დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

სურამში ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს მონაზონი, დედა ნინო იცავს 10.07.2020 22:45

სურამში, ქმრის მიერ მოკლული 31 წლის თიკო რუსია გუშინ დაკრძალეს. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ სურამში, ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული ილია ქურდაძის ადვოკატი „დედა ნინოა“. ის აწ გარდაცვლილი მეუფე ილარიონის (მღვდელმოქმედება შეჩერებული ეპისკოპოსი – ილარიონ სამხარაძე. ის სკანდალური განხცადებებით ხშირად გამოდიოდა – მისი სახელი სტალინის ხატსა და ტროპარს უკავშირდება.) მიერ „ნაკურთხი“ „მონაზონი“ დედა ნინო, იგივე ადვოკატი ნათია სირაძეა. „პრაიმტაიმი“ „მონაზონ“ ნინოს, იგივე ნათია სირაძეს ესაუბრა.

 

„მტერსაც არ ვუსურვებ იმას, რაც მათ ოჯახში მოხდა. დიდი უბედურება რომ დატრიალდა, ფაქტია. ამ ყველაფერს კი ახსნაც არ აქვს, ესეც ფაქტია. არავინ იცის სინამდვილეში, ასეთი ბოროტის რა ჩასახლება მოხდა ილიას გონებაში, რა დაემართა. მხოლოდ ის ვიცით, რომ ახალგაზრდა გოგო აღარ არის ამ ქვეყნად. ილია ქურდაძის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა. დაინიშნა ექსპერტიზა, დასკვნა ცნობილი უახლოეს ერთ თვეში გახდება. არის მხოლოდ აღიარებითი განმარტება: „მე მოვკალი დედა“, უთხრა შვილს და ოჯახში მყოფ ნათესავს, რომელსაც პოლიციაში დაარეკინა. საქმეში მხოლოდ ეს ორი ფაქტია, სხვა არაფერი. ვერაფერს ამბობს, არის აბსოლუტურ აგონიაში. ხან ტირის, ხან ბღავის, ხანაც გაშტერებული სახე აქვს. მე ილიას უკვე წლებია ვიცნობ. სხვანაირს ვიცნობდი და ახლა სულ სხვანაირი დამხვდა. ილია და მისი ოჯახი, ჩემი შვილის მკვლელობამდე გავიცანი. მეუფე ილარიონს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, ასთმური უჰაერობა და ამ ოჯახის თხოვნით, მეუფე და მე მათთან რამდენიმე თვე ვიმყოფებოდით.

 

– თქვენ სასამართლოზე გირაო მოითხოვეთ?

 

– მოსამართლეს მოვახსენე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაადეკვატურად იქცევა, არის საშიშროება, რომ მან საკუთარ სიცოცხლეს რაღაც დაუშაოს-მეთქი. ამის თქმის საფუძველს კი მისი ასეთი საქციელი მაძლევდა. სწორედ ამის საფუძველზე დავაყენე სასამართლოში საკითხი, რომ ილია გადაყვანილი ყოფილიყო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ კანონით სანამ არ იქნება ექსპერტიზის ფსიქიატრიული დასკვნა, შუამდგომლობა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის, სამართლებრივად ვერ დაკმაყოფილდებოდა. ამიტომ ვუთხარი მოსამართლეს, გაუშვით გირაოთი, დადგინდეს მისი ფსიქიური მდგომარეობა და იმის მიხედვით, იმოქმედოს გამოძიებამ და სასამართლომ – მეთქი. რაც შეეხება გაქცევას და მიმალვას, ამის საშიშროება არ იყო, რადგან დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დაახლოებით, ხუთი საათის განმავლობაში გაქვავებული ელოდებოდა სახლში პოლიციას. მე ვამბობდი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა ყოფილიყო მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ 14 წლის სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ქმარმა ადგეს და მთელი „აბოიმა“ დააცალოს საყვარელ ცოლს. მე ილიას არ ვიცნობდი გიჟად, ამას ვერავინ გეტყვით. რაც შეეხება მის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, ამაზე მისი მეუღლე ყოველთვის წუხდა. ეს ბევრ ოჯახში ხდება, კაცს აქვს რაღაცა მიდრეკილება და ცოლი ითმენს თუ აქვს რაღაც წყენა, მაგრამ ილია ნასვამი არ ყოფილა, როცა ეს ფაქტი მოხდა. ამას მოწმეები ამბობენ. ძმაკაცებს ესაუბრა იმ დღეს.

 

– თუ გაქვთ ინფორმაცია მათი სამი შვილების ბედი როგორ გადაწყდება, მეურვეობა ვის მიენიჭება?

 

– ჩემი აზრით, ბებიებმა ერთობლიობაში უნდა იფიქრონ ბავშვების მომავალზე. არ ვიცი, რა და როგორ იქნება. ვესაუბრე ილიას დედას, რომელიც შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში იმყოფება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, როგორც ის, ასევე – დანარჩენებიც, ვისაც ვიცნობ და ამ ოჯახთან შეხება ჰქონდა.

 

– ქალბატონო ნათია, თქვენ მონაზონი ნინო ბრძანდებით?


– მე ეპისკოპოს ილარიონ სამხარაძის მიერ ნაკურთხი მონაზონი ვარ. კაბით შემოსილი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ტვირთი და ეს ჯვარი ნამდვილად მადევს ღვთის წინაშე და მევალება იმაზე ბევრი, ვიდრე ერის ადამიანს. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ მოკლედ.

 

– როგორც მონაზონი, სასულიერო ცხოვრებით ცხოვრობთ?

 

– ამას რა მნიშვნელობა აქვს. როგორც მევალება ჩემო შვილო, ისე ვცხოვრობ. პასუხი ასეთია, თუ არის ეს თქვენთვის მისაღები მიიღეთ, თუ არ არის ნუ მიიღებთ… ეს დღეები ძალიან ცუდად ვარ. მე თვითონ შვილმკვდარი დედა ვარ და კარგად ვიცი, თიკო რუსიას დედა რას განიცდის. ჩემზე კარგად მის ტკივილს ნამდვილად ვერავინ ჩაწვდება. “- ამბობს ნათია სირაძე.

 

ცნობისთვის, „მეუფე“ ილარიონს საზოგადოება ხმაურიანი განცხადებებით ახსოვს. მან ტელევიზიის მეშვეობით საზოგადოებას ამცნო, რომ სტალინის ხატზე საბჭოთა ბელადის ტროპარს კითხულობდნენ და ლოცულობდნენ.

 

შეგახსენებთ, შემთხვევა 5 ივლისს მოხდა. თიკო რუსიას და ილია ქურდაძის სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული ილია ქურდაძე, მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.

 

 

 

 

 

წყარო:

პრაიმტაიმი

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ