22:27 06.06.2020
ემზარ კვიციანი იმ ოჯახს დაუპირისპირდა, რომელიც მის ყოფილ ბინაში ცხოვრობს

პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კვიციანი იმ საცხოვრებელ სახლში მივიდა, რომელიც მას 2014 წლამდე ეკუთვნოდა და 2016 წლის შემდეგ მეტრეველების ოჯახი ცხოვრობს. კვიციანის მისვლის შემდეგ ადგილზე სიტუაცია დაიძაბა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, როგორც ცნობილია, კვიციანმა ტერიტორია პოლიციის მისვლამდე დატოვა.

 

მოგვიანებით მომხდარ ინციდენტს ემზარ კვიციანი „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. “გადავიღე წინასწარ ჩემი სახლის ყველა კუთხე, რომელიც ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა, ვიდრე კოდორს გაყიდდნენ, გადასცეს ზონდერ მეტრეველს! დღეს მივედი სულების მოხსენიების დღეს იქ, საიდანაც დედა გავასვენე და დამხვდა სუს-ის მიერ გათამამებული ჯგუფი!” - წერს ემზარ კვიციანი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ამ წუთებში მეტრეველების ოჯახთან გასაუბრება მიმდინარეობს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge