დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ქართული კვალი“ ხაბაროვსკში?! - მითები თუ რეალობა 04.08.2020 12:04

როგორც ცნობილია, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში, მხარის გუბერნატორის სერგეი ფურგალის დაპატიმრების შემდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია ორგანიზებულ დამნაშავეობის ჯგუფებთან თანამშრომლობასა და რამდენიმე მეწარმე-ბიზნესმენის მკვლელობებში (2000-იანი წლების დასაწყისში), 12 ივლისიდან, თითქმის ყოველდღიურად, მისი მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს, ანტისამთავრობო ელფერით. მოსახლეობის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი სერგეი ფურგალი, რომელიც გუბერნატორად 2018 წელს აირჩიეს, პატიოსანი ადამიანია და იგი არაკეთილსურველთა ყალბი დასმენის შედეგად დააპატიმრეს. 

 

სერგეი ფურგალი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსახლეობა სამართლიანობის დაცვას ითხოვს და პასუხს შეკითხვაზე, თუ დანაშაული მართლაც ჩადენილია, რატომ გაახსენდათ ეს 15 წლის შემდეგ. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ პუტინის გადადგომაც მოითხოვეს.

 

ამჟამად ხაბაროვსკის მხარის ხელმძღვანელის ფუნქციებს დროებით ასრულებს მიხეილ დეგტიარევი, რომელიც ამ თანამდებობაზე 20 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დანიშნა. მანამდე იგი სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. 

 

მიხეილ დეგტიარევი ბოლო დროს აქტიურად საუბრობს რუსული და უცხოური მასობრივი ინფორმაციების საშუალებებთან, აძლევს მათ ინტერვიუებს, აკეთებს განცხადებებს და სულ უფრო ხშირად ამბობს, რომ ხაბაროვსკში მიმდინარე საპროტესტო აქციებში საქართველოდან ჩასული პირებიც მონაწილეობენ და „წყალს ამღვრევენ“. მაგალითად, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდას“ ჟურნალისტის კითხვაზე - „რამდენად მართალია, რომ თქვენთან, მომიტინგეთა შორის, საქართველოდან ჩამოსული უცნაური პირებიც დადიან?“, მიხეილ დეგტიარევი პასუხობს: „დიახ, არამარტო საქართველოდან... პროტესტს თავდაპირველად მართლაც სახალხო ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, ისეთი შეგრძნებაა, რომ ამ სახალხო აქციით ბევრი [აქაური და ჩამოსული] ვიგინდარები პარაზიტულად სარგებლობენ“.

 

მიხეილ დეგტიარევის განცხადებებმა, რასაკვირველია, რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლების ყურამდეც მიაღწია. 

ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენა-განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, რუსეთის ფედერაციაში ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს მიხეილ დეგტიარევს წერილი გაუგზავნა თხოვნით, კომენტარი გაეკეთებინა გამონათქვამისათვის „საქართველოდან ჩასულების“ შესახებ. როგორც დავით ცეცხლაძემ განაცხადა რუსეთის ოპოზიციური ტელეარხის RTVI-ის ეთერში, ჟურნალისტ სერგეი შნუროვთან საუბრისას, „მე მას წერილში ვკითხე: თქვენ ამბობთ, რომ ხაბაროვსკის მიტინგებში „საქართველოდან ჩასული პროვოკატორებიც მონაწილეობენო“. ჩვენ, რუსეთის ერთ-ერთი უძველესი დიასპორის წარმომადგენლები, შეშფოთებულნი ვართ თქვენი განცხადების გამო. გთხოვთ დააზუსტოთ - ვინ და რომელი პროვოკატორები გყავთ მხედველობაში“. 

 

წერილში ასევე ნათქვამია, რომ „რუსეთში არსებული ქართული დიასპორა გმობს ყოველგვარ პოლიტიკურ და ერთაშორის კონფლიქტებს, ხოლო ხაბაროვსკის მხარეს და მთლიანად რუსეთის ფედერაციას მშვიდობასა და აყვავებას უსურვებს“.

 

30 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაბაროვსკში დააკავეს მიტინგის მონაწილე  ჟურნალისტი, ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელიც, რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოდან არის ჩასული. იგი საპროტესტო აქციებს პირველი დღიდანვე აშუქებდა და „იუთუბ-არხის“ მეშვეობით, ვიდეომასალებს თავის ბლოგში ანთავსებდა. რუსული «РИА Новости»-ს თანახმად, ალექსი რომანოვი რუსეთის მოქალაქეა, ხაბაროვსკში ტელეჟურნალისტად მუშაობდა, რამდენიმე წლის წინ კი საქართველოში წავიდა, ახლა კი, მხარეში დაწყებული უკმაყოფილო მოსახლეობის მიტინგების ფონზე, ისევ დაბრუნდა და აქციებს არაობიექტურად აშუქებს. ხაბაროვსკის საქალაქო სასამართლოს 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ალექსი რომანოვს შვიდი დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „იმ ნებადაურთველ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის გამო, რომელმაც ხელი შეუშალა ტრანსპორტის მოძრაობას“.

 

ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ხაბაროვსკელმა ჟურნალისტმა ალექსეი რომანოვმა რუსეთი 2016 წელს დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. მან რუსეთიდან წასვლა ახსნა მთავრობის ზეწოლით, რომელსაც უკავშირებდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ინტერნეტ-არხის შექმნას. 

 

ესე იგი, რამდენად სწორია გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის განცხადება „საქართველოდან ჩასულების“ შესახებ? იქნებ სერგეი დეგტიარევს რაღაც ილუზიები აქვს რევოლუციურ გამოსვლებთან დაკავშირებით? ალბათ, მას წაუკითხავს და გაუგია 2004-2005 და მომდევნო წლებში „ქართველი ჩე გევარების“ ვოიაჟი პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებში რევოლუციური ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზების მიზნით... შეიძლება ეს ჰქონდა დეგტიარევს მხედველობაში?

 

მაგრამ საეჭვოა, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის მხარეში, თანაც ჩინეთის საზღვართან, ამ გაგანია კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა საზღვრები დახურულია, ავიამიმოსვლა შეწყვეტილია და საერთოდ, ფედერალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ათასობით კილომეტრის მოშორებით მდებარე რეგიონში „საქართველოდან ვიღაც ვიგინდარები“ ჩასულიყვნენ რევოლუციური გამოსვლების მოსაწყობად. რაც შეეხება ალექსეი რომანოვს, უკვე ითქვა, რომ იგი რუსეთის მოქალაქეა, საქართველოში დროებით იმყოფებოდა და 2019 წელს ისევ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. ასე რომ, განცხადება ქართველების მონაწილეობის თაობაზე ხაბაროვსკის საპროტესტო აქციებში გადაჭარბებულია, დროებითი გუბერნატორის ნათქვამი უფრო მითებს ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.kp.ru/daily/217163.5/4263376/

https://www.rbc.ru/rbcfreenews/5f22d4299a7947695f4ab118

https://ria.ru/20200731/1575232737.html

https://www.svoboda.org/a/30758684.html

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ