16:40 29.05.2020
"ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული"

„ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური შეკითხვა, რომელიც უფრო მეტად ინტრიგანობაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე რეალურად ადარდებდა ამ კითხვის დამსმელს სიღარიბის პრობლემა და მოვისმინეთ ძალიან დამაჯერებელი პასუხისმგებლიანი პასუხი პრემიერ-მინისტრისგან", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ინტერპელაციაზე საქართველოს პარლამენტში და საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილის განცხადებები.

 

„ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ სიღარიბის პრობლემა გაქრა და არ არსებობს. სიღარიბის პრობლემა აწუხებს ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილებით ვებრძვით სიღარიბეს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

„2012 წელთან შედარებით პრაქტიკულად ჯერადობით გაიზარდა სოციალური ბიუჯეტი, ჯანდაცვის ბიუჯეტი, განათლების ბიუჯეტი, პენსიის ოდენობა, მასწავლებლების ხელფასი და სხვ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით გვქონდეს პროგრესი. ამ დიდი გლობალური გამოწვევის დროსაც კი ყველა ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიება, იქნება ეს ბიზნესის დახმარება, თუ რომელიმე სეგმენტის მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ადამიანებისა და ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლის გაუმჯობესებისკენაა მიმართული," - განაცხადა მინისტრმა.

 

ნათია თურნავას განცხადებით, კონკრეტული მონაცემები, რომლებიც მოხსენებაში იქნა მოტანილი და შედარებული 2012 წლის მაჩვენებლებთან, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდ უხერხულობას უქმნის.

 

„თუ შეატყეთ, ამაზე საერთოდ არ ჰქონდათ კომენტარი. მათ ჯერ 2012 წელზე გასცენ პასუხი. სიღარიბესთან ბრძოლა არ არის ერთი ან ორი თვის საქმიანობის შედეგი. ვინც ასე დააყენებს საკითხს, ალბათ, მის არაკომპეტენტურობასთან გვექნება საქმე," - განაცხადა მინისტრმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge