „ღია ცის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და საქართველოს პოზიცია. ვაშინგტონი და მოსკოვი დოკუმენტის პრინციპების დარღვევას ერთმანეთს აბრალებენ, ამერიკის პოზიციას კი მხარს საქართველოც უჭერს. თბილისს თავისი პრეტენზიები აქვს მოსკოვის მიმართ: საქმე ეხება ორი ქვეყნის საზღვრის ათკილომეტრიან ზოლს (აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მონაკვეთზე), რომლის გაკონტროლება რუსულმა მხარემ აკრძალა. თავის მხრივ, „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ღია ცის“ ხელშეკრულებას საქართველო არღვევს, რადგან თბილისმა ქვეყნის ტერიტორიაზე 2008 წლის შემდეგ რუსეთის სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება აკრძალა.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო არ აპირებს რუსეთს ნება დართოს, რომ მის ტერიტორიაზე რუსულმა თვითმფრინავ-დამკვირვებლებმა იფრინონ.

იგივე თემაზეა სტატია გამოქვეყნებული შვეიცარიულ გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგ“-ში («Neue Zürcher Zeitung») სათაურით „რუსეთი მაინცდამაინც დიდად არ წუხს აშშ-ის მხრიდან  „ღია ცის“ ხელშეკრულების დატოვების გამო“. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებას ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე სხვა ქვეყნები არ ეთანხმებიან,მათ შორის ვაშინგტონის ევროპელი პარტნიორები, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. შესაბამისად, მოსკოვს ამჯერად ნაკლებად აწუხებს ცა ღია იქნება თუ დახურული, ახლა რუსეთს სანსი გაუჩნდა ისევ ითამაშოს ამერიკელებისა და ევროპელების უთანხმოებაზე. სტატიაშის ავტორი მარკუს აკერეტი წერს, რომ ხელშეკრულებას მხოლოდ რუსეთი კი არ არღვევს, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელმაც თავის დროზე რუსულ თვითმფრინავებს აუკრძალა საკონტროლო-სადამკვირვებლო ფრენები როგორც ალიასკაზე, ასევე ალეუტისა და ჰავაის კუნძულებზე.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები: http://www.ng.ru/cis/2020-05-27/5_7871_georgia.html

https://www.nzz.ch/international/russland-und-open-skies-halbherziges-bedauern-ueber-ausstieg-der-usa-ld.1558224




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge