გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნაში აღწერილია როგორც სიცოცხლისდროინდელი, ისე ბიოლოგიური სიკვდილის დადგომის შემდეგ მიყენებული დაზიანებები. შაქარაშვილს სიკვდილის წინ, მკვრივი-ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული დაზიანებები, რომლებიც "ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან".
AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ადვოკატი გიორგი ყიფშიძე, რომელიც გიგა ტატიაშვილის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია:
"დიახ, ეს არის მკვლელობა. განზრახ თუ არა, ეს ცალკე საკითხია. ბიჭი იყო ნაცემი, მას ჰქონდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები და შემდეგ ცოცხალ-მკვდარი გადააგდეს წყალში და დაიხრჩო. შემთხვევის ადგილი ვინც ნახა, ყველა დარწმუნდა, რომ იმხელა მანძილის გავლა და წყალში ისე ჩავარდნა, რომ იქ ადამიანი დაიხრჩოს, წარმოუდგენელია. ჯერ იმიტომ, რომ წყლამდე ძალიან დიდი მანძილია, მიხვეულ-მოხვეული და მეორეც - წყალი არის საკმაოდ დაბალი, ისე, რომ ცოცხალი ადამიანი იქ არ დაიხრჩობოდა. ამ ვერსიას ვამუშავებდი თავშივე, რომ სცემეს მაგრად, შემდეგ გადააგდეს წყალში და ჩანთა შემოდეს იქ. რასაც პირველივე დღიდან ვამბობდი, ზუსტად ის სცენარია და ექსპერტიზის დასკვნაც ამას ადასტურებს. სასტიკად ნაცემი ადამიანი გადაგდებულია წყალში, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ და საბოლოოდ წყალში გარდაიცვალა. არ გამოვრიცხავ, რომ ქვემოთ ჩაათრიეს ნაცემი და შემდეგ გადააგდეს წყალში" - გვეუბნება გიორგი ყიფშიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge