დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მოსკოვის «ЦСКА»: ხმაური კალათბურთის ქართველი ვარსკვლავის რუსულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით - კრიტიკოსები და მხარდამჭერები 15.07.2020 12:00

 

გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელ“-ში («Der Tagesspiegel») დაბეჭდილია სტატია სათაურით „მოსკოვის «ЦСКА»: ხმაური კალათბურთის ქართველი ვარსკვლავის რუსულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით - კრიტიკოსები და მხარდამჭერები“ (ავტორი - ლეონარდ ბრანდბეკი).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„მოსკოვის «ЦСКА» („ცეესკა“) - ეს დასახელება სპორტის სამყაროში ფართოდ არის ცნობილი. თავისი არსებობის მანძილზე ამ სპორტულმა კლუბმა მრავალი ოლიმპიური ჩემპიონი გამოზარდა - ტანმოვარჯიშეებიდან და მოფარიკავეებიდან დაწყებული, ფიგურული მოციგურავეებით დამთავრებული. რუსულ ფეხბურთში კი მოსკოვის „ცეესკა“ - ეს ხარისხის ნიშანია - ისევე როგორც ჰოკეიში. რაც შეეხება კალათბურთს, „ცეესკა“-ს კლუბი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.


მაგრამ ზოგიერთებისათვის სახელწოდება „მოსკოვის „ცეესკა“ ისეთივე რეაქციას იწვევს, როგორც ხარის წინ აფრიალებული წითელი ნაჭერი. აბა, რა - კლუბის აბრევიატურა ხომ ასე იშიფრება - „არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი“! საბჭოთა პერიოდში „ცეესკა“ წითელი არმიის სპორტულ ქვედანაყოფს წარმოადგენდა და დღემდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებული. ისეთ ქვეყანაში კი, როგორიც საქართველოა (სადაც რუსეთი უპირველესად უსაფრთხოების მუქარად აღიქმება), „ცეესკა“ დიდ სიხარულს არ იწვევს.


მსგავის რეაქციის წინაშე აღმოჩნდა თორნიკე (თოკო) შენგელია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების 28 წლის კაპიტანი, რომელიც კონტინენტის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში შედის. ევროლიგაში, ანუ ევროპის მთავარ ტურნირში, თორნიკე შენგელია სუპერვარსკვლავთა შორისაა და ბუნებრივია, სამშობლოშიც ყველას უყვარს, საყოველთაო კერპის სახით.


მაგრამ, როგორც ჩანს, დგება მომენტი, როცა სიყვარულსაც თავისი საზღვრები აქვს. მაგალითად, როცა საქართველოს ეროვნული გმირი მოსკოვის „ცეესკა“-ში სათამაშოდ გადადის.


გასულ ხუთშაბათს თორნიკე შენგელია, რომელიც ახლახან გახდა ესპანეთის ჩემპიონი  ბასკეთის კლუბის „ბასკონიის“ შემადგენლობაში, ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსული არმიის კლუბთან, რომელშიც იგი თამაშს აპირებს და შესაბამისი ჩანაწერიც გამოაქვეყნა ტვიტერში. ამის საპასუხოდ სოციალურ ქსელებში მან კოლეგებისა და მრავალრიცხოვანი ფანატებისაგან მილოცვები მიიღო, თუმცა ზოგიერთ თანამემამულეს მისი რუსულ კლუბში გადასვლა არ მოეწონა. ქართველი კალათბურთელის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა ყველაზე ცნობილმა ქართველმა ქალმაც - პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა: "ჩემ­თვის,  რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­თვის, სამ­წუ­ხა­როა და მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მოს­კო­ვის ცსკა-ში გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბითო", - დაწერა მან ფეისბუკში.


საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას - როგორც საზოგადოებრივად, ისე  პოლიტიკურად - ფეთქებადი პოტენციალი აქვს, რაც თავის დროზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმაც საკუთარ თავზე გამოსცადა: 2018 წელს, საპრეზიდენტო საარჩევნო რბოლის დროს იგი დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა რუსეთისადმი ბრალდებას 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ხუთდღიან ომთან დაკავშირებით. იმ ომის დროს რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში) შეიჭრა და დაიკავა, რითაც მათი საქართველოსაგან გამოყოფა განახორციელა. იმ პერიოდიდან აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის არმიის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული.


და როცა სალომე ზურაბიშვილმა გააცნობიერა, რომ მის არაერთგვაროვან პოზიციას შეიძლებოდა არჩევნებში გამარჯვების შანსები შეემცირებინა, მხოლოდ მაშინ შეცვალა თვალსაზრისი და გაიმარჯვა კიდეც - ცხადია, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით.


აი, ამიტომაც გამოდის დღეს საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის მიმართ განსაკუთრებული კრიტიკული განცხადებებით. ვითარება, პრინციპში, დაძაბულია: ერთი წლის წინ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა , რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ოპოზიციის თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოელი მეზობლის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობას ამჟღავნებს. შარშანდელი პროტესტების შედეგად ზოგიერთი ქართველი ცნობილი პიროვნება რუსეთის მიმართ კრიტიკული გახდა. მაგალითად, ჯაზის მომღერალმა ნინო ქათამაძემ განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტებით აღარ გამოვიდოდა.


თორნიკე შენგელიასთვის საკითხი ასე არ დგას: „მე თავს არ გავიმართლებ და კალათბურთის თამაშს გავაგრძელებ“, - თქვა მან პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ საქარტველოს ტელევიზიით გამოსვლისას, - „ჩემი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ არ შეიცვლება“. 2022 წლის ზაფხულში საქართველო - გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად - ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს და რომლის დროსაც თორნიკე შენგელიამ ეროვნულ გუნდს უნდა უხელმძღვანელოს.


საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ თორნიკე შენგელიას მხარი დაუჭირა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენადაა საჭირო იგი ეროვნული ნაკრებისათვის. სპოსრტსმენის გადაწყვეტილება დაიცვა აგრეთვე პარლამენტის სპორტული კომიტეტის ხელმძღვანელმაც. „ცეესკას“ პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა კი ხაზი გაუსვა, რომ თორნიკე შენგელიასათვის კონტრაქტის დადებაზე მოლაპარაკების დროს პირველივე დღიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მას რუსული კლუბის მხრიდან „ეროვნულ ნაკრებში თამაშის თანხმობა მიეღო“. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ახლა სპეციალური ნებართვის მიღების უფლება აქვს ეროვნული ნაკრების თამაშებში მონაწილეობისათვის მაშინაც კი, როცა გრაფიკის მიხედვით ევროლიგაში თამაში უწევს.


ორიოდე დღის წინ თორნიკე შენგელიამ მაინც საჭიროდ ჩათვალა რამდენიმე მომენტის განმარტება: მან ფეისბუკში დიდი პოსტი გამოაქვეყნა პატრიოტულ თემაზე, რომელშიც წერს,  თუ როგორ ოცნებობდა ბავშვობაში საქართველოს ჰიმნის შესრულებისას სპორტსმენთა გვერდით ყოფნაზე, როგორი ბედნიერი იქნება მაშინ, როცა თავისი კლუბის გამარჯვებისას მას ქართული დროშის აფრიალების შესაძლებლობა ექნება: „მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მქონე ადამიანი, ყველგან და ყოველთვის“, - წერს იგი. ანუ რუსული არმიის სპორტულ კლუბშიც“.


წყარო: https://www.tagesspiegel.de/sport/staatspraesidentin-kritisiert-tornike-shengelia-armeeklub-zska-moskau-wirbel-um-wechsel-georgischer-basketball-ikone/26000574.html

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ