14:34 13.08.2020
უცხოური პრესა: კორონავირუსი სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრდა

რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ს («Независимая газета») 13 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კორონავირუსი სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრდა“, რომელშიც რეგიონში არსებული ეპიდემიური სიტუაციაა მიმოხილული.


სამხრეთ კავკასიაში, კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს. ცოტა ხნის წინათ თითქოსდა ვითარება უმჯობესდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, პროცესებმა ისევ ნეგატიური ხასიათი მიიღო: სომხეთმა, რომელიც ოპტიმისტურად იყო განწყობილი, ინფიცირებულ პაციენტთა მატების გამო საგანგებო ვითარების რეჟიმი მეხუთედ გააგრძელა. აზერბაიჯანში ადრე მიღებული ზომების რაიმე შერბილება მოსალოდნელი არ არის, საქართველო კი გუშინ იძულებული გახდა სვანეთის რეგიონში მკვეთრი საკარანტინო რეჟიმი დაწესებინა, „კოვიდ-19“-ის აფეთქების გამო.


არადა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში, ყოველდღიური დასნებოვნების გრაფაში, „ნოლი“ ფიგურირებდა: ხელისუფლებამ შიდა ტურიზმი განაახლა და ყოველგვარი შემზღუდავი პირობებეის გარეშე საზღვრები გახსნა ხუთი ქვყნის საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ტურისტებისთვის. პარალელურად სამმა ავიაკომპანიამ - Air Baltic-მა, Air France-მ და Lufthansa-მ თბილისში ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო.  უკვე განიხილებოდა ლოუკოსტერების - Wizzairs-სა და Ryanair-ის დაშვების საკითხიც... ეკონომიკის მინისტრი გახარებული აცხადებდა თბილისის ქუჩებში უცხოელი ტურისტების გამოჩენაზე, რომ უცებ მოწმენდილ ცაზე მეხის გრიალივით გაისმა - სვანეთში ვირუსის ახალი ძლიერი კლასტერი დაფიქსირდაო“, - წერს გაზეთი. კიდევ ერთი კერა, მართალია, მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც - ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტშიც გაჩნდა, მესაზღვრეები და მებაჟეები დაინფიცირდნენ, საზღვარზე ვირუსით ავადმყოფ უცხოელ მძღოლებთან კონტაქტების შედეგად.


სტატიაში ნაჩვენებია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგიონული სტატისტიკური მონაცემები, 12 აგვისტოს მდგომარეობით: პანდემიის მთელ პერიოდში საქართველოში დაინფიცირდა 1278 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 17. აზერბაიჯანში დავირუსდა 33 824 მოქალაქე, დაიღუპა 497. სომხეთში ავად გახდა 40 794 ადამიანი, გარდაიცვალა 1040.


წყარო: https://www.ng.ru/cis/2020-08-12/5_7935_caucasus.html

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge