20:38 02.06.2020
ტრამპის დილემა - ის პოლიციური სახელმწიფო, რომელსაც დღეს მანიფესტაციის ტალღამ გადაუარა, სწორედ ნეო ანუ აგრესიულმა ლიბერალიზმმა შექმნა

 

 

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

კადრები, რომლებიც ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს ასახავს, მეტად მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. დამწვარი პოლიციის მანქანები, გაძარცვული მაღაზიები, დარბეული ოფისები, და რაც ყველაზე ნიშანდობლივია დამწვარი ამერიკის დროშა. ამ მოვლენებს, რომ არაფერი საერთო დემოკრატიასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, სამართლიანობასთან თუ რასობრივ თანასწორობასთან არა აქვს, ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება. მით უმეტეს საერთო არაფერი აქვს დიდ ამერიკელ ჰუმანისტ მარტინ ლუთერ კინგთან და მის იდეალებთან, ადამიანთან რომელმაც არაძალადობრივი ბრძოლის გზით შეცვალა ამერიკა გასული საუკუნის 70-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას ბოლო ათწლეულში ყავდა შავკანიანი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტი, პრობლემა კვლავ აქტუალურია. მაგრამ, ამ საპროტესტო ტალღის აგორების ცალსახად რასიზმთან დაკავშირება ცოტა სუბიექტურია და უფრო ცალკეული ინტერესთა ჯგუფების ამოცანაში უფრო შედის. აქ პირველ რიგში დემოკრატებს და მათ მხარდამჭერ მედია და ექსპერტულ ჯგუფებს ვგულისხმობ. და ეს რეალობა ბოლო დღეების ქრონიკებიდანაც ჩანს.

 

ამერიკელი პოლიტოლოგები სულ უფრო ანვითარებენ თვალსაზრისს, რომ ამ პროტესტმა მთელი სიცხადით აჩვენა სხვა არანაკლებ მწვავე პრობლემები, მაღალი კრიმინალიზაცია, და სოციალური უთანასწორობა, რასაც ვირუსული პანდემიის ზეგავლენაც დაერთო. ეკონომიკის აპაუზებამ ყველაზე მეტად სწორედ შავკანიან მოსახლეობას და ემიგრანტებს მიაყენა ზიანი, შედარებით დაბალი შემოსავლების და ცხოვრების დონის გამო. ეს პირველ რიგში მიკრო და მცირე ბიზნესზე ითქმის, სადაც ძირითადად ეს სოციუმია დასაქმებული, მათი ეკონომიკის კაპიტალიზაციის შედარებით დაბალი დონის გამო. ეს მოვლენები მომავალში უფრო დეტალურად გაშუქდება უცხოური მედიის და ანალიტიკოსების მიერ, მაგრამ ერთი რამ ცხადია! ის პოლიციური სახელმწიფო, რომელსაც დღეს ამ მანიფესტაციის ტალღამ გადაუარა, სწორედ ნეო ანუ აგრესიულმა ლიბერალიზმა შექმნა, რომელიც იყო წამყვანი იდეოლოგია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თავისუფლების გაუკუღმართებულმა გაგებამ, სექსუალური და ზოგადად უმცირესობების უფლებების ზე-პრიმატმა და დიქტატმა უმრავლესობაზე, სოციალური საკითხების იგნორირებამ მიგვიყვანა ამ ვანდალიზმის სათავეებთანაც. ეს არის უმძიმესი პოსლიბერალური მემკვიდრეობა, რომელიც წილად ხვდა ტრამპსაც.

 

ბუნებრივია, ამერიკის ადმინისტრაცია ვერ დაუშვებს ამ ქაოსის გაგრძელებას მუდმივად. ნიშანდობლივი იყო პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი განცხადებაც, რომ ის უზრუნველყოფს წესრიგს იმ ადგილებში, სადაც გუბერნატორები ეროვნული გვარდიით ვერ შეძლებენ წესრიგის დაცვას ანუ გამოიყვანს ჯარს. დღეს უკვე მოქმედებს კომენდატის საათი.

 

- ეს არ არის მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, ეს არის უკვე საშინაო ტერორის აქტები, უდანაშაულო ხალხის ხოცვა და სისხლისღვრა. ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ღვთის წინაშე. ამერიკას ესაჭიროება აღმშენებლობა და არა ნგრევა, უსაფრთხოება და არა ანარქია, სამართლიანობა და არა ქაოსი. ამის გაკეთება ჩვენი მისიაა და ჩვენ 100 პროცენტით წარმატებულნი ვიქნებით ამაში. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გაიმარჯვებს - განცხადა დონალდ ტრამპმა სატელევიზიო გამოსვლისას.

 

ყველაფერი მაინც ტრამპის ხელისუფლების ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე იქნება დიდწილად დამოკიდებული, ტრამპმა უნდა დაარწმუნოს რიგითი ამერიკელი, რომ მისი გადაწყვეტილებები იქნება სწორი და სამართლიანი ამავდროულად. სწორედ ამაშია ტრამპის დილემაც. ეს არ იქნება მარტივი ამბავი, თუმცა იმედია, ამერიკა ამ კრიზისსაც გადალახავს. დღეს რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთვის სულერთი არ უნდა იყოს, იგი დიდწილად განსაზღვრავს მომავალი მსოფლიოს ბედსაც. თანამედრივე მსოფლიოში ვაშინგტონს ისეთივე დატვირთვა აქვს, გნებავთ კულტურულოგიური, ეკონომიკური თუ გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, როგორც რომს ჰქონდა ძველ დროში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge