ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:
გასული კვირის ამბებში რამდენიმეს გამოვყოფდი
ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ რაოდენ აქტიურია ჩვენი მედია. ხოლო ე.წ, „ოპოზიციური“ მედია, საკუთარ თავს რომ „თავისუფალს’ უწოდებს, აქტივობასთან ერთად გამორჩეულად აგრესიული როგორც ხელისუფლების ისე საზოგადოების მიმართ. კარგია ეს თუ ცუდი, საზოგადოებამ შეაფასოს, მაგრამ როდესაც მავანნი შინ თუ გარეთ საუბრობენ საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, უბრალოდ უხერხულია.
ლეიბორისტების საფიხვნოში შეკრებილ ოპოზიციასა და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია,“ რომ იტყვიან „ტექტონიკური ძვრები“ დაიწყო. როგორც ჩანს, ეს მაინც იყო „ნაციონალების“ და მათი განშტოებების მიერ შექმნილი ერთჯერადი გამოყენების პროდუქტი. შესაბამისად, არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გამოსვლის იდეასაც წყალი შეუდგა.
უცხოელ ლობისტებთან მუშაობა ალბათ ის სფეროა, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „ევრონაცები“ სჯობნიან „ქ/ოცნებას,“ რომლისთვისაც ეს მიმართულება არასოდეს ყოფილა პრიორიტეტული. აშშ-ს კონგრესში მიღებული ბოლოდროინდელი ანგარიშები და კანონპროექტები, რომლებსაც აშკარად ატყვია „ნაციონალთა“ ლობისტების ხელი, წესით, გამომაფხიზლებელი უნდა გახდეს მმართველი პარტიისათვის.
მთავრობამ პანდემიის შედეგად შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების აღდგენა დაიწყო და რაც თვალში მომხვდა, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი გაკეთებულ საქმეებზე ოდნავ გაუმჯობესდა, თუმცა ამ კუთხით გასაკეთებელი კიდევ ბევრია. გასულ კვირას კიდევ უფრო თვალნათელი გახდა, რომ მომავალ არჩევნებზე სწორედ გიორგი გახარია უნდა გახდეს „ქ/ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge