22:39 10.08.2020
მესტიაში მზად არის 18 სასტუმრო, 327 ოთახით, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება

მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოპერატიულად განახორციელა საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება. შედეგად უკვე მზად არის 18 სასტუმრო, 327 ოთახით, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული განთავსების ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს, სასტუმროს მეპატრონეების თანხმობით, საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა.ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა სასტუმროებთან მესტიის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ჯანდაცვის სტანდარტების დაკმაყოფილებისა და მეპატრონეთა თანხმობის შემთხვევაში, ასევე შეიძლება საკარანტინე სივრცეების პროგრამაში ჩაერთონ.

 

"მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორებს, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. უკვე შექმნილია ცხელი ხაზი - 144, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციის მიღებას შეძლებს, მათ შორის, როგორ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში. ასევე გრძელდება მუშაობა მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ვიზიტორებსა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge