20:51 04.06.2020
მაქსიმ შევჩენკო პუტინის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს

ცნობილი რუსი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი მაქსიმ შევჩენკო პუტინის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს. მწვავე განცხადებები მან მალხაზ გულაშვილის საავტორო გადაცემაში „რეალური პოლიტიკა" გააკეთა. შევჩენკომ ოფიციალური კრემლი მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პუტინის ხელისუფლებამ ვერ შეძლო მთავარი, გამხდარიყო პოსტსაბჭოთა სივრცის ლიდერი.

 

"ქვეყანა გადაიქცა მიკროიმპერიალისტურ იმპერიად, პატარა იმპერიად, რომელსაც, როგორც ამბობდნენ მარქსი და ლენინი, როგორც სუსტ მტაცებელს, ნებადართული აქვს, ჯიჯგნოს მასზე სუსტი ერები, თავად კი, დაიჩოქოს მასზე ძლიერი იმპერიალისტური მტაცებლების წინაშე.


ეკონომიკა გაყიდულია უცხოელებზე. ენერგეტიკული სისტემა ეკუთვნით ამერიკელებს და ინგლისელებს, სოფლის მეურნეობა - ისრაელის მოქალაქეებს და კიდევ ვიღაცებს, გაზი ევროპელებისაა, ნავთობი - ჩინელების, ტყე გააქვთ ჩინეთში.რუსეთი კოლონიაა, საიდანაც გააქვთ, ეზიდებიან ყველაფერს. ეკოლოგიური უსაფრთხოება ნულზეა. ყოფილი საბჭოთა საწარმოები, რომლებიც უცხოური კომპანიები გახდნენ, ტერიტორიის მტაცებლურ ექსპლუატაციას ეწევიან, არ იცავენ არანაირ ეკოლოგიურ და სოციალურ ნორმებს.


რუსეთი წაეჩხუბა მართლმადიდებელ ერებს, საქართველოს, უკრაინას, გესმით? ეს კურსი არასწორია", - განაცხადა მაქსიმ შევჩენკომ.

 

მალხაზ გულაშვილის საავტორო გადაცემაში „რეალური პოლიტიკა" მან ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომზე. მისი თქმით, 2008 წლის ტრაგედიას პოლიტტექნოლოგიური შეთქმულების სახე ჰქონდა.

 

"არ ვეთანხმები ხელისუფლების პოლიტიკას გარე კონტურში. დაფიქრების პირველი საბაბი 2008 წლის ომი გახდა. სააკაშვილის მოწინააღმდეგე ვიყავი. მას და ზოგიერთებს ომის გაჩაღებაში ვადანაშაულებ. 2008 წლის ტრაგედიას ჰქონდა პოლიტტექნოლოგიური შეთქმულების სახე, კონფიგურაციის შეცვლის მიზნით რუსეთში და შესაძლოა, პოსტსაჭოთა სივრცეში. სააკაშვილი იყო ამ შეთქმულების მონაწილე. არ ვასახელებ მის პარტნიორებს, დვარკოვიჩს და სხვებს. როდესმე გავიგებთ სიმართლეს. ქართველებმა, რუსებმა, ოსებმა უნდა იცოდნენ სიმართლე იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ისინი ძმათამკვლელ, სასტიკ და უაზრო ომში ჩაითრიეს", - განაცხადა შევჩენკომ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge