22:09 04.06.2020
„არჩევნები აღარ არსებობს! თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის!“

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში თანაპარტიელებს მიმართავს და წერს: 


„ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე! სულ ფეხებზე ჰკიდია ხალხს, რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერა. რეალურ, ხალხისა და ქვეყნის პრობლემებს მიხედეთ! უდიდესი გასაჭირია ხალხში! ეგრე რომც შეთანხმდეთ, ნულების ჯამიც და ნამრავლიც ნულის ტოლია! როგორც ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის" ერთგული მხარდამჭერი მოგიწოდებთ: დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ამ ვითომ ერთობის ტაკიმასხარობაში მონაწილეობა! ერთობა კარგია, მაგრამ მხოლოდ მათთან ვინც შემოგიერთდებათ. ყველა ნაყარნუყართან და არარაობასთან ერთად ჯდომა და ღლიცინი სამარცხვინოა. დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პოლიტიკურ პროცესზე, გარიგებებზე, კონსულტაციებზე, ერთმანეთში შეთანხმებებსა და უთანხმოებებზე საჯარო გამოსვლები. მითუმეტეს შეწყვიტეთ თანამდებობებსა და საარჩევნო სიებზე ლაპარაკი. ხალხს ეზიზღება პოლიტიკური პროცესი, ამ თემაზე გაკეთებული ყველა განცხადება გაჩიავებთ და მხოლოდ იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ ზრუნავთ საკუთარ თავზე, საკუთარ თანამდებობებსა და სავარძლებზე. ეს გულისამრევია. (არადა ვიცი, რომ ასე არ არის). 

 

იბრძოლეთ იქ, სადაც ხალხს უჭირს, იყავით იქ, სადაც ხალხის და ქვეყნის ნამდვილი პრობლემებია! იჩხუბეთ იქ, სადაც ქვეყანა ინგრევა! ხალხი შიმშილის ზღვარზეა და უამრავი უდიდესი პრობლემაა რაზეც უნდა უწყვეტად, ხმის ჩახლეჩვამდე ხაოდეთ და არა ტრიბუნასთან ოფისში ბრიფინგებით, არამედ ადგილებზე! სოციალური სასოწარკვეთა სუფევს ქვეყანაში. ხალხს საკუთარი ხმის გაგონება უნდა და არა თქვენი! მუდმივად ამხილეთ, უწყვეტად ამხილეთ და კიდევ, ამხილეთ ივანიშვილი, გახარია და მათი მოღალატე, მატყუარა, გადამგდები, გაღორებული მთავრობის ყველა წევრი, ყველა მავნებლობა, ყველა ბოროტება! არ დაიღალოთ მხილებით!

 

შეწყვიტეთ თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება! არჩევნები აღარ არსებობს! თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა... რევოლუციური კომიტეტები ქალაქებსა და სოფლებში. შექმენით წინააღმდეგობის რაზმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მუდმვად ჩაბმულნი იქნებიან ქვეყნის მასშტაბით მცირე აქციებსა და ოპერაციებში, თუ საჭიროა შეტაკებებშიც, რომლებიც საჭირო დროს დადგებიან საარჩევნო უბნებთან ნარკომანი ძველი ბიჭებისთვის პასუხის გასაცემად, რომელთაც საჭირო დროს ექნებათ ჩაფხუტიც, რომ გაუძლონ პოლიციის ხელკეტს, სათვალეც და პირბადეც, რომ დაიცვან თავი ცრემლმდენი გაზისგან და რეპრესიული სისტემის მიერ ამოცნობისგან. არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად“, - აცხადებს არველაძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge