00:18 07.07.2020
„მკვლელებმა იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ (ჩვენი კივილი ცას სწვდებოდა) და მაინც გვცხრილავდნენ“

 

დღევანდელ ასავალ-დასავალში გამოქვეყნდა ინტერვიუ შმაგი აფრასიძის ქალიშვილთან ლედი აფრასიძესთან, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა 2004 წლის 24 მარტს, სააკაშვილის ბანდის მიერ სვანეთში, სოფელ ეცერში, მოწყობილ სასაკლაოს!


- ლედი, რა ეტაპზეა თქვენი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულის გამოძიების საქმე?

- გამოძიება ნაცმოძრაობის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ დაიწყო, თუმცა 2013 წლის მდგომარრეობის იქით აღარაფერი შეცვლილა! ბიძაჩემის - ომეხის გვამის ექსგუმაციაც მოხდა, თითქოს ექსპერტიზაც ჩაუტარეს, მაგრამ მას შემდეგ, როგორც იტყვიან, არსით ხმა, არსით ძახილიო!

 

- ბაბუათქვენის გვამის ექსგუმაცია არ ჩაუტარებიათ?!

- ბაბუაჩემი ცოცხლად დაიწვა სახლში, ამდენად, მის ეგსგუმაციას გამოძიებისათვის არანაირი აზრი არ ჰქონდა!

 

- მესმის, რომ ეს ძალიან მტკივნეულია თქვენთვის, მაგრამ მკითხველს, როგორც თვითმხილველმა, იქნებ, თავად მოუყვეთ, რა მოხდა იმ ავბედით დღეს...

- ჩვენს ოჯახს თავს დილაუთენია დაგვესხნენ, ასე 7 საათისათვის, როდესაც ყველას ეძინა! დაგვესხნენ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე...

 

- სახლში შემოვარდნენ თუ...

- არა, ვერტმფრენებიდან გახსნეს ცეცხლი! ეცერში ჩვენი ორი სახლი იდგა გვერდიგვერდ: ერთში ბაბუაჩემი იყო, შვილებთან ერთად, მეორეში კი ჩვენი ოჯახი, ბავშვებით და ქალებით! როდესაც სროლა დაიწყეს, ბაბუაჩემი გარეთ გამოვიდა ბავშვთან ერთად, ხელებაწეული, რომ აღარ ესროლათ, მაგრამ მაინც ესროლეს და დაჭრეს! შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს! არადა, მისი გადარჩენა შეიძლებოდა... სახლთან ერთად ჩაიფერფლა!

 

- გიორგი ბარამიძე, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, აცხადებს, აფრასიძეებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს და იმიტომაც გავუხსენით საპასუხო ცეცხლიო!

- ბარამიძე ტყუის! არავის არ გაუწევია წინააღმდეგობა! ბავშვებით სავსე სახლიდან ვინ დაიწყებდა სროლას?! ანდა, რა საჭირო იყო ეს არმიისა და ავიაციის ამოყვანა, თუ ჩემი ბიძისა და მამის დაკავება სურდათ, ეს ყოველ წუთს შეეძლოთ, რადგან ისინი ძებნილებიც არ ყოფილან და თავისუფლად დადიოდნენ სოფელში!

 

- აბა, თქვენი აზრით, რატომ დასჭირდათ ეს ამხელა საარმიო სპეცოპერაცია?

- ეს იყო საჩვენებელი სისატიკე მთელი ქვეყნის დასაშინებლად და დასატერორებლად! ეს ძალის უაზრო დემონსტრირება იყო, რომ იგივე ბარამიძეს ,,რკინის მინისტრის" იმიჯი მოეპოვებინა, სააკაშვილს კი ეტრაბახა, აი, როგორ მტკიცედ ვებრძვით დამნაშავეთა სამყაროსო!

 

- ბარამიძე დღემდე აცხადებს, მე ეცერში საერთოდ არ ვყოფილვარო!

- ბარამიძე ცრუობს - ის იქ იყო და პირადად ხელმძღვანელობდა იმ სასაკლაოს!

 

- მართალია, რომ სპეცოპერაციის შემდეგ, როდესაც თქვენს სახლს ჯერ კიდევ ცეცხლი ეკიდა, ბარამიძემ ხალხს გაელაზღანდარა, სვანური კუბდარი მაჭამეთო?

- კი, ეს მეზობლებმა საკუთარი თვალით ნახეს და საკუთარი ყურით მოისმინეს! ბარამიძეს, სანამ დრო აქვს, მოინანიოს და აღიაროს ყველაფერი, რადგან ჩვენი ოჯახის ამოწყვეტისთვის, აუცილებლად აგებს პასუხს! პასუხი უნდა აგოს სააკაშვილმაც, რომელმაც თავად აღიარა ტელეკამერების წინაშე, დიახ, მე გავეცი ბრძანება ავიაციის ასაფრენად და აფრასიძეების დასაბომბადო! ჩვენ რომ გამოგვიყვანეს სახლიდან, ჩემმა ძმამ საკუთარი თვალით ნახა, როგორ იყო წიხლებით შემდგარი ერთ-ერთი სპეცრაზმელი ბიძაჩემ ომეხზე, რომელსაც თითიდან ოქროს ბეჭდის მოსაცლელად, თითი მოაჭრეს! მე ძალიან მიჭირს იმის გააზრება, ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენები დღემდე რატომ არიან დაუსჯელები! ეს ხომ რაღაც შემთხვევითი გადაცდენა არ ყოფილა, ეს მთელი სახელმწიფო მანქანის გეგმაზომიერი ფაშისტური სისატიკით მოწყობილი ჯოჯოხეთი იყო, როდესაც ამ მკვლელებმა იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ (ჩვენი კივილის ხმა ცას სწვდებოდა) და მაინც გვცხრილავსდნენ ვერტმფრენებიდან! ნაცმოძრაობა არის მკვლელების ბანდა, რომლის ადგილიც პარლამენტში კი არა, საბრალდებო სკამზეა! მე გაკვირვებული ვარ, რომ ამ სასტიკ მკვლელებს კიდევ ჰყავთ მხარდამჭერები - ჩემთვის ისინიც მკვლელები არიან!

 

 

 

ესაუბრა გიორგი გიგაური




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge