12:15 06.08.2020
მიმართულებები, რომლებიც „ციფრულ მომთაბარეებს“ მიესალმებიან

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელგრაფ“-ის («The Daily Telegraph») 5 აგვისტოს ნომერში რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მიმართულებები, რომლებიც „ციფრულ მომთაბარეებს“ მიესალმებიან“ („ციფრულ მომთაბარეებს“ ისეთ ადამიანებს უწოდებენ, რომლებიც თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად სარგებლობენ ციფრული ტელეკომუნიკაციებით და ბევრს მოგზაურობენ).


როგორც სტატიის ავტორი - ჟურნალისტი ემა ფედერსტონი აღნიშნავს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ოფისების თანამშრომლობისათვის დისტანციური მუშაობა სტანდარტად იქცა. ერთი მხრივ, მუშაობის ასეთმა რეჟიმმა ადამიანები სამსახურებში სიარულისაგან გაათავისუფლა, მაგრამ მეორე მხრივ, ჰორიზონტი შეუზღუდა. აკრძალვების შერბილების კვალობაზე ბევრს უჩნდება სურვილი ადგილი შეიცვალოს - ოფისის ნაცვლად შუა საუკუნეების კოშკების ნახვით და ქვიშის პლაჟებზე დასვენებით დატკბეს“.


პუბლიკაციაში „ციფრული მომთაბარეებისათვის“ რამდენიმე ქვეყანაა შეთავაზებული (თანმიმდევრობით) - ბერმუდა, საქართველო, ბარბადოსი და ესტონეთი.


გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელშიც საქართველოს შესახებაა საუბარი:


„მათთვის, ვინც უპირატესობას მთებს ან ისტორიულ ძეგლებს ანიჭებს, საქართველოში გატარებული დროს სასიამოვნო იქნება. თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ-არქიტექტურულ ობიექტად ითვლება მეექვსე საუკუნეში აგებული ანჩისხატის ბაზილიკა, აგრეთვე სიონის ტაძარი და ქუჩები, რომელტა გასწვრივ საოცარი ხის სახლებია ჩამწკრივებული. საქართველოში უამრავი მარშრუტია ტურისტებისთვის, რომლებიც მთებში და ხეობებში მოგზაურობას არიან მიჩვეულნი.


თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოიცავს მეტროპოლიტენს, ავტობუსებს და მიკროავტობუსებს. სარკინიგზო ხაზები ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნის ყველა დიდ ქალაქს და უამრავ დასახლებულ პუნქტს.


საქართველოში ცხოვრების ღირებულება თითქმის 57%-ით დაბალია, ვიდრე დიდი ბრიტანეთში. ასევე დაბალია ბინის ქირაც - 66%-ით. მაგალითად, ერთოთახიანი ბინის დაქირავება თბილისში დაახლოებით 278 გირვანქა სტერლინგი ღირს. ჯერ-ჯერობით დიდი ბრიტანეთიდან დაგეგმილი ავიარეისების სიაში თბილისი არ ფიგურირებს - არც აგვიტოში და არც სექტემბერში, მაგრამ ზოგადად ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 43 გირვანქა სტერლინგით იწყება“.


წყარო: https://www.telegraph.co.uk/travel/news/destinations-welcoming-digital-nomads-visas-costs-rules-bermuda-barbados-georgia-estonia/

 

/მოამზადა სიმონ კილაძემ/




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge