14:33 09.08.2020
„დღევანდელი ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია“ - საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ინფიცირებულთაგან ორი სამედიცინო პერსონალია. 

 

“დღევანდელი ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, დანარჩენი შემთხვევების წყაროები ცნობილია. დღეს 9 ახალი შემთხვევაა, აქედან ერთი არის „გაჩიანის კლასტერიდან“, სადაც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. გუშინ 700-მდე ნიმუში გამოვიკვლიეთ, დღესაც მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ ეტაპზე ერთი შემთხვევაა დადებითი. 3 შემთხვევა წინა დღეებში დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს უკავშირდება, 2 არის სამედიცინო პერსონალი და 2 იმპორტირებული შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა, ხვალ გვეცოდინება ინფიცირების წყარო“,-განაცხადა გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1000-ს შეადგენს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge