21:48 04.06.2020
„ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში, სამგორსა და ისანში - დედაქალაქის 8 მაჟორიტარული ოლქიდან იგი 6 ოლქს თმობს“

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - ისანსა და სამგორში - დაიწყებს. მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანების შეთანხმების დარღვევას აპირებდეს, უსაფუძვლოა.

 

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ პერიპეტიებს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით. ეს ვნებათაღელვა მატულობს და მატულობს, ხშირ შემთხვევაში უადგილოდ. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და ხვალინდელი დღიდან „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში - სამგორისა და ისნის რაიონებში. „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომსვლელ ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება“, - განაცხადა მელიამ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge