13:31 28.05.2020
აშშ-ის შავ სიას ათობით ჩინური კომპანია დაემატება

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ეგრეთ წოდებულ ეკონომიკურ შავ სიაში, 33 ჩინურ კომპანიას და ინსტიტუციას დაამატებს. ვაშინგტონის განმარტებით, ეს ის კომპანიებია, რომლებსაც პეკინი უმცირესობაში მყოფი უიგურების პოპულაციის წინააღმდეგ მიმართული შპიონაჟისთვის, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად იყენებს.

 

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ეს ქმედება, ტრამპის ადმინსტრაციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც იმ ჩინური კომპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც ჩინეთში მცხოვრები მუსლიმი უმცირესობების ჩაგვრაში, სხვადასხვა ფორმით მონაწილეობენ. ეს დროში ემთხვევა კომუნისტური მმართველი ძალის გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც, ჰონ კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონების შემოღება იგეგმება.

 

შავ სიაში შვიდი კომპანია და ორი ინსტიტუცია იმის გამო მოხვდა, რომ ისინი ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან მხილებულნი და ჩინეთში უმცირესობათა წინააღმდეგ გატარებულ რეპრესიულ პოლიტიკაში არიან ჩართულნი, იყენებენ ძალდატანებით შრომას და უიგურების და სხვა ეროვნებათა წინააღმდეგ, თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ.

 

ორი ათეული კომპანიის, სახელმწიფო დაწესებულების და კომერციული ორგანიზაციის შავ სიაში მოხვედრის მიზეზი კი ისაა, რომ ისინი იმ მასალების შესყიდვებში მონაწილეობენ, რომლებსაც ჩინეთის სამხედრო ძალები, მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებისთვის იყენებენ.

 

შავ სიაში შეყვანილია კომპანიები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის და სახის ამომცნობი სისტემების შექმნაზე მუშაობენ. ეს ის სფეროა, რომელსაც ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანიები, „ნვიდია“ და „ინტელი“ უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ. ასეთ ჩინურ კომპანიებს შორის ერთ-ერთი წამყვანია „ნეტპოსა“, რომლის ფილიალის მიერ შექმნილ სახის ამომცნობ სისტემებსაც, მთავრობა მუსლიმების წინააღმდეგ იყენებს.

 

კომერციის დეპარტამენტი, შავ სიაში შეყვანილ კომპანიებისა და ორგანიზაციებისადმი, ამერიკული წარმოების და ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით, უცხოეტში დამზადებული პროდუქციის მიყიდვას კრძალავს. კომპანიებს შეუძლიათ გაყიდვების ლიცენზიის აღება, თუმცა ამისთვის გარკვეული მკაცრი პირობების შესრულება მოუწევთ.




ავტორ(ებ)ი : https://www.bpn.ge/