23:46 14.07.2020
15 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს

 

 

 

ყოველი წლის 15 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს განსაკუთრებულად ზეიმობენ საქართველოში და კერძოდ - ზუგდიდში, რადგან ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, ხოლო მსოფლიოს ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი (კვართი) ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაბრძანებული. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, სწორედ 15 ივლისს გამოაბრძანებენ ხოლმე ღვთისმშობლის სამოსელს მუზეუმიდან ტაძარში და ერთი დღის განმავლობაში ნებისმიერ მართლმადიდებელს შეუძლია მასთან მიახლება, თაყვანის ცემა, წყალობის თხოვნა და მადლის მიღება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი მოქსოვილია ნარმისაგან (სელისგან) და ზომით 180X150-ზე სანტიმეტრისაა. ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები თუ ზეპირი გადმოცემები სხვადასხვაგვარად გვიამბობენ ღვთისმშობლის სიწმინდეების საქართველოში დავანების ისტორიას.


გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა, მფარველობის ნიშნად, კვართი ბერძნულ ეკლესიას უანდერძა. ბიზანტიაში ლეონ დიდის ზეობისას იმპერატორის ძმები, ცნობილი სენატორები - გალვიოსი და კანდიდი წმინდა ადგილების მოსალოცად პალესტინაში გაემგზავრნენ. ისინი ნაზარეთის მახლობლად, ერთ-ერთ პატარა სოფელში, მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიქცია. კეთილმსახურმა ქალმა მათ გაუმხილა, რომ იცავდა უძვირფასეს სიწმინდეს - ღვთისმშობლის სამოსელს. თურმე, მიძინების წინ დედა ღვთისას თავისი სამოსელი ორი ქვრივისთვის უანდერძებია. ერთ-ერთმა მათგანმა წესად დაადგინა, რომ სიკვდილის მოახლოებისას სამოსლის ყოველ მფლობელს იგი რომელიმე კეთილმსახური ქალწულისთვის უნდა გადაებარებინა. ასე მოუღწევია კვართს იმ ქალამდე. 474 წელს ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსლით კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს და მოციქულების - პეტრესა და მარკოზის სახელობის ტაძარში დააბრძანეს. 469 წლის 2 ივლისს კი იგი გენადი კონსტანტინეპოლელმა ვლაქერნაში, ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად აგებულ ეკლესიაში დააბრძანა. ვლაქერნა ძველად ეწოდებოდა სტამბოლის მხარეს, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთ განაპირას მდებარეობს. ტაძარში იყო ღვთისმშობლის ხატი, რომელმაც 626 წელს განადგურებისგან დაიცვა და დაიფარა კონსტანტინეპოლი.

1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, კვართი საქართველოში ბიზანტიელ სასულიერო პირს გაუხიზნავს და იგი ხობის ეკლესიაში ლევან II დადიანის ბრძანებით დაუსვენებიათ. აფხაზთა გახშირებული შემოსევების გამო, XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავრები სიწმინდეს საკუთარ სასახლეში იცავდნენ, ხოლო განსაკუთრებულ საეკლესიო დღესასწაულებზე წმინდა კვართს ეკლესიაში აბრუნებდნენ. კიდევ ერთი ვარაუდით, კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდეები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვედრილა.


როცა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში, სამეგრელოში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. ნიკოლოზი სამეგრელოში ჩამოვიდა და 1632-1657 წლებში ხობის მონასტერში მოღვაწეობდა. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და დაუძლურებული საქართველო ვეღარ პატრონობდა ჯვრის მონასტერს, ამიტომ სრულიად დამაჯერებელია, რომ ნიკოლოზს ჯვრის მონასტერში დაცული სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, სარტყლის ნაწილი და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში ჩამოებრძანებინა. გრიგოლ დადიანმა ხატის შენახვა მიანდო სიმამრს, საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-ს. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მიისაკუთრა მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა და რუსეთში წააბრძანა. ხატის დასაბრუნებლად მთავრის ქვრივმა ნინო ბაგრატიონმა ხატი იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიართვა, რათა შემდეგ მისი კვლავ სამეგრელოში დაბრუნება ეთხოვა. იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა და ახალი პერანგით შემოსა, ასევე, განკარგულება გასცა, სამთავროში აეშენებინათ ვლაქერნის ხატის სახელობის ეკლესია და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლიოპოლისი, განსვენებული მთავრის, გრიგოლის მოსაგონებლად. ტაძრის აშენება გრიგოლ დადიანის მემკვიდრემ, მთავარმა ლევან V დადიანმა ითავა. მშენებლობა 1830 წელს დამთავრდა და მარტვილის ეკლესიაში დაბრძანებული ვლაქერნის ღვთიმშობლის ხატი ზუგდიდში გადმოაბრძანეს, ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.


1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარში მსახურება განახლდა.

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge