00:18 05.07.2020
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტი ცემა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს ცემა. ინციდენტი ვანო კობახიძის ქუჩაზე, დაახლოებით 18:40 საათზე მოხდა. ოთარ სირაძესთან ერთად, ინციდენტში მისი ძმა დავით სირაძეც მონაწილეობდა. სირაძესა და ახალგაზრდა აქტივისტს შორის დაპირისპირება დღეს, ონში, ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ამბავს უკავშირდება. იმ დროს, როცა ოთარ სირაძე „მთის ამბებს“ ინტერვიუს აძლევდა, ნიკოლოზ ღლონტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა. აქციის დასრულების შემდეგ, ოთარ სირაძე და ნიკოლოზ ღლონტი ერთმანეთს ამბროლაურში, სავარაუდოდ, შემთხვევით შეხვდნენ. სირაძე იქვე ახლოს ცხოვრობს საოჯახო სასტუმროსთან, სადაც „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტები არიან დაბინავებულები. ნიკოლოზ ღლონტი ამ წუთებში ამბროლაურის პოლიციის სამმართველოში იმყოფება, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

 

იხილეთ ვიდეო:

 

 

 

 



წყარო: მთისამბები.გე




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge